არ გაგიკვირდეთ, თუ ცოტა ხანში “ჯიპიანებმა” საპროტესტო აქცია მოაწყვეს ლოზუნგით - “დიდი ჯიპი სულაც არ ნიშნავს პატარა ჭუჭუს!”. უფრო მეტიც, არც ის გაგიკვირდეთ, თუ სადემონსტრაციოდ ქართველმა “ჯიპოსნებმა” საკუთარი “ნაპატივები” ფალოსის საჯაროდ დემონსტრირება მოითხოვეს. ამის მიზეზი კი, - არც მეტი, არ ნაკლები - “ახალგაზრდა მწვანეების” მიერ რამდენიმე დღის წინ დაწყებული საპროტესტო კამპანია - “დიდი ჯიპი =პატარა ჭუჭუ” იქნება, რომელიც სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ საპროტესტო კამპანიის მიზანი ქართველების “საამაყო” მამაკაცური ღირსების სიგრძის გაზომვა არაა. “ახალგაზრდა მწვანეები” მესიჯს იმ ადამიანებს უგზავნიან, რომლებიც დიდი მანქანების მოყვარულები არიან და არც კი უფიქრდებიან, ამით თუ რა ზიანს აყენებენ იმ გარემოს, სადაც ცხოვრება თვითონვე უწევთ... “ქართული სიტყვა” არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა მწვანეების” პროექტების კოორდინატორ გიორგი მეგრელიშვილს ესაუბრა:
- ბოლო რამდენიმე წელია, ქვეყანაში, განსაკუთრებით, დედაქალაქში ეკოლოგიური მოძრაობა გააქტიურდა. ერთჯერადი აქტივობა, მაგალითად, ტერიტორიის დაკავება იმ მიზნით, რომ ხეები არ მოიჭრას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეფექტური არაა. პრობლემების ხალხში გატანაა საჭირო... ეკოლოგიური მდგომარეობის ერთ-ერთი დამამძიმებელი ფაქტორი არამდგრადი, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტია, ანუ თბილისში ამორტიზებული ტრანსპორტი მოძრაობს. რატომაა ავტომობილებზე ამხელა მოთხოვნა? - სწორედ ამ პარადოქსის გაანალიზებას ვცდილობთ...
- რა დასკვნამდე მიხვედით?
- ავტომობილების გარკვეული კატეგორიის მფლობელები, ავტომობილებით, ხშირ შემთხვევაში, საკუთარ სოციალური სტატუსის რეპრეზენტაციას ახდენენ, ანუ საკუთარ სოციალურ სტატუსს დიდი მანქანებით, უფრო დიდი ძრავებითა და, შესაბამისად, უფრო დიდი გამონაბოლქვით, საბოლოოდ, სხვა ადამიანების ჩაგვრის ხარჯზე იქმნიან.
- დიდი მანქანა და დიდი ძრავი შეიძლება, დიდ გამონაბოლქვს ნიშნავს, მაგრამ სხვისი ჩაგვრის ხარჯზე სოციალური სტატუსის შექმნა საკამათოა - “ჯიპი” იმიტომ კი არ შევიძინე, დამემტკიცებინა, ყველაზე მაგარი ვარ-მეთქი. უბრალოდ, ასეთი დიდი მანქანა მჭირდებოდა და დარწმუნებული ვარ, ჩემნაირები ძალიან ბევრნი არიან...
- შეიძლება, ამის საჭიროება, მართლაც, არსებობდეს და ნამდვილად არ გავკიცხავთ იმ ადამიანებს, ვინც არჩევანს ამა თუ იმ ავტომობილზე აკეთებენ. უბრალოდ, იმ პრობლემაზე ვსაუბრობთ, რაც დიდი ძრავის მქონე ავტომობილს მოაქვს... დიდძრავიან ავტომობილს საწვავზე მოთხოვნის ზრდაც ახლავს. ამჟამად ჩვენი ერთადერთი ყველაზე დიდი ნავთობმომწოდებელი აზერბაიჯანია. “სოკარი”, როგორც კომპანია, ჩვენი ორგანიზაციისათვის ძალიან პრობლემატურია - მის მენეჯმენტში ჰიპოკრატების დიდი ჯგუფია, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ეკოლოგიურ დესტრუქციას აწარმოებს და ეს უკვე რეგიონალური პრობლემაა. ის, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანში ხდება, ავტომატურ გავლენას საქართველოზეც ახდენს, როგორც ეკოლოგიური, ასევე, ეკონომიკის თვალსაზრისით. ამასთან, რადგან ეს კომპანია აზერბაიჯანის ხელისუფლებასთანაა დაახლოებული, აზერბაიჯანში ხელს ადამიანის უფლებების დარღვევასაც უწყობს. ყველაფერ ამაზე პროტესტი რომ არ გაგიჩნდეს, უბრალოდ, შეუძლებელია. პროტესტი თუნდაც იმიტომ გვიჩნდება, რომ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის რვა წევრს აზერბაიჯანში პატიმრობა აქვს მისჯილი.
- რატომ?
- მხოლოდ იმიტომ, რომ “ფეისბუქზე” ხელისუფლება გააკრიტიკეს. ყველა, ვინც ასეთ მოპყრობას წაახალისებს, მინიმუმ, გავაკრიტიკებთ.
- ანუ, მოგვიწოდებთ, რომ ამ ადამიანების სოლიდარობის გამო, “სოკარის” საწვავზე უარი ვთქვათ?
- ყოველ შემთხვევაში, უნდა ვეცადოთ, რომ ეს კომპანია არ გავამდიდროთ. ისე, თუ ნავთობის პოლიტიკას, თუნდაც იმას შევხედავთ, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, ნათლად ჩანს, რომ ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი სწორედ საწვავზე გადის.
- რაც შეეხება აქციას “დიდი ჯიპი=პატარა ჭუჭუს”, ამ სახელწოდების აქციები, როგორც ვიცი, ევროპასა და აშშ-შიც გამართულა...
- დიახ, ეს კამპანია გლობალურია, თუმცა კულტურული კონტექსტიც მნიშვნელოვანია და ყველგან ერთნაირი რეზონანსი არ ექნება.
- საქართველოში რა რეზონანსს ელოდებით?
- მაგალითად, აშშ-ში მანქანების მიმართ ნაკლებად კრიტიკულნი არიან და იქ ამ ტიპის კამპანიას სხვა გამოხმაურება აქვს. რაც შეეხება ჩვენს რეალობას, ზუსტად იმ სოციალური კონტექსტიდან გამომდინარე, რაზეც ვსაუბრობთ, პირველ რიგში, “ჯიპის” კულტის პრობლემატიზირება გვინდოდა. ქუჩაში რომ გავიდეთ, ტროტუარზე გაჩერებულ უამრავ “ჯიპს” ვნახავთ.
- ტროტუარზე ბევრი სხვა ფირმის ავტოც დგას..
- კი ბატონო, მაგრამ “ჯიპები” იმ სივრცეს, რომელიც ქვეითად მოსიარულე ადამიანებს ან, თუნდაც, ველოსიპედისტებს ეკუთვნით, უფრო მეტად იკავებენ!
- სხვათა შორის, ჩვენთან ყველა თანამდებობის პირი სწორედ “ჯიპით” გადაადგილდება...
- ეს სახელმწიფოს კი არა, უფრო კულტურული პრობლემაა. რატომაა “ჯიპი” და მასთან გაიგივებული სოციალური სტატუსი ასეთი მნიშვნელოვანი? - ეს მატერიალისტური დამოკიდებულებები ამა თუ იმ საკითხში ხშირად ვლინდება. ისე, “ფეისბუქის” გვერდზე ბევრმა დაგვიპოსტა ფოტოები. მაგალითად, ბათუმში როგორ აყენია “ჰამერის” “ჯიპი” ველოსიპედის ტრეკზე. ეს ერთეული შემთხვევა არაა. ბუნებრივია, სახელმწიფო დამნაშავეა, რომ არ ქმნის ინფრასტრუქტურას, არ აწყობს მრავალასართულიან პარკინგს. ამ მნიშვნელოვან კულტურულ პრობლემაზე ხალხმა ხმამაღლა უნდა ისაუბროს.
სხვათა შორის, სტატისტიკამ აჩვენა, რომ საქართველოში, როგორც “ჯიპი”, თავისი სიმბოლური დატვირთვით, ასევე, მამაკაცის პენისი და მთლიანად სხეული ხელშეუხებელი უნდა იყოს.
- თქვენი მესიჯი ხალხმა პირდაპირ რომ გაიგოს?
- ამაზეც ვიფიქრეთ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ადამიანების სტიმულირებაც კარგია და ასეთ პროვოკაციაზე ამიტომაც წავედით. სხვათა შორის, ამ აქციით ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა, რაც საშუალებას მაძლევს, რომ ასეთ საკითხებზე გახსნილად ვილაპარაკო.
- ერთია სოციალურ ქსელში ყურადღების მიქცევა და მეორე - იდეის განხორციელება...
- აქტივობის მრავალფეროვნებაზე ვფიქრობთ. ვაპირებთ, ერთ კვირაში სრული პოლიტიკური დოკუმენტი შევიმუშაოთ, რომელიც იქნება “ახალგაზრდა მწვანეების” ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს მდგრადი და სოციალურად სამართლიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ხშირად გვახასიათებს არარეალური მიდგომები, ამიტომ ამ დოკუმენტიდან მხოლოდ იმ პუნქტებს ამოვიღებთ, რომელთა განხორციელებაც ადვილი იქნება...
- თქვენ რითი მოძრაობთ?
- საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადავადგილდები, ძირითადად, - მეტროთი, რადგან ეს ტრანსპორტი გამონაბოლქვის გარეშე მუშაობს.
- ისიც თქვეს, ეს კამპანია ბოღმიანი ადამიანების დაწყებულიაო...
- დიახ, თქვეს, ჩვენ ის ბოღმიანი ადამიანები ვართ, ვისაც არ გვაქვს ფული, რომ ავტომობილი შევიძინოთ. ფული შეიძლება, არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ მოსახლეობის იმ 90%-ის წარმომადგენლები ვართ, ვისაც არ აქვს ფული და ეს, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი არაა, რადგან ღირებულებით საფუძველს ვემყარებით - არ გვინდა, გარემოზე ნეგატიური ეკოლოგიური ნაკვალევი დავტოვოთ!
- ამას როგორ ახერხებთ?
- ორგანიზაციაში ორმოცდაათამდე მოხალისე გვყავს, რომელთა უმრავლესობა ვეგეტარიანელია ან ხორცს მინიმალური რაოდენობით მიირთმევს.
- ე.წ. ველოსიპედების აქციას როდის გეგმავთ?
- ამ იდეასაც პოლიტიკურ დონეზე ვამუშავებთ. ძალიან ბევრ ადამიანს უნდა, რომ ველოსიპედით იაროს, მაგრამ დიდი საფრთხის შემცველია - ამის საშუალებას რელიეფი არ გვაძლევს... გვინდა, ველოტრეკები მოკლე დისტანციებად ვაქციოთ. გამოვდივართ ინიციატივით, რომ მეტროსადგურებთან გაკეთდეს ველოსიპედების პარკირება. უფრო უკეთესი იქნება, თუ მოგვცემენ ველოსიპედების მეტროში ჩატანის უფლებას.
- იმედი გაქვთ, რომ ადამიანები “ჯიპებიდან” ველოსიპედებზე გადასხდებიან?
- არ მგონია, თუმცა ყველაფერში მნიშვნელოვანი მაინც ინფორმირების ასპექტია - ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, თუ რას კარგავენ ავტომობილით გადაადგილებისას და რას იძენენ ველოსიპედით მოძრაობისას.
- გიორგი, თქვენი ინიციატივების შესახებ სახელმწიფო საქმის კურსშია?
- იდეურად, ადგილობრივი თვითმმართველობა ჩვენგან ძალიან დაშორებული იყო. სწორედ მერიის მიერაა გაცემული ძალიან ბევრი ნებართვა, რამაც ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. შესაბამისად, მასთან თანამშრომლობაზე, პრინციპის გამო, დიდი ხნის განმავლობაში უარს ვამბობდით. ახლა კი, ვნახოთ, რა შეიცვლება...