შტაინმაიერის იმედზე ვიყოთ ახლა ჩვენ?

შტაინმაიერის იმედზე ვიყოთ ახლა ჩვენ?

"ან ვართ ნატოს წევრი და შესაბამისად დაცულები, ან არ ვართ და არ გვაქვს გარანტიები, მესამე გზა არ არსებობს" - პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ საქართველოს რუსეთისგან თავდაცვისთვის ნატოში უპირობო გაწევრიანება სჭირდება, სხვა დანარჩენი შეთავაზებები კი, მისი შეფასებით, მხოლოდ დროის ფუჭად გაყვანის მცდელობაა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სოსო ცინცაძე: შტაინმაიერის იმედზე ვიყოთ ახლა ჩვენ?

"ჩვენ ევროინტეგრაციის მინისტრს უნდა ვკითხოთ, რომელიც ორი დღის წინ გია ბარამიძესავით ამტკიცებდა, რომ ეს მაპ-ზე მეტს ნიშნავსო. საკითხავია, აქამდე ნატოსთან როგორი თანამშრომლობა გვქონდა? სუსტი? კაი, დავუშვათ, გაგვაძლიერა. აქ ისმის კითხვა, ვის წინააღმდეგ? ჩვენ დღეს ერთადერთი პოტენციური მტერი გვყავს - რუსეთი. მე ვერ წარმომიდგენია, ნატომ როგორ უნდა გაგვაძლიეროს ისე, რომ ჩვენ რუსეთს მოკავშირის გარეშე მარტო გავუმკლავდეთ. თუ რუსეთმა შემოტევა გადაწყვიტა, რაც უნდა გაგვაძლიერონ, თავს მაინც ვერ დავიცავთ. აქედან გამომდინარე, რუსეთთან პირისპირ ისევე დაუცველები ვრჩებით, როგორც აქამდე ვიყავით. როგორც იქნა პეტრიაშვილმა ამოშაქრა, რომ მაპი არაფერია და უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევაო. ეგ ყველამ ვიცოდით. მაპის დროს ვინმე რომც დაგესხას თავს, ალიანსი რეაგირებას არ აკეთებს. ამ შემთხვევაში რომც გაგვაძლიერონ, შედეგი იქნება ის, რომ სამი დღის ნაცვლად თავს ათი დღე დავიცავთ", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

"დღეს იარაღს ჩუქებით არავინ არავის ჩუქნის. ყიდვის ფული გვაქვს? ვთქვათ, ორმა მინისტრმა პრემია არ აიღო, ამით რას ვიყიდით? ერთ "კალაშნიკოვს"? სხვა მე ვერაფერი წარმომიდგენია. აბსურდის თეატრში გადადის ეს ყველაფერი. მე, მაგალითად, გამოვრიცხავ იმას, რომ თავდაცვითი სისტემების განთავსება მოხდეს საქართველოში. გარდა ამისა, მე იმასაც გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა აგრესია თუ გადაწყვიტა, მაინცდამაინც რაკეტების იმედზე იქნება. ესეც სასაცილოა. რად უნდა რაკეტები, რად უნდა სტრატეგიული ავიაცია ჩვენთან მიმართებაში, როცა მის კონტროლქვეშ არის როკის გვირაბი და ისეთი სტრატეგიული პლაცდარმი, როგორიცაა სამაჩაბლო?! ამიტომ საკითხი ასე დგას, ჩვენ ან ნატო გვიცავს და თავის რიგებში გვიღებს, სადაც მოქმედებს მეხუთე მუხლი, ან ყველაფერი ეს არის თამაში. შტაინმაიერს ვუსმენდი. ამბობდა, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ასოცირების ხელშეკრულებას ხელს რომ მოაწერენ, იმედი გვაქვს, რომ რუსეთი ცუდს არაფერს მოიფიქრებსო. შტაინმაიერის იმედზე ვიყოთ ახლა ჩვენ?" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

"ჩვენ შეგვიძლია თავი დავიცვათ რომელიმე ტერორისტული დაჯგუფებისგან, მაგრამ ვერანაირ შემთხვევაში ვერ დავიცავთ თავს რუსეთისგან. ჩვენ ნატოში შევდივართ იმიტომ, რომ რუსეთისგან ვიყოთ დაცულები. ეს ყველაფერი, გინდა მაპი, გინდა სტრატეგიული თანამშრომლობა, გინდა გაძლიერებული თავდაცვა, აბსოლუტურად ნულის ტოლფასი ხდება, თუ შედეგი არ გვექნება. გაძლიერებული თავდაცვის დახმარება ამერიკას აქვს ისრაელთან. თუ ასეთ დახმარებას გაგვიწევენ, კი ბატონო", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ორი ვარიანტია - ან მიგვიღებენ მაშინ, როცა რუსეთი აღარ იქნება ისეთი, როგორიც დღეს არის, ან მაშინ, როცა ნატო აღარ იქნება ასეთი. მაგრამ თუ ორივე დღევანდელ ფორმატში დარჩა, მაშინ ჩვენ ნატოში ვერ შევალთ იმიტომ, რომ რუსეთი ამაზე ომს დაიწყებს. საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის კი დასავლეთი რუსეთთან ბრძოლას არ გააჩაღებს. ზღაპრებია ის, რომ რუსეთს დავაჯერებთ, თითქოსდა საქართველო ნატოში საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გაძლიერებული დახმარება და მსგავსი რაღაცები მხოლოდ სიტყვიერი დახმარებაა და მეტი არაფერი. ან ვართ ნატოს წევრი და დაცულები, ან არ ვართ, მესამე გზა არ არსებობს", - დაასკვნის სოსო ცინცაძე.