მიხეილ სააკაშვილი ბრუნდება

მიხეილ სააკაშვილი ბრუნდება

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩაბმას აპირებს. ეს უკვე გადაწყვეტილია და ექსპრეზიდენტს აზრს მამაზეციერიც ვერ შეაცვლევინებს.

გახსოვთ, ალბათ, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მისგან დასვენება შესთავაზა და დამშვიდობებისას ისიც კი განაცხადა, - მე არ დავღლილვარ თქვენით, თქვენ დაიღალეთ ჩემითო. ისიც გვახსოვს, მორიგი “ვიდეოჩვენების” დროს რომ თქვა, საქართველოზე კომენტარებს არ ვაკეთებო. მაგრამ ამ პერიოდში, სააკაშვილმა იმაზე მეტად გააძლიერა საკუთარი საერთაშორისო ავტორიტეტი, ვიდრე ქვეყნის სათავეში ყოფნის დროს ჰქონდა. 

“პრემიერის” ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, “ნაციონალების” ცენტრალურ ოფისში სულ უფრო თამამად და ღიად ამბობენ, რომ ჩატარებული არჩევნები საპარლამენტო არჩევნებში წარმატების რეპეტიცია იყო, რომელმაც სააკაშვილის დადებითი შეფასება დაიმსახურა.

“ნაციონალების” ლიდერებში არც იმას მალავენ უკვე, რომ სააკაშვილმა დაბრუნება გადაწყვიტა და “ოცნების” ხელისუფლებას სწორედ ის გამოუყვანს წირვას.

“თავის დროზე შევარდნაძეს უფრო მეტი მომხრე ჰყავდა, ვიდრე ახლა ჰყავს “ოცნებას”. 2003 წელს არ იყო თუნდაც სოციალური ქსელები, რაც საკმაოდ დიდი იარაღია საარჩევნო პერიოდში და პოლიტიკური ბრძოლის დროს. ამიტომ არჩევებამდე ერთი წლით ადრე დაიწყება პროცესები, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვებით დასრულდება”, - აცხადებს “პრემიერთან” საუბარში პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი, რომელიც ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს თავისი ვინაობის გამჟღავნებას.

ცნობილი ხდება, რომ სააკაშვილი საქართველოში სწორედ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე დაბრუნდება. მანამ კი ის შეეცდება, უკრაინაში იმდენად პოზიტიურად წარმოჩნდეს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მის მიმართ სიმპათიები ღიად გამოხატოს.

სააკაშვილის დაბრუნებას “ნაციონალებისთვის” როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური შედეგები უნდა მოჰყვეს. უკვე ცნობილია “ბექმენეჯერების” ჯგუფი, რომელიც შავ სამუშაოს შეასრულებს და საჯაროდ არც კი გამოჩნდება. თუმცა სწორედ ისინი ასრულებენ დღესაც საკმაოდ დიდ როლს “ნაციონალური მოძრაობის” რეანიმირებაში. ამ ჯგუფში ზოგიერთი თავის დროზე ოდიოზური, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩრდილში გადასული პერსონაა. ჯგუფი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არ აქტიურობს, საკუთარი საქმეებით არის დაკავებული, მაგრამ ისინი ბრძოლისთვის ემზადებიან და სწორედ მათ მხრებზე უნდა გადაიაროს თითქმის ყველაფერმა - “ნაცმოძრაობას” ჩამოშორებული, მაგრამ მისადმი ლოიალურად განწყობილი წევრების “საკუთარ გუნდში” შენარჩუნებიდან დაწყებული, ფინანსური ნაკადების განაწილებით დასრულებული. ამ სახეებს ყველა კარგად იცნობს და დიდი ტვინის ღრძობა არ სჭირდება მათ გამოცნობას. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლებას მათ წინააღმდეგ ხელმოსაჭიდი არაფერი აქვს და რომც ჰქონდეს ან იპოვოს, ანდაც “შექმნას”, ამით “ნაცმოძრაობის” “ბექმენეჯერთა” გუნდს ვერ დაშლის. მიზეზი? იმიტომ რომ ისინი რამდენიმე ათეული არიან და რაც მთავარია, მათ აქვთ საკმაოდ კარგი თვისება, თუ ერთს გაუჭირდა, სხვები ეხმარებიან არა მხოლოდ მის ოჯახს, არამედ ახლობლებსაც კი. ეს ის თვისებაა, რომლის ჩანასახიც კი არ არსებობს ხელისუფლებაში და როცა ამის აუცილებლობას მიხვდებიან სახელმწიფოს დღევანდელი ლიდერები, იმ დროსთვის ისინი უკვე ზოგი დამსახურებულ და ზოგიც დაუმსახურებელ პენსიაზე იქნებიან გასტუმრებულნი.

ლიდერები - როგორც “პრემიერის” წყარო აცხადებს, ამ ერთი წლის განმავლობაში “ნაცმოძრაობის” ლიდერებში გარკვეული გადაჯგუფება მოხდება. იმის მიუხედავად, რომ ბევრმა “ფეისმა” იბრძოლა თვითმმართველობის არჩევნების დროს, ზოგიერთმა მათგანმა მნიშვნელოვნად გადაამლაშა და მათ მეორე პლანზე მოუწევთ გადანაცვლება.

“დაბრუნებული” სააკაშვილის დასაყრდენი კვლავ ზურაბ ადეიშვილი და “რეფორმატორები” გახდებიან, ანუ ისინი, ვინც მიშას ახლა უკრაინაში ჰყავს: ვაშაძე-საყვარელიძის გუნდი, “ძველი გვარდიის” ყველაზე ჭკვიან პერსონასთან ერთად, სამომავლოდ დაფნის გვირგვინებისთვის ემზადება. 

ფინანსები - საპარლამენტო არჩევნებისთვის სააკაშვილს აუცილებლად დასჭირდება შავი ფული, დაახლოებით 500 მილიონის ფარგლებში. ეს არ არის დიდი თანხა, თუმცა ეს ის თანხაა, რომელიც აუცილებლად გადაწონის ივანიშვილის თუნდაც 2 მილიარდს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ივანიშვილი არჩევნებზე საკუთარ ფულს არ დახარჯავს, თუ უკან დაბრუნების გარანტია არ ექნება. ასე მოხდა ამ არჩევნებზეც, ივანიშვილის მიერ პარტიისთვის “ნასესხები” თანხა მან სხვადასხვა ფორმით დაიბრუნა უკან. დანაკარგი კი მინიმალური აღმოჩნდა, მხოლოდ ბიუჯეტისთვის გადასახდელი თანხა, ერთობლიობაში დახარჯულის 40%-ის ფარგლებში. შესაბამისად, თუ ივანიშვილმა ამ არჩევნებში 100 მილიონამდე ჩადო, სხვადასხვა გზებით, მინიმუმ 50 და მაქსიმუმ 60 მილიონი უკან დაიბრუნა.

ხელისუფლების “აზერბაიჯანული” კაზუსით თუ ვიმსჯელებთ, მათთვის ამ ეტაპზე გაუგებარი ხდება, საიდან მოაქვს “ნაცმოძრაობას” შავი ფული, რომელიც მას აუცილებლად დასჭირდებოდა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პარტიას და, რა თქმა უნდა, “ქართულ ოცნებასაც”. უგულავას ქვისლის დაკავების რეალური მიზეზი ნამდვილად არ არის “ნაცებისთვის” ფინანსური პრობლემის შექმნა. აქ მთავარი საკითხი უგულავაა და თუ ხელისუფლებას მისი დაკავების შანსი მიეცემა, ისინი ამისთვის ბარსელონის მთავარეპისკოპოსსაც კი დაიჭერენ. სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებისას ფინანსური ნაკადის მართვის უკვე აპრობირებულ გზას კიდევ უფრო გააფართოებს, რაც მას სულაც არ შეუშლის ხელს, ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოიტანოს ნახევარი მილიარდი დოლარი. ისიც ფაქტია რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ამ სახსრებს უფრო ეფექტურად დახარჯავს, ვიდრე “ოცნება” - ივანიშვილის თუნდაც 2 მილიარდს. ამას საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ადასტურებს, სადაც “ოცნება” სხვა კონკურენტებთან შედარებით მნიშვნელოვან ფინანსურ ფორას ფლობდა, მაგრამ შედეგი დახარჯული თანხის ადეკვატური არ გამოდგა.

მოკლედ, სააკაშვილი ბრუნდება. გადაწყვეტილება მიღებულია და ამის მიზეზი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიცაა, სადაც “ნაცმოძრაობამ” დაამტკიცა, რომ ის ბრძოლისუნარიანი და ამავე დროს “ნაგლი” პოლიტიკური ძალაა. ექსპრეზიდენტის დაბრუნების სავარაუდო დროც ცნობილია - ის საქართველოში, სულ რაღაც, ერთ წელიწადში ჩამოვა. მოკლედ, წინ საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური პერიპეტიები გველის.

ერთადერთი კითხვა რასაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას არ უსვამს, არის - დაისვენეთ ჩემგან? თუმცა ცხადია, რომ თავად მან ვერ დაისვენა საქართველოს გარეშე.