წელს სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას გააგრძელებს, ოღონდ მოკრძალებულად. ამჯერად მხოლოდ „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ შესყიდვა დაფინანსდება. სავარაუდოდ, თანხაც შემცირდება, რასაც ღვინის ეროვნულ სააგენტოში წარმოების გაზრდას უკავშირებენ და ყურძენზე მაღალი მოთხოვნის მოლოდინით ხსნიან.
ამ ეტაპზე სუბსიდიის მოცულობა ზუსტდება. შარშან კი დაფინანსების მთლიანმა თანხამ 30 მლნ ლარს გადააჭარბა. აქედან, 25 მილიონი თეთრ ყურძენზე (1 კგ - 40 თეთრი), 6 მლნ-ზე მეტი კი წითელ ყურძენზე მოდიოდა, რაც წელს აღარ არის გათვალისწინებული.
ღვინის სააგენტოში აცხადებენ, რომ საფერავის, ალექსანდროულის, მუჯურეთულისა და ცოლიკოურის ჯიშის ყურძენზე მოთხოვნა ყოველთვის ისედაც მაღალია, შესაბამისად, სუბსიდირების საჭიროება არ არის. ყურძნის მოსავალთან დაკავშირებითაც ოპტიმისტურადაა განწყობილი სოფლის მერნეობის სამინისტრო.
„მოლოდონი საკმაოდ კარგი გვაქვს. წინასწარი მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით 20%-ით მეტ მოსავალს ველოდებით. სასიამოვნოა, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილია ღვინის ექსპორტიც. მოთხოვნა უკვე გაიზარდა თეთრ ყურძენზე. რაც შეეხება წითელ ყურძენზე მოთხოვნას, სავარაუდოდ ის 2-ჯერ მეტია, ვიდრე მოსავალი.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ რთველს კარგად ჩავატარებთ. ჩვენი მიდგომაა, რომ ამ პროცესში ძირითადი მოთამაშე იყოს კერძო სექტორი და არა სახელმწიფო. უნდა შევქმნათ გარემო პროცესის სწორად წარმართვისათვის. მევენახეებისთვის იქნება რთველის ისეთი პირობები, რაც მათ სტიმულს მისცემს დამატებით ფართობებზე ვენახები გააშენონ“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ.
მისი ინფორმაციით, შარშანდელი რთველის მსგავსად, წელსაც გამოყოფილი იქნება საკრედიტო რესურსი და ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ შეღავათიანი სესხებით. წინასწარი ინფორმაციით, სუბსიდირების სისტემაც შენარჩუნდება.
რთველის საკოორდინაციო შტაბი ამჯერადაც გურჯაანის რაიონში განთავსება. იგი 20 აგვისტოდან ოფიციალურად გაიხსნება.
„შტაბის ამოქმედების შემდეგ ნებისმიერ საკითხზე უფრო ინტენსიური კომუნიკაცია გვექნება. ყველა საწარმოში იმუშავებს ჩვენი ოპერატორი და ჩაბარებული ყურძნის აღრიცხვა კომპიტერული პროგრამით მოხდება. მეწარმეებს შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ. 2014 წლის რთველი ხარისხზე ორიენტირებული იქნება“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
სააგენტო ღვინის ფალსიფიცირების თავიდან ასაცილებლად, ყურძნის დაწურვის შედეგად მიღებული მასის გაყიდვაზე კონტროლს დააწესებს.
„ჩვენ წელს პირველად გავაკონტროლებთ, რომ საწარმოდან კერძო პირებზე ჭაჭის გაყიდვა აღარ მოხდეს. ეს არის წყარო ფალსიფიცირებული ღვინისა, რომელიც, ძირითადად, ჩამოსასხმელი სახით ადგილობრივ ბაზრებზე ხვდება და არა ეტიკეტირებულ ბოთლებში, რადგან ყველა შეფუთვა კონტროლდება“, - განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ რთველის საორგანიზაციო შტაბის მონიტორები რთველში რეგისტრირებულ საწარმოებში სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებენ.
რაც შეეხება საოჯახო მეურნეობებს, დავითაშვილი აღიარებს, რომ ამ შემთხვევაში ჭაჭის გამოყენებაზე კონტროლის დაწესება სახელმწიფოს არ შეუძლია.