საქართველოს მთავრობამ ეროვნული სამხედრო სტრატეგია დაამტკიცა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარების მრავალწლიანი ხედვა და მოწონებულია მინისტრთა კაბინეტის მიერ. „ეროვნული სამხედრო სტრატეგია“ ასახავს საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე არსებულ ახალ რეალობებს და უსაფრთხოების სფეროში თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონის დოკუმენტებით განსაზღვრულ ტენდენციებს. დოკუმენტი განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მიზნებს, ამოცანებსა და შესაძლებლობებს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად შეცვლილმა უსაფრთხოების გარემომ გამოიწვია არსებული თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონის დოკუმენტების გადახედვის საჭიროება. ამ მიზნით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინაციით, ინიცირებულ იქნა უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესი, რომლის ფარგლებშიც მოხდა „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის“, „საქართველოს საფრთხეების შეფასების 2007-2009 წლების დოკუმენტის“ და „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2007“-ის განახლება.
„საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის“ მიხედვით საქართველოს უმთავრეს ამოცანად დეოკუპაცია რჩება. ქვეყნის ძირითადი სამხერდო დოკუმენტი ნატოსთან და ევროკავშირთან კონსულტაციების შედეგად მომზადდა და მასში ის ძირითადი საფრთხეებია ასახული, რომლის წინაშე ქვეყანა დგას. „საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია“ წარამოადგენს ქვეყნის ძირითად სამხედრო დოკუმენტს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის, მიხეილ დარჩიაშვილის განცხადებით, დოკუმენტი ასევე საზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ამოცანებს, შესაძლებლობებს და მიზნებს.
„ეროვნული სამხერდო სტრატეგია, რომელიც წარმოადგენს ძირითად სამხედრო პოლიტიკურ დოკუმენტს, აყალიბებს საქართველოს სტრატეგიული უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებულ ხედვას, ასევე საზღვრავს საქართველოს უსაფრთხოების პრიორიტეტბს. ამას გარდა, დოკუმენტში არის მოცემული ის ამოცანები, მიზნები და შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გააჩნიათ.
აქვე მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს შეიარაღებული ძალების ამოცანებს, რომელიც დოკუმენტით არის განსაზღვრული, ეს არის შეკავება და თავდაცვის უზრუნველყოფა. რეგიონური და საერთაშორისო უსაფრთხოების გლობალური უზრუნველყოფა და სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა ბუნებრივი თუ ტექნოგენური კატასტოფების პირობებში“, - აცხადებს დარჩიაშვილი.
მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისა და ოკუპაციის შემდეგომ „საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის“ პირველად მომზადდა და შესაბამისად, მასში ასახულია ყველა ის საფრთხეები, რომელიც დგას საქართველოს წინაშე.
„დოკუმენტი პირველად 2006 წელს დამტკცდა, მის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე, კერძოდ მხედველობაში მაქვს 2008 წელს რუსეთის შემოჭრა და ოკუპაცია, მოხდა ამ დოკუმენტს გადახედვა. შესაბამისად შემუშავდა ახალი დოკუმენტი, რომელიც დამტკიცდა მთავრობის მიერ, სადაც მოცემულია ის საფრთხეები და გამოწვევები, რომელიც საქართველოს გააჩნია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მიხეილ დარჩიაშვილმა.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ განახლებული დოკუმენტი არის ცოცხალი დოკუმენტი, რომელთა მუდმივი განახლება ხდება იმ საფრთხეების და რისკების გათვალისწინებით, რაც ქვეყნის წინაშე წარმოიქმნება.
„მას შემდეგ, რაც ჩვენ შევიმუშავეთ საფრთხეების ახალი დოკუმენტი(რომელიც დახურული დოკუმენტია და ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებთ), საჭირო გახდა სამხედრო სტრატეგიის ახლებური ჩამოყალიბება. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა თავდაცვის სამინისტროში, მათ შორის - სისტემური, ამიტომ ეს სისტემური რეფორმა უნდა ასახულიყო მთელ რიგ ამ დოკუმენტებში და შესაბამისად, მათ შორის სამხედრო სტრატეგიაში“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
უშიშროების საბჭოს მდინის მოადგილე თეონა აქუბარდია თვლის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამ დოკუმენტის დამტკიცება მნიშვნელოვანია.
„მიზიზი რის გამოც მოხდა დოკუმენტის შეცვლა, ერთი მხრივ არის ის, რომ წინა დოკუმენტი ადეკვატურად არ ასახავდა უსაფრთხოების გარემოს, რამდენადაც აგვისტოს ომის შემდეგ მოხდა სტრატეგიული დოკუმენტის განახლება. ეს არის ბოლო სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც განახლდა სწორედ იმ რეალობების გათვალისწინებით, რა შედეგიც დადგა აგვისტოს ომის შედეგად.
თვითონ დოკუმენტი არის პოლიტიკური დონის, რომლის მიხედვით უნდა მოხდეს სხვა დოკუმენტებზე მუშაობა თავდცის უწყებაში და მასში ასახული მიზნები და ამოცანების განხორცილება უკვე შემდგომში ჩაიდება შესაბამის დოქტრინაში, როდესაც თავდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თეონა აქუბარდიამ.
თუმცა, ქვეყნის ძირითადი სამხერდო დოკუმენტი, რომელიც ნატოსთან და ევროკავშირთან კონსულტაციების შედეგად მომზადდა, სამხედრო ექსპერტის გიორგი თავდგირიძის შეფასებით, არ პასუხობს იმ რისკებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.
„მთავარი რაც არის ამ დოკუმენტში არის თავდაცვის სტრატეგია. თავდაცვის სტრატეგია განსაზღვრულია როგორც ასეთი შეკავების სტრატეგია. დღეს ამ დოკუმენტით ქვეყანას შემოაპარეს სამხედრო მიზანი, რომელიც არის მიუღწეველი.
აქედან გამომდინარე, მაქვს უფლება, რომ ამ დოკუმენტს ვუწოდო სულელური და ქვეყნის წინაშე მცდარი საფრთხეებიდან გამომდინარე - შეუსაბამო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი თავდგირიძე.