აკმაყოფილებს თუ არა ქართული წარმოება ევროპულ სტანდარტებს და რა შედეგი შეიძლება ამით მიიღოს ქვეყანამ მოკლე პერიოდში? მეწარმეები უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, ვიდრე ექსპერტები. საუკეთესო ვადად 2-3 წელი სახელდება, შეიძლება ცოტა უფრო მეტიც.
ევროპასთან ეკონომიკურ ასოცირებაზე ილიას უნივერსიტეტმა კვლევა ჩაატარა: კომპანიების 55% მიიჩნევს, რომ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. მეწარმეების უმრავლესობა ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ ინვესტიციების გააქტიურებას და დანახარჯების ზრდას ელოდება, სახელმწიფოს მხრიდან კი დაფინანსების მოძიებაში მხარდაჭერის მოლოდინი აქვთ.
გამოკითხა საქართველოში მოქმედი 44 სხვადასხვა პროფილის კომპანია, მათ შორის, მცირე (38%) და მსხვილი კომპანიები (62%). სექტორების მიხედვით პროცენტული მაჩვენებლები ასეთია:
1. უალკოჰოლო სასმელები - 23%; 2. კვების პროდუქტები (თაფლი,კონსერვები) - 25%; 3. ალკოჰოლური სასმელები - 17%; 4. პირველადი ფერმერული მეურნეობები (ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული,მწვანილი) - 10%; 5. ენერგეტიკული კომპანიები - 4%; 6. მძიმეინდუსტრია - 4%; 7. მსუბუქი მრეწველობა - 9%; 8. ფარმაცევტულიკომპანიები - 9%.
კომპანიების 55% მიიჩნევს, რომ აკმაყოფილებენ ევროკავშირის მოთხოვნებს და მზად არიან ევროკავშირის ბაზარზე აქტიურად შესვლისთვის. 45% კი აღიარებს, რომ მათ ევროსტანდარტების დაკმაყოფილებამდე გარკვეული ცვლილებები და ახალი სტანდარტების დანერგვა, გადაიარაღება სჭირდებათ.
რაც შეეხება მოლოდინს. გამოკითხული კომპანიების 28%-ს ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მხოლოდ სარგებლის მიღების მოლოდინი აქვს, კომპანიების 45% უფრო ზომიერია შეფასებაში და მიიჩნევს, რომ უფრო მეტი სარგებელი იქნება, ვიდრე დანაკარგი, 21%-ის აზრით, დანაკარგი უფრო მეტი იქნება, მხოლოდ 6% უყურებს სკეპტიკურად და ფიქრობს, რომ ცალსახად დანაკარგებთან გვექნება საქმე.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მეწარმეების უმრავლესობა ელოდება ინვესტიციებისა და რეალიზაციის ზრდას, ასევე კონკურენციის გაძლიერებას ადგილობრივ ბაზარზე.
კვლევიდან აშკარად ჩანს, რომ მეწარმეები აშკარად ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, თუმცა რეალობა სურვლის ბოლომდე არ ემთხვევა. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე ამბობს, რომ ევროპის ბაზარზე გასავლელად მზად პროდუქციის მხოლოდ 20%-ია.
„ყველაზე მეტად ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესი არის ის, რომ ქართულ ბიზნესს, კონკრეტულად ქართულ კომპანიებს მიეცეთ საშუალება დაიწყონ აქტიური ბიზნეს მოღვაწეობა ევროპულ ქვეყნებში. ჩემი ორგანიზაციის ერთ-ერთი ფუნქციაა შეისწავლოს, თეორიული მასალა ქონდეს, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ქართული ბიზნესი. ბევრი კომპანია უკვე ოპერირებს ევროპის ბაზარზე და საკმაოდ წარმატებულად, მაგრამ რეალურად, მე მაინც ვიტყოდი, რომ 20 პროცენტია მზად და დანარჩენს კიდევ სჭირდება ხანგრძლივი პერიოდი, რომ ევროპულ ბაზარზე მოხვდნენ. ევროპაში ხარისხია ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი და ეს ხარისხი ჩვენმა კომპანიებმა უნდა დახვეწონ.
ქართული პროდუქციის კონკურენტულობაზე როცა ვსაუბრობთ, ეს საკმაოდ რთული იქნება. უნდა ვთქვათ, რომ სირთულეები გვექნება. ერთ წელიწადში ჩვენ ვერ შევძლებთ ევროპულ ბაზარზე ფართო მასშტაბით გასვლას. შეიძლება დაგვჭირდეს 2-3 წელიწადი, შეიძლება დაგვჭირდეს ცოტა მეტიც. კარგი ის არის, რომ ის კომპანიები, რომლებიც უკვე ოპერირებენ, მათ გაცილებით მეტი ინტენსიობით შეეძლებათ ამ ბიზნეს კონტაქტების განვითარება“, - აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.
შპს „აგროტეკის“ დამფუძნებელი ირაკლი ნადარეიშვილი კი ამბობს, რომ პირველ რიგში, საჭიროა ევროპული სტანდარტების, ტექნოლოგიების დანერგვა, რითიც იწარმოება იქ პროდუქცია.
„ხვალიდან ასპროცენტიან წარმატებას ვერცერთი სფერო ვერ მიიღებს. სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც ყველაზე მეტი ძალისხმევა, ყველაზე მეტი შრომა დაჭირდება. ჩვენ უნდა ველოდოთ გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგებს და არა მოკლევადიან პერსპექტივაში გამოწვევებს. უნდა იყოს დაფინანსება აქტიური სახელმწიფოდან ამ სფეროში, რომ დავიწყოთ განვითარება, ქართული ბაზარი გვაქვს ჯერ ასათვისებელი“, - ამბობს ირაკლი ნადარეიშვილი.