რუსული ბაზრის კარი თანდათან ფართოვდება

რუსული ბაზრის კარი თანდათან ფართოვდება

2 დღეში რუსეთიდან მორიგი შემმოწმებლები ჩამოვლენ. „როსსელხოზნადზორის“ დელეგაცია საქართველოს 22 ივნისს ეწვევა. ამის შემდეგ, ქართულ აგრარულ პროდუქტს ჩრდილოეთისენ გზა სრულად გაეხსნება.

4-კაციანი დელეგაციის სტუმრობა საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილისა და რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, ალექსი საურინის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა.

რუსი სპეციალისტები კახეთში ჩავლენ და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად საექსპორტო პარტიების ფიტოსანიტარიულ კონტროლს ჩაატარებენ. აღნიშნული პროცედურა სატრანსპორტო საშუალებებში პროდუქციის ჩატვირთვამდე განხორციელდება.

სააგენტოს განმარტებით, 2014 წლის 26 მაისიდან რუსეთში საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე მცენარეული წარმოშობის ქართული პროდუქტი - ახალი კარტოფილი (გარეცხილი, სამომხმარებლო შეფუთვით), პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ბალი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ქლიავი, ხურმა, კივი, კენკროვნები დაემატა.

აქვე სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მოუწოდებს, ნუ შეეცდებიან რუსეთში ხილ-ბოსტნეულის თვითნებურად გატანას და საჭირო პროცედურების გასავლელად შესაბამის სამსახურებს მიმართონ.

„აღნიშნულმა პროდუქციამ საექსპორტო პარტიების ფორმირებამდე უნდა გაიაროს ფიტოსანიტარიული კონტროლი, რაც დაადასტურებს, რომ ქართული პროდუქტი ფიტოსანიტარიულ რისკებს არ შეიცავს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, ნუ ეცდებიან ხილ-ბოსტნეულის თვითნებურად გატანას რუსეთის ფედერაციაში. მათ უნდა მიმართონ შესაბამის სამსახურებს“, - აცხადებენ სააგენტოში.

ამჯერად რუსი სპეციალისტები ადგილობრივებთან ერთად საექსპორტო პარტიების ფიტოსანიტარიულ კონტროლს ჩაატარებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი გიგა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ საქართველოში დღესაც არის კომპანიები, რომლებსაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია ადგილობრივი ბაზრისთვის მოჰყავთ და აწარმოებენ. რუსული ბაზრის კიდევ უფრო გახსნის შემდეგ კი ამ სფეროში, შესაძლოა, ახალი მეწარმეებიც გაჩნდნენ.

„ამ თვალსაზრისით გარკვეულ ღონისძიებებს ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო - კოოპერაციების სახით. ახალი საწარმოებისთვის სტიმული იქნება რუსული ბაზრის გაფართოება. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ჩამოყალიბდეს ფერმერული მეურნეობა. ერთი მხრივ, მოქმედებს მცირემიწიანთა დახმარების პროექტი და არის ხელმისაწვდომი კრედიტები, ახლა ბაზარიც გაიხსნა, რის შემდეგაც ჯერი ბიზნესზეა - ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ ინიციატივები“, - აცხადებს გიგა ქურდოვანიძე.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისკენ ქართული სამეურნეო ნაწარმის უმეტესობას გზა გაეხსნა, ისინი საექსპორტო პროდუქციის ხუთეულში ჯერჯერობით არ ჩანან. თუ საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებს გადავხედავთ, ცხადი ხდება, რომ არც ერთი ის პროდუექტი, რომელიც რუსეთში ტრადიციულ საექსპორტო პროდუქციად ითვლება (ღვინო, წყლები, ხილ-ბოსტნეული) საქართველოს საექსპორტო ხუთეულში არ შედის.

თუმცა ბაზრის დაბრუნებას დრო სჭირდება. თანაც ქართული პროდუქტი ჯერ 1 წელიც არ არის, რაც ჩრდილოეთში გადის. ბოლო პერიოდში ამას დაემატა სატრანსპორტო პრობლემები. როცა ეს ყველაფერი მოწესრიგდება, ადგილობრივი სამეურნეო ნაწარმი საექსპორტი ჩამონათვალში წამყვან პოზიციებზე აუცილებლად იქნება.