"აფხაზეთში წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია. კომისიას პირველმა აფხაზთა ამირსპასალარმა მერაბ ქიშმარიამ მიაკითხა. გუშინ მეორე კანდიდატმა შეიტანა განაცხადი - პრეზიდენტობის სურვილი ბესლან ეშბასაც გაუჩნდა, მისი კანდიდატურა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ჯერზე პრეზიდენტობის სურვილმა გენერლებს შეუღიტინა - არჩევნებში მონაწილეობას 4 გენერალი აპირებს, აქედან 2 უშიშროების გენერალია, ერთი მილიციის და ერთიც არმიის: ასლან ბჟანია, რაულ ხაჯიმბა, ლეონიდ ძაპშბა და მერაბ ქიშმარია", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში 4 გენერალი იყრის კენჭს.
"როგორც მოსალოდნელი იყო. პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა უკვე წარადგინა. ექსპერტები სწორედ მას უწინასწარმეტყველებენ გამარჯვებას. მის მთავარ კონკურენტად აღიქმებოდა სერგეი შამბა, რომელმაც 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, ცოტა ხანს იპრემიერა და შემდეგ პოლიტიკიდან გაუჩინარდა. ის სოხუმში განოჩნდა ანქვაბის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიისას. ამბობდნენ, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდებოდა, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ შამბა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭა არ იყრის. "ინტერფაქსთან" საუბარში კი განაცხადა, რომ არჩევნებზე მხარს რაულ ხაჯიმბას დაუჭერს. , ამასთან ხაჯიმპას გამარჯვების შემთხვევაში ის არც ვიცე-პრეზიდენტის და არც ვიცე-პრემიერის პოსტს არ დაიკავებს", - აღნიშნავს გამოცემა.
"შეგახსენებთ, რომ ხალხმა ხაჯიმბას 3-ჯერ უთხრა უარი და აქამდე ჩატარებული 3 საპრეზიდენტო არჩევნები მან პირწმინდად წააგო - არც კრემლის ღია მხარდაჭერა დაეხმარა და არც პუტინის მიერ ნაბოძები გენერლის სამხრეები. ე.წ თავდაცვის მინისტრი კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კი იგივე ჯგუფმა საიდ ლოლუა წამოაყენა, რომლის კანდიდატურა ცესკოში უკვე დარეგისტრირებულია. არმიის გენერალი მერაბ ქიშმარია აფხაზებისთვის კარგად არის ცნობილი. მას ჩვენი საზოგადოებაც კარგად იცნობს - საომარი მოქმედებების დროს ის დასავლეთის მიმართულებას მეთაურობდა, ომის დასრულების შემდეგ თანამებრძოლებთან ერთად ორგანიზაცია "ამცახარა" დააფუძნა. წარმოშობით ქიშმარი ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯალიდან არის, ის აფხაზეთის ეროვნული გმირია და "ახდზაპშბას" ორდენის კავალერი. აფხაზთა გენერალი მიიჩნევს, რომ გალის მოსახლეობამ ამ არჩევნებში აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა იმის მიუხედავად, მათ პარალელურად აქვთ თუ არა საქართველოს მოქალაქეობა - "ჩემთვის აფხაზეთის ყველა მკვიდრი თანაბარია" - აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი", - დასძენს გამოცემა.
"საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კიდევ 2 გენერალს აქვს ერთ-ერთი მათგანი ყოფილი შს მინისტრის ლეონიდ ძაპშბაა, ხოლო მეორე - უშიშროების ყოფილი შეფი ასლან ბჟანია. ეს უკანასკნელი აფხაზურ პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე შეუმჩნეველი ფიგურა იყო და ჩუმად აკეთებდა თავის საქმეს. ასლან ბჟანიას გენერლის წოდება ალექსანდრე ანქვაბმა თანამდებობიდან გადადგომამდე რამდენიმე დრით ადრე მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ ის ცნობილი აფხაზი დღეგრძელის ალექსანდრე ბჟანიას შვილიშვილია - როგორც საბჭოთა პრესა წერდა, მან 148 წელი იცოცხლა. რაც შეეხება ყოფილს შს მინისტრ ლეონიდ ძაპშბას, აფხაზებით თქმით, მის სახელს ბევრი კარგი საქმე უკავშირდება - სწორედ მისი აქტიურობის წყალობით შემცირდა აფხაზეთში საგზაო შემთხვევები და როგორ იქაურები ხუმრობენ - ძაპშბამ დაამტკიცა, რომ თურმე "აფხაზებსაც შეიძლება უსაფრთხოების ღვედის გაკეთება აიძულო", - წერს სტატიის ავტორი.
"მისივე წყალობით ჩატარდა წმენდა აფხაზურ მილიციაში. ძაპშბას გენერლის წოდება სერგეი ბარაფშმა მიანიჭა. მას დიდ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, იყო ვერსიები, რომ ბაღაფში მის დასახელებას მემკვიდრედაც აპირებდა, თუმცა 2011 წელს ბაღაფში მოულოდნელად დაიღუპა და პრეზიდენტი ანქვაბი გახდა, რომელსაც ძაპშბა საშინლად არ უყვარდა - მოკლე ხანში მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა თანხების გაფლანგვის ბრალდებით. შს მინისტრობიდან წასულმა ძაპშბამ არასამტავრობო სექტორში გადაინაცვლა. მან სამოქალაქო კავშირი - "კანონიერება, სტაბილურობა და დემოკრატია" ჩამოაყალიბა, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში. როგორც აფხაზური პრესა იუწყება, ძაპშბა რაულ ხაჯიმბას კანტორიდან არის და მას ალტერნატიულ კანდიდატად მიიჩნევენ", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"პრეზიდენტობის მსურველები ალბათ კიდევ გამოჩნდებიან, რაც ახლო მომავალში გამოჩნდება. ხაჯიმბა და მისი გარემოცვა კი ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის ბატალ ტაბაღუას ჩამოცილებას ცდილობენ - ის ანქვაბის კადრად ითვლება. ანქვაბის სახელი კი ხაჯიმბას კანტორას აშინებს - საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტს თხოვნით მიმართა და ცესკოს ახალი შემადგენლობის დამტკიცება სთხოვა, თუმცა აფხაზური კანონმდებლობით ამის გაკეთება შეუძლებელია. ცესკოს წევრებს რამდენიმე წლით ირჩევენ და ვადის გასვლამდე მათ პოსტიდან ვერ გადააყენებენ. როგორც ამბობენ ამ არჩევნებში ანქვაბის კაციც იყრის კენჭს, თუმცა ვისზე შეაჩერებს არჩევანს ექსპრეზიდენტი, ჯერ უცნობია. სამაგიეროდ, აფხაზეთში ყველამ იცის, რომ ანქვაბი ხაჯიმბას ჩასაძირაქდ ყველაფერს აკეთებს - ამ მიზნით ის მოსკოვში შეხვედრებს მართავს როგორც რუსული ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე იქ მცხოვრებ აფხაზებთან", - დასძენს სტატიის ავტორი.