გარევაჭრობის პრობლემა, სავარაუდოდ, პარლამენტის დონეზე დარეგულირდება. ეს საკითხის გადაწყვეტის მერამდენე მცდელობაა, არავინ იცის. თუმცა, ჯერ კიდევ არჩევნების მეორე ტურია და გარემოვაჭრეებს ასე ხელაღებით ვერავინ დაუპირისპირდება.
საქართველოს პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, გარევაჭრობასთან დაკავშირებით შეიმუშავოს საერთო მოდელი, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც ფერმერთა უფლებები, ასევე მომხმარებლის უფლება, არ იყიდოს ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქცია.
მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის მადონა კოიძის ინფორმაციით, თვითმმართველობებს სხვადასხვა ქალაქში გარევაჭრობაზე არა ერთი, არამედ სხვადასხვა განმარტება აქვთ კანონში. ყველაზე გაუგებარი განმარტება არის თბილისში, რომლის მიხედვით გარე ვაჭრობა აკრძალულია, თუმცა შეზღუდვები თითქმის არ იკვეთება. ამიტომაციაა, რომ არც მერია და არც პოლიცია ასეთ ფაქტებზე არ რეაგირებს.
კოიძე მერიის მხრიდან გარემოვაჭრეებისადმი ლოიალურ დამოკიდებულებას თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს, რადგან მერია ამომრჩევლების განაწყენებას ერიდება.
დაახლოებით იგივე მდგომარეობაა სხვა ქალაქებშიც. გარევაჭრობის საკითხი იქაც დაურეგულირებელია და ხშირად ეს დაპირისპირების მიზეზი ხდება. ერთმანეთს უპირისპირდებიან უშუალოდ ვაჭრობით დაკავებული ადამიანები.
მაგალითად, ამ ორიოდე დღის წინ ქუთაისში აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, იმის გამო, რომ ბაზრის წინ გარევაჭრობა დაშვებულია, მყიდველი ბაზარში აღარ შედის და პროდუქტს ვეღარ ყიდიან.
„ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერ ვთხოვეთ დახმარება, რომ აიკრძალოს გარევაჭრობა. ხალხი ბაზარში აღარ შემოდის და პროდუქტი გვიფუჭდება. რამე გვიშველონ, თორემ ამ დამპალ პროდუქტს მერიასთან მივიტანთ და იქ დავყრით“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნათელა დუმბაძემ.
აქციის მონაწილეების თქმით, თუკი მათი პრობლემა დროულად არ მოგვარდება, ისინი პროტესტის სხვა ფორმას მიმართავენ. ამგვარი ვითარებაა გორშიც და ზუგდიდშიც. რაც ყველაზე მთავარია, პრობლემის გადაჭრის გზა არსად ჩანს.
თბილისში გარე ვაჭრობით დაკავებული ადამიანები დარწმუნებულნი არიან, რომ არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადებამდე ხელს ვერავინ შეუშლის. ეს აქამდე ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების პერიოდებში მიღებული გამოცდილებაა. მაგალითად, დევნილი ლიანა გაბუნია გლდანის ტერიტორიაზე, ვაჭრობს. იგი ამბობს, რომ წინსაარჩევნო პერიოდში მუდმივად ასე ხდებოდა და ასეა ახლაც.
„არჩევნებია და ქვეყანას ჯერ კიდევ ვჭირდებით. დევნილობის შემდგომ ქუჩაში ვდგავარ და თავი გარევაჭრობით გამაქვს, ამიტომ დიდი გამოცდილებაც დამიგროვდა. მკაცრი კონტროლის პირობებშიც ვახერხებდი მუშაობას, დავუჯარიმებივართ კიდეც, მაგრამ ყველაფერი ავიტანე, სხვა გამოსავალი არ დამიტოვეს, ჩემი სურვილით აქ ერთი წუთითაც ვერავინ გამაჩერებდა“, - ამბობს გარემოვაჭრე.
რა იქნება არჩევნების შემდეგ, არავინ იცის...