წავა თუ არა მთავრობა მეხორბლეებთან დათმობაზე

წავა თუ არა მთავრობა მეხორბლეებთან დათმობაზე

1-ლი ივნისიდან მსხვილი იმპორტიორებისთვის, ვისაც კი 200 ათას ლარზე მეტი ბრუნვა ჰქონდათ, ე.წ. შეღავათი გაუქმდა. მათ ისევე როგორც სხვა მეწარმეებს დღგ-ს გადახდა პროდუქციის შემოტანისთანავე უწევთ. მსხვილები იმთავითვე აპროტესტებდნენ ამ გადაწყვეტილებას და არც ახლა შეუწყვეტიათ. განსაკუთრებით აქტიურობენ ხორბლის შემომტანები.

როგორც მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, მათ შეხვედრა ჰქონდათ სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან და პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარესთან. ლევან სილაგავას თქმით, იყო დაპირება, რომ კანონს გადახედავენ, თუმცა რას აპირებს მთავრობა ამ ეტაპზე, უცნობია.

მეხორბლეები ამტკიცებენ, რომ მარაგების შექმნა სჭირდებათ, რადგან ამ პერიოდში რუსეთში ხორბლის მოსავალია, ხოლო ჭარბი მიწოდების და დაბალი ფასის გამო, მარაგები ივსება. სილაგავას თქმით, კრიზისული პერიოდის შემთხვევაში კომპენსირება სწორედ მარაგების საშუალებით ხდება. თუმცა, ახალი კანონის გამო მარაგები 18%-ით შემცირდება. ეს კი ადგილობრივი ბაზრისთვის სულაც არ არის კარგი, რამეთუ საქართველო დიდწილად ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა.

მართალია, ბოლო 2 წელიწადში ადგილობრივი მოსავლის რაოდენობამ მოიმატა, მაგრამ წელს ამ მხრივ რთული ვითარებაა. უამინდობამ წლევანდელი ხორბლის ნათესები დააზიანა და უკვე აშკარაა, რომ საერთო მოსავლიანობა შემცირდება. ზოგიერთ რაიონში ისეთი მძიმე ვითარებაა, შეიძლება, 1 ჰა-ზე 500-600 კგ ხორბალზე მეტი არ მოვიდეს.

შესაბამისად, წელს ადგილობრივი მარცვლეულით ბეღელის შევსების იმედი არ უნდა გვქონდეს. აქამდე დღგ–ს გადახდის რეჟიმი იძლეოდა საშუალებას ხორბლის მოსავლის პერიოდში დაბალ ფასად შეეძინათ ხორბალი და შეექმნათ მარაგი, რათა კრიზისულ პერიოდში სტაბილური ფასი შეენარჩუნებინათ. ლევან სილაგავას თქმით, კანონის მიღებამდე შეხვედრა ჰქონდათ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომელიც მხარს უჭერდა აზრს, მიღებული ცვლილებები არ გავრცელებულიყო ხორბალზე. ახლა რაკი კანონი ძალაში შევიდა, მეხორბლეებს 18–20%–ით ნაკლები მარაგი ექნება, რაც რეზერვზე აისახება და კრიზისულ პერიოდში ფასის დაჭერა გართულდება.

არხეინად თავს არც სხვა იმპორტიორებბი გრძნობენ. ყოველ შემთხვევაში, მათ იმგვარი პოზიცია აქვთ, რომ პრობლემები არ ასცდებათ. ერთ–ერთი უმსხვილესი იმპორტიორის „ალიანსის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ იმპორტიორებს დღგ–ს გადახდა შემოტანიდან 30 დღეში მოუწევთ.

როგორც მამუკა ცაგარელმა „კომერსანტს“ განუცხადა, შეღავათის გაუქმება დამატებით საბრუნავ საშუალებებს მოითხოვს, რაც კომპანიების მოგებას შეამცირებს. მისი აზრით, მთავრობა მიღებული გადაწყვეტილებით იძლევა სიგნალებს, რომ ხელისუფლება ბიზნესის მიმართ კეთილგანწყობილი არ არის.

ცაგარელის აზრით, ახალი კანონი იმპორტის მოცულობას არ შეამცირებს, თუმცა თუ აქამდე არსებული თანხა ეკონომიკაში რეინვესტირებისათვის იყო განკუთვნილი, მისი ნაწილი დღგ–ს გადასახადის ადრე გადახდაზე წავა, რაც თავის მხრივ, ეკონომიკურ აქტივობაზე აისახება. ამიტომ, პარლამენტის გადაწყვეტილება იმპორტიორების საქმიანობას კატასტროფულად არ შეაფერხებს, თუმცა ბანკიდან დამატებითი თანხების მოზიდვა ხარჯებს გაზრდის, რაც კომპანიის შემოსავლებზეც აისახება.

საგადასახადო კოდექსში აღნიშნული ცვლილებების ინიციატორი პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე გახლდათ. იგი იმპორტიორებს მოუწოდებს, „დაწყნარდნენ და ჩადგნენ იმ პირობებში, როგორშიც სხვა ქართველი მეწარმეები იმყოფებიან“. საკანონმდებლო ორგანომ ცვლილებები 2014 წლის 25 აპრილს დაამტკიცა, ხოლო ძალაში 1-ელ ივნისს შევიდა.

ტყემალაძის განმარტებით, იმპორტიორი, რომელიც წლის განმავლობაში 200 ათასი ლარის დღგ-ს იხდიდა, დაბეგვრის სპეციალური წესით სარგებლობდა. „ძველი ნორმა ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას, საგადასახადო კოდექსს, თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის შესახებ კანონების მოთხოვნებს. იგი არაკონკურენტუნარიან გარემოში აყენებდა მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს, რაც აშკარა დისკრიმინაციაა“, - ამბობს დეპუტატი.

კონკურენციის შესახებ კანონის მე-10 მუხლში განმარტებულია, რომ დაუშვებელია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ეკონომიკური აგენტისათვის (პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას) ისეთი საგადასახადო ან სხვა შეღავათები დააწესონ, რომლებიც კონკურენტებთან (ან პოტენციურ კონკურენტებთან) შედარებით უპირატესობას ანიჭებს მას და ზღუდავს კონკურენციას. კონკურენციის შესახებ კანონის მე-12 მუხლის თანახმად, სახელმწიფო დახმარება, რომელიც კონკურენციას აფერხებს ან კონკურენციის შეფერხების საშიშროებას ქმნის, იკრძალება.