კახელები მენავთობეების წინააღმდეგ

კახელები მენავთობეების წინააღმდეგ

საგარეჯოელები კვლავ მენავთობეების წინააღმდეგ დაირაზმნენ. „კანარგო ჯორჯიას“ მიერ დაქირავებული პოლონური კომპანია, რომელიც კვლევითი სამუშაოების ჩატარებას აპირებდა, სოფელ ნინოწმინდის მოსახლეობამ საკვლევ ტერიტორიაზე არ შეუშვა. ადგილობრივები შიშობენ, რომ სოფელი სასმელი წყლის გარეშე დარჩება.

„ამ ადგილს ჰქვია სათავე, საიდანაც მთელ საგარეჯოს რაიონს სასმელი წყალი მიეწოდება. ეს პოლონური კომპანია, რომელიც დაიქირავა „კანარგო ჯორჯიამ“ გეგმავს კვლევითი სამუშაოებს, რაც ითვალისწინებს ნავთობის მოპოვების მიზნით, აფეთქებებს. თუკი ასე მოხდება, მოსახლეობა წყლის გარეშე დარჩება“, - განაცხადეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა.

საგარეჯოში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, „კანარგო ჯორჯიას“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კლიფ აიზეკმა განაცხადა, აღნიშნული საკითხი მისთვის უცნობია. „არ მესმის რაზე მელაპარაკებით, ჩემთვის ეს საინტერესო არ არის“, - განუცხადა კლიფ აიზეკმა სააგენტო „ინტერპერსნიუსს“.

„კანაგრო ჯორჯიას“ 1996 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც სახელმწიფოსთან აქვს დადებული, მიენიჭა უფლება ნინოწმინდა-რუსთავი-მანავის ტერიტორიაზე ნავთობი მოიპოვოს. „სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში, მოადგნენ საგარეჯოში, ამ ადგილს, სადაც კვლევებს ატარებენ“, - აცხადებენ საგარეჯოელები.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელშეკრულებებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ალავიძე კი თვლის, რომ საგარეჯოში მიმდინარე სამუშაოები სასმელი წყლის დაკარგვის საფრთხეს არ ქმნის. მისი განმარტებით, კომპანია „კანარგო ჯორჯიას“ მოპოვებული აქვს ამ ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის რესურსების ძებნა-ძიების ლიცენზია.

„კომპანია პერიოდულად ახორციელებს ძებნა-ძიების სამუშაოებს, რომლის ნაწილიც არის გეოფიზიკური ძებნა-ძიება. სწორედ გეოფიზიკური ძებნა-ძიების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს ახლა საგარეჯოში. ეს კომპანია წლებია მუშაობს და პრობლემა არავისთან გაუჩენია“, - განაცხადა ალავიძემ.

აი, აქ კი ალავიძე სასტიკად ცდება. „კანარგო“ სწორედ ის კომპანაა, რომლის მიმართ პრეტენზიები მოსახლეობას მუდმივად აქვს და არც უსაფუძვლო. უმთავრესი დაპირისპირება საგარეჯოელებსა და „კანარგოს“ შორის ამ 10 წლის წინათ მოხდა, როდესაც სოფელ ნინოწმინდაში „კანარგო ჯორჯიას“ ჭაბურღილზე ავარიის შედეგად ნავთობი ამოიფრქვა.

ავარიის გამო ასობით ჰექტარი ტყე წყალი და ნიადაგი დაბინძურდა. საგარეჯოსა და მეზობელ სოფლებში კი მკვეთრად იმატა სხვადასხვა სიმსივნურმა დაავადებამ, გახშირდა სიკვდილიანობაც.

ალავიძე კი ამტკიცებს, რომ „კანარგოს“ გაგზავნილი აქვს წერილი „წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანიისთვის“, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სათაო ნაგებობას რაიმე ზიანი მიადგება და საჭირო გახდება მისი ანაზღაურება, „კანარგო“ ამ ყველაფერს აანაზღაურებს.

„ეს წერილი „კანარგომ“ წყლის კომპანიას გაუგზავნა, რაც ნიშნავს, რომ კომპანიამ მის წინაშე ვალდებულება აიღო. მოსახლეობა არასწორად არის ინფორმირებული ამ საკითხზე, თუ ვიღაცამ უთხრა, აფეთქების შემდეგ, წყალი დაიკარგებაო, გამოვა ქუჩაში ხალხი, აბა, რას იზამს. ასეთ შემთხვევაში მეც გამოვიდოდი.

შარშანაც იყო იგივე პრობლემა, რის შემდეგაც „კანარგოს“ წარმომადგენლები შეხვდნენ მოსახლეობას, გამგეობას და აუხსნეს ყველაფერი, თუმცა მიუხედავად ამისა თუ შიში, ან ვიღაცის ინტერესი არსებობს, არ ვიცი.

ის, რომ გეოფიზიკურმა სამუშაოებმა გამოიწვიოს წყლის დაკარგვა, ან რაიმე ზიანი გარემოზე, ეს შეუძლებელია. ეს არის მცირე სიღრმეზე სუსტი მუხტით აფეთქება. კომპანია ამჟამად ამზადებს, 8-10 მეტრის ჭებს და ასეთი დონის ბურღვა წყალს ზიანს არ მიაყენებს“, - განაცხადა ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელშეკრულებებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსმა.

„კანარგოსა“ და სახელმწიფოს შორის, ხელშეკრულება 1996 წელს გაფორმდა და 25 წლიანია.