რა ელოდება ქართულ პროდუქციას რუსეთში ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. რუსეთი საკუთარი ბაზრის დაცვას აპირებს. რისგან და ვისგან აპირებს მოსკოვი თავდაცვას, ცოტა ძნელი გამოსაცნობია, მაგრამ ქართველი მეწარმეები, ყოველი შემთხვევისთვის ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების გაფორმება ამ ქვეყნების სუვერენული უფლებაა, თუმცაღა ხაზს უსვამს, რომ რუსეთი თავის ბაზარს დაიცავს ბრიუსელში გაფორმებული ხელშეკრულებების ნეგატიური შედეგებისგან.
„პრეზიდენტმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება დოკუმენტების ძალაში შესვლაზე, მათ რატიფიცირებასა და რეალიზაციაზე. საქმე არა დოკუმენტებში, არამედ საბაზრო გავლენაშია. ნეგატიური გავლენის შემთხვევაში ზომებს მივიღებთ“, – განაცხადა პესკოვმა.
როგორც ცნობილია ხელშეკრულების სრულად ძალაში შესვლა 2015 წლისთვის არის ნავარაუდევი, თუმცა 3-4 თვეში ამოქმედდება შეთანხმების ნაწილი, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. რუსეთის მხრიდან შესაძლო საფრთხეებზე საქართველოს პრემიერ–მინისტრს ბრიუსელშიც შეახსენეს. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ იქნება
„მას შემდეგ, რაც ჩვენ მთავრობაში მოვედით, დავიწყეთ ურთიერთობა რუსეთთან. რუსეთმა კი, თავის მხრივ, გამოავლინა პოზიტიური თანამშრომლობა. ასე რომ, გართულების წინაპირობას ვერ ვხედავ, რომელიც შეიძლება წამოვიდეს რუსეთიდან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც შეიძლება ქართულ პროდუქციას დაემუქროს, ეს რუსეთის მხრიდან გაზრდილი საბაჟო ტარიფები იქნება. ექსპერტები კრემლის ასეთ ნაბიჯს არ გამორიცხავენ, მაგრამ განსაკუთრებულ საფრთხეს მაინც არ ელიან. საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე რუსეთის მუქარის მიუხედავად, მისი გავლენის შესუსტების ფონზე, მნიშვნელოვან ბარიერებს არ ელის. მისი აზრით, ერთადერთი ბერკეტი საბაჟო ტარიფების დაწესებაა, თუმცა მოსკოვი იმაზე მაღალ განაკვეთს ვერ შემოიღებს, რასაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს. ევროპული პერსპექტივის გათვალისწინებით, 30-40 მილიონის საგადასახადო ტვირთი რუსეთის ბაზარზე, ქართული ექსპორტის მასობრივად შემაფერხებელი ვერ გახდება.
„ასოცირების ხელშეკრულება პოსტსაბჭოთა ეპოქის დასასრულია. განსაკუთრებით თვალშისაცემია უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე. მას ორმაგი ძალა აქვს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინა დიდი ევროპული სახელმწიფოა, არამედ იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ნაწილის ანექსიამ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისადმი რუსეთის პრეტენზიებს წერტილი საბოლოოდ დაუსვა. საქართველო აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელმაც ამ სიტუაციიდან გამოსვლა მოასწრო. ბალტიის ევროპაში ინტეგრაციის შემდეგ, ეს მეორე დიდი ტალღაა“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ „ჯიბისისთან“ საუბარში.
ექსპერტი, საქართველოს პროგრესულ სამყაროში დაბრუნების შემდეგ „ვალდებულებებით“ ურთიერთობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რაც აკნინებს საქართველოს სურვილს, საკუთარი ნებით იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი. ურთიერთობა მხოლოდ პრაგმატულ ფინანსურ სარგებელზე არ უნდა იყოს გათვლილი. მიუღებელია - „ფული რეფორმების სანაცვლოდ“, რაც დამამცირებელია, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამები ასე ფორმულირდება.