უგულავას მზაკვრული გეგმა, რომელიც

უგულავას მზაკვრული გეგმა, რომელიც "ოცნებას" დაშოკავს

თბილისის მერყოფილი გიგი უგულავა დაკითხვაზე ისევ დაიბარეს. როგორც სოციალურ ქსელ Facebook-ზე თავად უგულავამ დაწერა, საგამოძიებო უწყებაში 30 ივნისს ანუ დღეს უნდა გამოცხადდეს, მაგრამ თუ აქამდე პროკურორები არ მიდიოდნენ გიგის სასამართლოზე, ახლა "შატალოზე" წასვლას ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ტვინი აპირებს.

"... დაკითხვაზე დამიბარეს. ეს არაფერი! ამას უკვე შევეჩვიე (თემაც კი არ ვიცი და დიდად არც მაინტერესებს). საქმე იმაშია, რომ მე საქმიანი მივლინებით მივემგზავრები ბრიტანეთში (ვხვდები ლორდ ჰარისს), უკრაინაში - კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს და მოლდოვაში, სადაც ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის მონიტორინგის სხდომაში მივიღებ მონაწილეობას (მე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ). მოხსენება ეხება 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებს. საქართველოში ვბრუნდები 5 ივლისს, 05:00 საათზე. ხოდა, ამ ღრძო ღარიბაშვილს და მის მთავარ იხტიოლოგ ივანიშვილს მინდა ვუთხრა: რამდენი მილიარდიც არ უნდა იშოვო და რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოთ, თქვენგან არც სალამური გამოითლება და არც კაცი დადგება.

P.S. და თუ რომელიმე თქვენთაგანს ერთი წამით ჰგონია, რომ მე წავალ და არ დავბრუნდები მაშინ... (იდიომატური გამოთქმებით საზოგადოებას არ გადავტვირთავ). და კიდევ ერთი, რა გაგიჭირდათ ასეთი, რომ საკუთარ მორატორიუმს არღვევთ?! ეხ, ნარმანია, ნარმანია", - წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

უგულავა მართალია, როცა ამბობს, რომ ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, იმ სცენარში, რომელიც თურმე, აეროპორტის გზაზე მუშავდება და რომლის შესახებაც "ვერსიას" კონფიდენციალური წყარო უყვება, გაქცევა ნამდვილად არ ჯდება. ანდა, რა დროს გაქცევაა, როცა, წყაროს მონაცემებით, ნაციონალები დიდი ალიაქოთისთვის ემზადებიან.

სხვათა შორის, წყარო იმასაც მიანიშნებს, რომ ამჯერად მიშას პოლიტიკურ და-ძმებს ალიაქოთის მოსაწყობად იმაზე მეტი სამართლებრივი ბერკეტი ექნებათ, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია.

მოკლედ, რაშია საქმე? რაშია, ბატონო და - დრომოჭმული "ვარდოსნების" პროტესტის მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, შეიძლება, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური გახდეს.

"ნაცებს იმის ილუზია ნამდვილად არ აქვთ, რომ ნიკა მელია მეორე ტურში დავით ნარმანიას ბეჭებზე დადებს, მაგრამ ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ: საქმე შეიძლება იქამდე მივიდეს, დასავლეთმა და, საერთოდ, ცივილიზებულმა მსოფლიომ არჩევნების მეორე ტურის შედეგები არალეგიტიმურად მიიჩნიოს და ამის ნიშნები უკვე არსებობს. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, უგულავამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც მიანიშნა, რომ ცესკო მეორე ტურის დანიშვნის ვადებს არღვევს. მართალია, უგულავას ბრალდებას მთავარმა საარჩევნო უწყებამ მაშინვე უპასუხა და განმარტა, რომ მეორე ტური მხოლოდ არჩევნების საბოლოო შედეგის გამოქვეყნების შემდეგ ინიშნება, მაგრამ ახლა ლაპარაკი საპარლამენტო კი არა, ადგილობრივ თვითმმართველობაზეა. საარჩევნო კოდექსი კი, როგორც ვიცი, ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურს სხვანაირად არეგულირებს", - ამბობს "ვერსიის" წყარო. 

ამასთან, როგორც "ვერსიას" კულუარებში უთხრეს, ნაციონალები დაახლოებით იმ გზას აირჩევენ, ათეული წლის წინ, პარლამენტში, ნინო ბურჯანაძის სპიკერად არჩევისას რომ გამოიყენეს ანუ წმინდა "პროცედურულ ომს" გამართავენ, რაც "ოცნებას", მინიმუმ, დააბნევს.

"რომ გითხრათ, "ოცნებაში" არჩევნების დიდი მცოდნეები არიან-მეთქი, მოგატყუებთ. ეს ტექნოლოგიები მხოლოდ რესპუბლიკელებმა იციან - მაგალითად, თინა ხიდაშელი, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, საარჩევნო კოდექსში ისეთ ლაფსუსებს აღმოაჩენს, მთელი საარჩევნო პროცესი, 

შეიძლება, თავდაყირა დააყენოს, მაგრამ როგორც ვიცი, ნაციონალების პროვოკაციული გეგმა "ოცნების" ამ ფრთისთვისაც მისაღებია ანუ მეორე ტურის არალეგიტიმურად გამოცხადების შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობა მთავარი ოპოზიციური ძალის იმიჯს გაიმყარებს, რაც დასავლეთის მოთხოვნაა. ისე არ გაიგოთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ნაციონალებს მფარველობენ და "ცოცხების კადრები" აღარ ახსოვთ, უბრალოდ, ბევრი მცდელობის მიუხედავად, დასავლეთმა საქართველოში ისეთი ძალა ვერ მოძებნა, რომელიც ოპოზიციაში იქნება და თან დასავლური ღირებულებები ექნება. ქვეყნის განვითარებისთვის კი, მით უმეტეს, ამ ეტაპზე, როცა ევროკაშვირთან ასოცირების ხელშეკრულება ხელმოწერილია, დასავლური ორიენტაციის ოპოზიცია აუცილებელია", - ამბობს "ვერსიის" წყარო.

რა მოხდება, თუ ყველაფერი უგულავას სცენარით წავა და საერთაშორისო ორგანიზაციები მეორე ტურის შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ? ასეთ შემთხვევაში, თბილისს მერი, მინიმუმ, რამდენიმე თვე აღარ ეყოლება. მაშინ კი, თუ ხელახალი არჩევნები დაინიშნა, "ოცნება" მერობის კანდიდატად, ცხადია, ნარმანიას აღარ დაასახელებს და შეეცდება, ასპარეზზე ისეთი პერსონა გამოიყვანოს, რომელიც პოლიტიკურ ინტერესებში გაქექილი იქნება, ამასთან, მჭერმეტყველიც იქნება და ხალხის მონუსხვას შეძლებს.

ამასობაში, როგორც "ვერსიას" კულუარებში ეუბნებიან, არც ისაა გამორიცხული, ალასანიას ფრთამ, რესპუბლიკელებთან ერთად, ხელისუფლების შეცდომებზე საუბარი ხმამაღლა დაიწყოს.

"გამორიცხული არ არის, დასავლური ოპოზიცია "ოცნების" წიაღშივე იშვას. მართალია, ბიძინა ივანიშვილი, გარეგნულად "ოცნების" მუშაობაში არ ერევა, მაგრამ ვინ, ვინ და, სწორედ მან იცის, რომ, თუ ქვეყანაში დასავლური იდეები მოკვდა და, რბილად რომ ვთქვათ, ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი პოლიტიკური ძალები გააქტიურდნენ, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს "ბანანის რესპუბლიკის" იმიჯი გარანტირებული ექნება, ამიტომ რადარიდან ნაციონალების გაქრობაზე ლაპარაკი უფრო "სახალხო ტერმინია", სინამდვილეში კი, პოლიტიკურ კულუარებში დიდი თამაშები მიმდინარეობს", - ამბობს წყარო.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესახებაც პოლიტიკურ წრეებში დიდი ხანია, ლაპარაკობენ, დაჭერების ახალი ტალღაა. სხვადასხვა მონაცემებით, ბრალი შეიძლება, დავით კეზერაშვილს დაუმძიმდეს, თუმცა ილუზია, რომ ვთქვათ, სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, არ უნდა გვქონდეს ანუ სააკაშვილზე, როგორც უამრავ დანაშაულში ეჭვმიტანილზე ლაპარაკი დაუსრულებლად გაგრძელდება, მაგრამ, როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, მიშას გისოსებსმიღმა ნახვა არც ამერიკელებს უნდათ და, მით უმეტეს, არც რუსებს, რადგან სააკაშვილი უმართავია, გამორიცხული არ არის, დაპატიმრების შემთხვევაში, პირი მოაღოს და ისეთი რამეები ილაპარაკოს, რაც თეთრ სახლს კი არა, უფრო კრემლს დააზარალებს.

ასე რომ, არჩევნების მეორე ტური ქართულ პოლიტიკაში, შესალძოა, ახალი ერის დასაწყისად იქცეს.

P.S. 29 ივნისს, საღამოს ცნობილი გახდება, რომ გიგი უგულავა დაკითხვა ზეგ გამოცხადდება.