საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, მწარე ხევის საბადოზე ბუნებრივი აირის მოპოვება და დისტრიბუცია დაიწყო. პროექტს ამერიკული კომპანია „ფრონტერა“ ახორციელებს. სულ საუბარია 42 მლრდ კბ/მ გაზის მარაგზე, რომელიც საქართველოს დღევანდელი მოხმარების პირობებში დაახლოებისთ 20-22 წელიწადს ეყოფა.
მწარე ხევის საბადოზე აღნიშნული პროექტის განხორციელება 2011 წლიდან დაიწყო, თუმცა უშუალოდ გაზის ამოტუმბვა და მილებში ჩაშვება გუშინდელი დღიდან მოყოლებული ხორციელდება. ჭაბურღილიდან მილებში ბუნებრივი აირის პირველად გაშვების პროცესს, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც ესწრებოდა.
„ესაა ისტორიული მოვლენა. ჩვენ საქართველოში 1997 წლიდან ვმუშაობთ, ძირითადად, კვლევებს ვაწარმოებთ ნავთობისა და გაზის სფეროებში, აღმოვაჩინეთ 42 მილიარდი კუბური მეტრის გაზის საბადო, რომელიც მომავალში საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინაპირობა იქნება“, - განაცხადა „ფრონტერას“ აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ნიკადროსმა.
პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმაც. „ცნობილია, რომ საქართველო არის ენერგოტრანზიტის ქვეყანა, მაგრამ მას აქვს პოტენციური შესაძლებობა, რომ გახდეს მნიშვნელოვანი რაოდენობის გაზის მომპოვებელი სახელმწიფოც. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობას და საშუალებას მისცემს ქვეყანას ბუნებრივი აირი ექსპორტზეც კი გაიტანოს, ეს ნამდვილად წინ გადადგმულია ნაბიჯია ენერგეტიკის სფეროში“, - აღნიშნა ნორლანდმა.
კომპანია „ფრონტერა“ საქართველოში 1997 წლიდან მოღვაწეობს. ამ პერიოდის განმავლობაში მან 400 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახერხა.
რამდენად გახდება საქართველო ბუნებრივი აირის მიმართულებით ენერგოდამოუკიდებელი, ეს რთული საკითხია, მაგრამ გავრცელებული მოსაზრება, რომ ქვეყანაში სათბობ-ენერგეტიკული რესურსები არ არსებობს, თანდათან იმსხვრევა.
„იმის მიუხედავად, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო ბუნებრივი რესურსების მარაგით ვერ უტოლდება აზერბაიჯანსა და თურქმენეთს, სხვა ქვეყნებთან, მაგალითად, მოლდავეთთან და სომხეთთან შედარებით, ამ მხრივ, მდიდარია. შესაბამისად, ღრმად მცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს ნავთობი და ბუნებრივი აირი არ აქვს“, - ამბობს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენელი, გეოლოგი სოსო ღუდუშაური.
საქართველოში გაზის მოპოვება 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო. ეს იყო სამგორი-პატარძეულის საბადოდან მოპოვებული ნავთობის თანმყოლი გაზი. ნავთობის პიკური მოპოვების პერიოდში (1980-1983 წწ) ასეთი გაზის წლიური მოპოვება 300 მლნ კუბ/მ-ს აღწევდა.
2000 წლის შემდეგ საქართველოში კერძო კონტრაქტორების შემოსვლის ხარჯზე საბადოების ძებნის სამუშაოები ისევ განახლდა. დღესდღეობით 20 კერძო კომპანიასთან ხელშეკრულებებია გამოფორმებული. ზოგიერთ მათგანთან 25- წლიანი ვადით, თუმცა ფინანსურმა პრობლემებმა კერძო ინვესტორების შემთხვევაშიც იჩინა თავი. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა შავი ზღვის შელფზე ნავთობწიაღისეულის მოპოვების დროს შეიქმნა.
რაც შეეხება ე.წ. თავისუფალ გაზს, მისი მოპოვება 1983 წელს დაიწყო, როდესაც რუსთავის გაზის საბადო აღმოაჩინეს. მოგვიანებით, თავისუფალი და მომყოლი გაზის მოპოვება გაგრძელდა ასევე ნინოწმინდის უბანზე, სადაც ამჟამადაც მიმდინარეობს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაზის წლიური მოპოვება, საშუალოდ 16.5 მლნ კუბ/მ-ია. სულ საქართველოში მოპოვებულია 2.8 მლრდ კუბ/მ გაზი.
სადამდე გაწვდება საქართველოს 42 მლრდ კბ/მ აირი? დღესდღეობით მთლიანად ქვეყნის მოხმარება 1,8 მლრდ კბ/მ-ს შეადგენს. მარტივი არითმეტიკული გათვლებით ახალი საბადო 20-22 წელიწადი მაინც უნდა გვეყოს, თუმცა აქ სხვა პრობლებმებიცაა. კერძოდ, მარაგები სულაც რომ ამოუწურავი გვქონდეს, ჩვენი (და აქ მომუშავე უცხოური კომპანიების) სამრეწველო პოტენციალი ძალიან შეზღუდულია. 30 წლის წინათ, როდესაც ბუნებრივი აირის მოპოვება საქართველოში პიკზე იყო, წლიური მოპოვებბა 300 მლნ კბ/მ-ს არ აღემატებოდა (ამჟამინდელი მოხმარების 16.5%), ახლა კი მთელი წლის განმავლობაში სულაც 16.5 მლნ კუბ/მ-ს მოვიპოვებთ (მოხმარების 0.9%). საწარმოო სიმძლავრეები გაზრდას კი დამატებით ინვესტიციები სჭირდება, რომელიც, საბოლოო ჯამში, მოპოვებული რესურსის თვითღირებულებას გააძვირებს.