ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპებმა 2013-14 წლებში შესამჩნევად მოიმატა

ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპებმა 2013-14 წლებში შესამჩნევად მოიმატა

დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და მისმა მოადგილეებმა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია გააცნეს. მინისტრი აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესის შენელების შესახებ წარმოქმნილი აჟიოტაჟი სიმართლეს არ შეესაბამება და 2013-14 წლებში ტემპმა შესამჩნევად მოიმატა.

საქმე ეხება სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო სტრუქტურების მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. იმის გათვალისწინებით, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისადმი ინტერესი დიდია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მზადაა, საზოგადოებას პერმანენტულად მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, მინისტრმა ერთმანეთს შეუდარა ძველი და ახალი ხელისუფლების პირობებში შესრულებული სამუშაოების ხარისხი და ტემპები.

კერძოდ, ელგუჯა ხოკრიშვილის განმარტებით, 2013 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულება 2012 წელთან შედარებით 133 მილიონი ლარით გაიზარდა და 798.595.1 ლარი შეადგინა, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 2012 წელს 655.075.1 ლარი იყო.

2013 წელს სამშენებლო აქტივობა ჩქაროსნულ მაგისტრალზე 111 კმ იყო, მაშინ, როდესაც 2012 წელს ანალოგიური ტიპის სამუშაოები 34 კმ-ით ნაკლებ ნიშნულზე - 77კმ-ზე დაფიქსირდა;

ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე 2012 წელს მოძრაობა მხოლოდ 1.5 კმ-ზე გაიხსნა. 2013 წელს კი ეს მაჩვენებელი 15.4 კმ.-ია

„ძალზე რთული მემკვიდრეობა გვერგო. ეს უკავშირდებოდა იმ უხარისხო პროექტებს, გარკვეულ ინტერესებს, რომლებიც შესაძლოა, ამ პროექტში ყოფილიყო. ბუნებრივია, გარკვეულ ჯგუფებს რევიზია არ მოსწონთ. ამიტომაცაა აჟიოტაჟი ამტყდარი, რომ პროექტი ძველი სტილით განვახორციელოთ, რასაც არ ვაკეთებთ. წელს დაგეგმილი გვაქვს ჩქაროსნული მაგისტრალის მინიმუმ 31 კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნა. კონკრეტულად, სექტემბრის ბოლომდე მოძრაობა კიდევ 31 კმ-იან მონაკვეთზე გაიხსნება. ამის პარალელურად, 140 კილომეტრზე მიმდინარეობს სამუშაოები“, - აღნიშნა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

მისივე თქმით, 2013 წლის ბოლოდან დაიწყო მყარი ნარჩენების მართვის სრულიად უნიკალური პროექტები. მთელი ქვეყნის მასშტაბით კეთილმოეწყო და გამართულ საექსპლუატაციო რეჟიმში შევიდა 6 პრიორიტეტული ნაგავსაყრელი - თელავში, გორში, მცხეთაში, ახალციხეში, ამბროლაურში, ქუთაისში, ოზურგეთში და ზუგდიდში.

2013 წელს მიმდინარეობდა 19 ქალაქისა და 7 დაბის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. 2014 წელს დამატებით დაიწყო 25 ქალაქისა და 3 დაბის წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოები.

2014 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 82 სოფელში, დაიწყო ახალი ამბულატორიების მშენებლობა. აქედან 20 მათგანი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დამონტაჟდა. ახალი ამბულატორიები სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. გარდა ამისა, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში განხორციელდა ჭაბურღილების პროექტი, რომელიც იქ მცხოვრებ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ გადაუჭრის.

მინისტრის თქმით, 2014 წელიდან საქართველოში მკვიდრდება თვითმმართველობის ევროპული ტიპის სისტემა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზეა ორიენტირებული.

„წარმატებული სამუშაოები ხორციელდება ყველა მიმართულებით, მათ შორის, დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებლის მოწყობის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის პრობლემების მოგვარების, წყალმომარაგების გაუმჯობესების, მყარი ნარჩენების მართვის კუთხით და სხვა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრიორიტეტი ხარისხი და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკაა. ჩვენი მიდგომებით, პროექტების ეფექტური განხორციელების დასტურია ის, რომ დონორ ორგანიზაციებთან დავიწყეთ ახალ პროგრამებზე მუშაობა და უკვე ხელმოწერილია 300 მლნ-ზე მეტი დოლარის საინვესტიციო პროექტების დაფინანსება, რაც რეალურ ცვლილებებს მოუტანს ქვეყანას და თითოეული ადამინის კეთილდღეობაზე აისახება“, - აღნიშნა ელგუჯა ხოკრიშვილმა, რომელიც წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წელს ბიუჯეტის 80%-ს აითვისებს.

მინისტრი საკურორტო ზონის თემატიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რევიზიის შედეგად ბათუმში დამატებითი სახსრების მობილიზება გახდა საჭირო, რათა საცხოვრებელი სახლები სტანდარტების შესაბამისობაში მოსულიყო. მისი თქმით, სამინისტრო სტანდარტებს მკაცრად აქცევს ყურადღებას, რადგან მათთვის სახელმწიფო ფულის ხარჯვა თვითმიზანი არაა - მთავარია ხარისხი და შესაბამისი სტანდარტების დაცვა.