მენავთობეები საწვავის გაძვირებისთვის ემზადებიან

მენავთობეები საწვავის გაძვირებისთვის ემზადებიან

მსოფლიო სანავთობო ბაზარზე რთული ვითარებაა. ცალკე უკრაინის კრიზისმა და ცალკე ერაყში არსებულმა დაძაბულობამ შავი ოქროს ფასი საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ ასწია. ასე რომ, საქართველოშიც იგივე ტენდენციას უნდა ველოდოთ.

ივნისიდან მოყოლებული ნავთობის ფასი მსოფლიო ბირჟებზე მუდმივად იზრდება. თვის დასაწყისიდან იგი 5%-ით გაძვირდა და უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაქსიმალური მაჩვენებელია ბოლო 10 თვის განმავლობაში.

თვის დასაწყისიდან დღემდე ლონდონში „ბრენტის“ ნავთობის ფასი გაიზარდა 108,83 დოლარიდან 114,81 დოლარამდე, ხოლო ნიუ იორკში „ლაითის“ ნავთობის ფასი -102,47 დოლარიდან 107,26 დოლარამდე 1 ბარელზე.

ნავთობის ფასის ზრდა ძირითადად განპირობებულია ერაყში არსებული კრიზისით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანაა. ყოველდღიურად ერაყიდან ხდება 2,8 მლნ ბარელი ნავთობის ექსპორტი, რაც ნავთობის მსოფლიო მიწოდების 3%-ს შეადგენს.

„სულ უფრო მეტი საშიშროება იქმნება იმისა, რომ საომარი მოქმედებები ერაყში ნავთობმომპოვებელ და საექსპორტო მიმწოდებელ რეგიონებს მოიცავს, რაც თავის მხრივ, ერაყიდან ნავთობის ექსპორტის შემცირების საფრთხეს ქმნის. ამ ეტაპზე სწორედ ერაყში განვითარებული მოვლენები განაპირობებს მსოფლიოში ნავთობის ფასის ზრდის ტენდენციასაც“, - აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტორთა კავშირში.

ნავთობის გაძვირებას ხელი შეუწყო რუსეთ-უკრაინის კრიზისმაც. სწორედ უკრაინის გავლით ხდება რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტი ევროპაში უკრაინის და აქაც არის საშიშროება იმისა, რომ მიწოდება შეფერხებებით განხორციელდეს.

ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად, გაზრდილია საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე „პლატცის“ მიხედვით (სწორედ მისი მეშვეობით ხდება საქართველოში საცალო ფასის ფორმირება). კერძოდ, ბოლო 3 კვირის ბენზინის ფასი გაზრდილია 69,25 დოლარით, ანუ - 7%-ით - 1055,75 დოლარამდე 1 ტონაზე, დიზელი მომატებულია 54,25 დოლარით, ანუ 6%-ით - 943,50 დოლარამდე 1 ტონაზე.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს. გაზრდილი საერთაშორისო ფასები და არასტაბილური გეოპოლიტიკური ვითარება რთული რეალობის წინაშე აყენებს მთელ მსოფლიოსაც და საქართველოსაც. უახლოეს პერიოდში თუ ფასები არ დარეგულირდა, ადგილობრივ საცალო ქსელში საწვავზე ფასის ზრდას უნდა ველოდოთ.

„მოგეხსენებათ, ერაყი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანაა, შესაბამისად, იქ არსებული ვითარება ყოველთვის მოქმედებს ნავთობპროდუქტების მსოფლიო ფასებზე. როგორც კი იქ სიტუაცია იძაბება და კრიზისი იწყება, ნავთობის ფასი მაშინვე მატულობს.

ამავე დროს, მსოფლიოში ტურისტული სეზონი აქტიურდება და ეს ფაქტორი გარკვეულ გავლენას ფასზე ყოველთვის ახდენს. ცვლილებები სეზონურად ისედაც მოსალოდნელიც იყო. მსოფლიოში საწვავის მოხმარება იზრდება და ფასიც მატულობს, რაც გავლენას ჩვენთანაც მოახდენს“, - აცხადებს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.

2014 წლის იანვრიდან მოყოლებული საწვავის ფასმა კორექცია სამჯერ განიცადა. წლის დასაწყისში მცირედი გაიაფება მოხდა, თუმცა შემდგომ პერიოდში მან გეზი გაძვირებისკენ აიღო და ტენდენცია დღემდე გრძელდება. ბოლოს საწვავი, ივნისის დასაწყისში კიდევ 5-7 თეთრით გაძვირდა.