მთავრობა კათოლიკოს–პატრიარქის მოწოდებას გაითვალისწინებს და რამდენიმე დღეში უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე მიწის გასხვისების თაობაზე იმსჯელებს. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიჩნევს, რომ მიწა, წყაროს წყლები, მდინარეები და საბადოები არ უნდა გასხვისდეს. საკვირაო ქადაგებისას პატრიარქმა ამ რესურსის უცხოელთა ხელში გადასვლის საკითხზე ისაუბრა და ხელისუფლებას მიმართა, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდონ.
„მახსოვს, ჩემი ერთ-ერთი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნიუ იორკში თუ ვაშინგტონში ჩვენ ერთი ადგილი ვნახეთ, რომელიც იყო შეღობილი მავთულებით და იქ უზარმაზარ სახლებს შორის იყო გაშენებული პატარა ბოსტანი. როცა ვიკითხეთ, თუ რას ნიშნავდა შუა ქალაქში ბოსტანი, მათ გვიპასუხეს, რომ ეს არის კერძო საკუთრება, კერძო ადამიანი არ ყიდის მას და ასე აღმოჩნდა სახლებს შორის ბოსტანი.
ეს მაგალითი მოვიყვანე იმისთვის, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვა მართლაც არ შეიძლება, რომლის გასხვისება არ შეიძლება. ეს არის ქართული მიწა, წყალი, წყაროს წყალი, მდინარე, საბადოები. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რთულ დროს, როცა შეიძლება ეს ფასეულობა, რომლითაც არსებობს ქართველი ადამიანი, მთლიანად დავკარგოთ იმიტომ, რომ სხვებს გააჩნია ბევრი საშუალება, ფული, რათა ეს ყველაფერი იყიდონ. იყიდიან უცხო ხალხი, უცხო ქვეყნები და შეიძლება საქართველო დარჩეს სრულიად ცარიელი. ამიტომ დიდი დაფიქრება გვჭირდება ჩვენ. უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ჩვენს მომავალზე, შთამომავლობაზე.
ღმერთმა ინებოს, რომ გაგვიხსნას გონება და გავიგოთ რა არის აუცილებელი ჩვენთვის, რა არის ნამდვილი ფასეულობა“, - ბრძანა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ პატრიარქის მოწოდებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მისი სულისკვეთებით მთავრობა ყოველთვის ხელმძღვანელობს. იგი მთლიანად იზიარებს პატრიარქის მოწოდებას მიწის პრივატიზაციასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი მიწის კოდექსზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იქნება განხილული, რომელიც 5 ივლისს გაიმართება.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი კი განმარტავს იმ მიზეზებს თუ რატომ აიკრძალა უცხოელებზე მიწის გასხვისება და რა არის საქართველოსთვის მისაღები ვარიანტი. მისი თქმით, შეზღუდვა მოხდა იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ბოლომდე ვერ ჩაატარა მიწის კადასტრი. ჯერ კიდევ არავინ იცის, რეალურად ვინ რა მიწას ფლობს, რა რაოდენობის მიწა აქვს სახელმწიფოს ან კერძო სექტორს. წლების განმავლობაშიც და ახლაც ეს საკითხი მთლიანად ბურუსითაა მოცული. ამიტომ იუსტიციის სამინისტროს და მთავრობას მიეცა გარკვეული ვადა.
„არსებობს ორი რადიკალური პირობა, - ერთი, რომ სრულად შევზღუდოთ უცხოელებზე მიწის გაცემა და მეორე, სრულად გავასხვისოთ. მიმაჩნია, რომ ორივე არასწორია. პარლამენტშიც ბევრი მომხრე იქნება იმისა, რომ აღდგეს ის ნორმები, რომელიც 15 წლის წინ მიიღო საკანონმდებლო ორგანომ. მაშინ საუბარი იყო იმაზე, რომ უცხოეთის მოქალაქე ფიზიკურ პირებს არ ჰქონდათ მიწის ფლობის უფლება. ეს ნორმა ევროპის და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია, მაგრამ თუ არსებობს იურიდიული პირი, მაშინ მას უნდა ჰქონდეს საშუალება ფლობდეს მიწას, რადგან ინვესტიციის დაბანდება ქვეყანაში, ხშირად არის პირდაპირი მნიშვნელობით დაკავშირებული მიწის საკუთრებასთან. ამიტომ შუალედური ვარიანტი ყველაზე უფრო მეტად მისაღები იქნება საქართველოსთვის“, - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.