21 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ოჩამჩირის რაიონის სოფელი ტამიში და მისი მომიჯნავე სოფლები სისხლისმღვრელი ბრძოლების მომსწრე გახდა. ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ქართველი სამხედროები წინააღმდეგობას უწევდნენ ზღვიდან გადმოსხმულ, რუსეთის მიერ მართულ დესანტს. ეგულებათ თუ არა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საფლავები ტამიშის ტერიტორიაზე და შესაძლებელი იქნება თუ არა მათი გადმოსვენება?
დუშეთის ბატალიონმა, ”მხედრიონმა”, ”ავაზამ”, შავნაბადის ბატალიონმა თუ ზვიად გამსახურდიას მომხრე ეროვნულმა გვარდიამ, რომელიც ტამიშის დესანტის მოსაგერიებლად სამთავრობო შენაერთებთან ერთად იბრძოდა, 10-მდე უმძიმესი, სისხლისმღვრელი დღე გადაიტანა. ყველაფერი 2 ივლისს დაიწყო. მაშინ ქართველი სამხედროები გმირობის მაგალითს იძლეოდნენ და საბოლოოდ გაანადგურეს კიდეც ძირითადად რუსებით, ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულებითა და აფხაზი მებრძოლებით დაკომპლექტებული ძლიერი და კარგად მომზადებული დესანტი. ამ ბრძოლაში შავნაბადის ბატალიონის ერთ-ერთ განშტოებას - ”პირველი საარმიო კორპუსის დაზვერვის ცალკეულ ბატალიონს” - იმხანად 25 წლის გიორგი თავდგირიძე ხელმძღვანელობდა და თავადაც იყო ჩართული ბრძოლაში, სადაც მოწინააღმდეგეებს სამი ტანკიც აუფეთქეს და საგრძნობი დანაკარგიც აგემეს. თუმცა, როგორც თავად თავდგირიძე აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ტამიშის ბრძოლების მნიშვნელოვანი გამარჯვება ქართულმა მხარემ სათავისოდ ვეღარ გამოიყენა. სახელდება ძირითადი მიზეზიც:
”მთავარი პრობლემა იყო ის, რომ შეიარაღებული ძალების უკან არ იდგა სახელმწიფო და სახელმწიფო პოლიტიკა - არ ხდებოდა შევსება დანაკარგების. თითქმის ერთწლიანი ბრძოლების შემდეგ, ქვედანაყოფები იცლებოდა სისხლისგან და შევსებას ვერ იღებდნენ. აქედან გამომდინარე, თავდაცვით ბრძოლებში მიღწეული წარმატება ვერ ტრანსფორმირდებოდა გარკვეულ ოპერატიულ წარმატებაში”.
”28 ივლისს, ასეთი უპირატესობის ფონზე, ხელი მოაწერეს კაბალურ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის - მათ შორის საარტილერიო ტექნიკის - გადატანას, პირობითად, ფრონტის იმ ხაზიდან 10-15 კმ-ის დაშორებით. არადა, არტილერია იყო შეიარაღებული ძალების მთავარი კოზირი, რითაც ქართული არმია აღწევდა უპირატესობას. საქართველოს ხელისუფლება მესამედ ენდო რუსეთის შუამავლობით დადებულ შეთანხმებას და გულმოდგინედ შეასრულა შეთანხმების პირობები: არათუ 15 კმ-ით გადაიტანეს, არამედ სადღაც ფოთთან გადმოიტანეს საარტილერიო დანადგარები და ჩახსნეს ე.წ. ნემსები, რითაც ხდება მექანიზმის მოყვანა საბრძოლო მდგომარეობაში. და უკვე სექტემბერში, როდესაც სოხუმის დამცველებს დასჭირდათ ტექნიკა, დანადგარების გადატანა თითქმის უკვე ვეღარ მოხერხდა”.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მოქმედებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძიებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის განყოფილება, რომელიც, შეიძლება ითქვას, ამავე სახელწოდების სახელმწიფო კომისიის სამართალმემკვიდრედ მიიჩნევა. განყოფილების წარმომადგენელი ვლადიმერ დობორჯგინიძე, რომელიც პირველი დღიდან არის ჩართული უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესში და რომელმაც თავადაც 24 წლის ვაჟი დაკარგა სოხუმში, იმედოვნებს, რომ ბაბუშერის აეროპორტის ტერიტორიაზე დაღუპულთა ცხედრების ამოცნობის შემდეგ, რომლებსაც დნმ-ის გამოკვლევა უტარდებათ, პროცესი სხვა ტერიტორიებზეც გადაინაცვლებს და ტამიშის ჯერიც მოვა:
”ჩვენ გვაქვს 30 სამარხი - ჯგუფური და არამარტო ერთეული - მათ შორის არის: ქეთევანა, კოჩარა, მაჭარკა, სოხუმის სხვადასხვა რაიონი, იარშტუღა თუ ტამიში. ტამიშში ვინც დაიღუპა, გადმოასვენეს, რა თქმა უნდა, ბევრი, მაგრამ თუ კიდევ ვინმე დაკარგულია ან გადმოსვენებულთა შორის კიდევ ვინმე იქნება უცნობი, დნმ-ის საშუალებით დასადგენად „წითელი ჯვარი“ ყველაფერს გააკეთებს”.
ვლადიმერ დობორჯგინიძის ინფორმაციით, ბაბუშერის სამარხის შემდეგ სოხუმის მინისტრთა საბჭოს შენობის შტურმის დროს დაღუპულთა სამარხი გაიხსნება. კოლექტიურ სამარხში ექსპერტებს 47 ქართველი ეგულებათ.