საკონსტიტუციო სასამართლო ქართულ მიწებს ანიავებს

საკონსტიტუციო სასამართლო ქართულ მიწებს ანიავებს

საკონსტიტუციო სასამართლომ, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, ქართველი გლეხების წინააღმდეგ გაილაშქრა. სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვაზე შეზღუდვა მოხსნილია. ამიერიდან, უცხოელები ისევ კალიებივით მოედებიან მთელ ქვეყანას და ქართული მიწების ყიდვას გაათმაგებული ენერგიით შეეცდებიან. ის, რაც ყველა განვითარებულ ქვეყანაში მკაცრად კონტროლდება და იზღუდება, საქართველოში ერთი ხელის მოსმით ნიავდება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ავსტრიის მოქალაქის მათიას ჰუტერის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რითაც არაკონსტიტუციურად სცნო პარლამენტის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენის თაობაზე.

„დავის საგანს წარმოადგენდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (საკუთრების უფლება) და მე-14 მუხლთან მიმართებით (თანასწორობის უფლება). სადავო ნორმის მიხედვით, 2014 წლის 31 დეკემბრამდე უცხოელ ფიზიკურ პირებს შეჩერებული ჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების შეძენის უფლება. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმას იგივე შინაარსი აქვს, რაც იმ ნორმას, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. შესაბამისად, არსებითი განხილვის გარეშე, განჩინებით, არაკონსტიტუციურად ცნო და ძალადაკარგულად გამოაცხადა სადავო ნორმა“, - ნათქვამი საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ჯერ კიდევ 2013 წლის სექტემბერში გაასაჩივრა მიწაზე დროებითი სამართლებრივი შეზღუდვის დაწესება. საქმე „მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის იანვარში განიხილა, სხდომის განჩინება კი გუშინ გამოაცხადა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტების მენეჯერის გია გვილავას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი გახდა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული სარჩელი იმის თაობაზე, რომ მიწაზე დაწესებული მორატორიუმი დაუშვებელია, რადგან ის ზღუდავს კერძო პირის უფლებებს.

„სასამართლომ მიიჩნია, რომ მიწის გასხვისების შეჩერება, თუნდაც დროებით, უფლებაშემზღუდავია და გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, უნდა გაუქმდეს“, - აღნიშნა მან. გვილავას ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს და ის გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში, ხოლო მორატორიუმთან დაკავშირებული ნორმატიული აქტი ბათილი იქნება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძეც განმარტავს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მორატორიუმის დაწესება კანონში იყო ჩაწერილი, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლება კანონის რომელიმე ნორმა გააუქმოს. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მორატორიუმი გაუქმდა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი აღშფოთებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით. კომიტეტის ხელმძღვანელი ზურაბ ტყემალაძე განმარტავს, რომ მორატორიუმის გამოცხადება კონსტიტუციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის გათვალისწინებით, დასაშვები იყო.

როგორც ტყემალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რევერანსი გაუკეთა და მიიღო გადაწყვეტილება, რაც არც კანონმდებლობით არის მიზანშეწონილი და არც ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

„საკონსტიტუციო სასამართლომ არასწორი და არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. თავდაპირველად მინდა ვთქვა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახნად, სახელმწიფოს სახელმწიფოებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, უფლება აქვს დააწესოს შეზღუდვა კერძო საკუთრებაზე თუ არ ეწინააღმდეგება საკუთრების არსს. ჩვენ მორატორიუმი 2014 წლის ბოლომდე დავაწესეთ.

თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი კომისია მუშაობს, რომელიც მიწის საკუთრების შესახებ ევროკანონმდებლობასთან შესაბამის კანონს ამუშავებს და ის წლის ბოლომდე მიღებული იქნება. აქედან გამომდინარე, პარლამენტის გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობა ნამდვილად არასწორი იყო.

მეორეც, საკონსტიტუციო სასამართლო ეყრდნობა მის მიერ 2012 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც სულ სხვა შემთხვევას ეხებოდა და არ შეიძლებოდა მისი ამ კონკრეტული შემთხვევისთვის გამოყენება. გარდა ამისა, აღნიშნული მორატორიუმით არავითარ დისკრიმინაციას ადგილი არა აქვს.

მინდა ვუთხრა მოსახლეობას, ფერმერებს და ყველას: კარგად ვხედავთ, როგორ გამოდის ინდოელი მეწარმე და ამბობს, რომ შეუძლია 1 ჰექტრის ფასად საქართველოში 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი იყიდოს. აი, ამას მივიღებთ საბოლოო ჯამში, რადგან ამ კუთხით კანონმდებლობა მოუწესრიგებელია. მოწესრიგებისათვის კი, შექმნილია უწყებათაშორისი კომისია, ვადაა მიცემული წლის ბოლომდე და ამას საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით ხელი შეუშალა“, - აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.

აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვაზე უმკაცრესი შეღზუდვებია დაწესებული ყველა ნორმალურ ქვეყანაში. ევროკავშირში უცხოელებისთვის მიწის მიყიდვა თითქმის გამორიცხულია. საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, დანიაში, ავსტრიაში, ირლანდიაში უცხოელები მიწის შეძენაზე ფიქრიც კი უძნელდებათ, თორემ მიწის პატარა ნაკვეთის ყიდვაც კი, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მეზობელ თურქეთშიც კი უცხოელებზე 2,5 ჰა ნაკვეთზე მეტის მიყიდვა არ შეიძლება. საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი?