შსს ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

შსს ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დეპუტატ ირმა ნადირაშვილის მიერ ე.წ.კანონიერ ქურდთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. "ეს არის ცრუ ინფორმაცია და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", -აცხადებენ სამინისტროში.

ირმა ნადირაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, კახა კალაძის დავალებით ძებნილი კანონიერი ქურდი რომან ბარბაქაძე თვითმფრინავის ბორტიდან მოხსნა და აეროპორტიდან გაიყვანა. ნადირაშვილის თქმით, უკრაინაში ხუთი დღის წინ დააკავეს ქართველი კანონიერი ქურდი, წარსულში არაერთხელ ნასამართლევი, რომან ბარბაქაძე, მეტსახელად "რემენა". "თვითმფრინავი გამოფრინდა ბორისპოლის ტერმინალიდან 21 ივნისს, 19.35 საათზე, თბილისში კი, მოვლენები ასე განვითარდა: რომან ბარბაქაძეს აეროპორტში ელოდებოდა კრიმინალური პოლიცია, რომ გაეტარებინა კანონით გათვალისწინებული ზომები და დაეკავებინა როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი. თვითმფრინავის დაჯდომის მომენტში, აეროპორტში გამოჩნდნენ შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები, მათ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს აუხსნეს, რომ ასრულებდნენ ვიცე-პრემიერ კახა კალაძის დავალებას, კერძოდ, მათი თქმით, "რემენა" იყო არა კანონიერი ქურდი, არამედ ბიზნესმენი და გენერალურმა ინსპექციამ ძებნილი პირი თვითმფრინავის ბორტიდან მოხსნა, ბარბაქაძე აეროპორტიდან გაიყვანა, რომლის მიერ საზღრის კვეთაც კი არ ფიქსირდება", - განაცხადა ნადირაშვილმა.

მან ამასთან დაკავშირებით კითხვით მიმართა ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს, ასევე შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებს.

"მივმართავ კითხვით ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს, იცნობს თუ არა კანონიერ ქურდ "რემენას" და რა კავშირი აქვს მასთან. ასევე შეკითხვით მივმართავ შსს-ს, რატომ არ მიაწოდეს საზოგადოებას ინფორმაცია კანონიერი ქურდის დეპორტაციის თაობაზე. ასევე მივმართავ სასჯელაჯღსრულების სამინისტროს, იმყოფება თუ არა აღნიშნული პირი სასჯელაღსრულების რომელიმე დაწესებულებაში", - აცხადებს ნადირაშვილი.