ახალი ეკონომიკური პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ რეგიონებში გავიდა და მეწარმეებისთვის ღია კარის დღეების მოწყობას შეუდგა. მთავრობა პროექტზე უდიდეს იმედს ამყარებს. ექსპრეტთა ნაწილი კი ცოტა არ იყოს სკეპტიკურად არის განწყობილი.
ეკონომიკის სამინისტრომ გორში, ადგილობრივი ბიზნეს-სექტორისთვის სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გამართა, სადაც დეტალურად განიხილეს სახელმწიფო პროგრამის მიმართულებები, კონკრეტული სექტორები და ის პირობები, რომლითაც მთავრობა ხელს უწყობს ახალი საწარმოების შექმნას და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებას.
„მეწარმეებს დეტალურად ვაცნობთ პროგრამის მნიშვნელობას და მიმართულებებს. აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამა ყველა მეწარმეს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას შექმნან ახალი საწარმოები, განვითარდნენ და ბიზნეს-იდეები რეალურ საქმედ აქციონ“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
პროგრამა მხარს უჭერენ ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. მათ შორის, უმსხვილესია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომელიც საქართველოში საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისას რამდენიმე პრიორიტეტით იხელმძღვანელებს.
ევრობანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერა აცხადებს, რომ საფინანსო ინსტიტუტს საქართველოში ოპერირებისას 3 სტრატეგიული მიმართულება გააჩნია: სოფლიე მეურნეობა, კვების მრეწველობა-გადამამუშევაბელი წარმოება და სასტუმროების ბიზნესი (ტურიზმი).
ეს ის მიმართულებებია, რომელსაც განვითარების პერსპექტივა გააჩნია და კერძო სექტორი უმეტესწილად ტრადიციულად კომერციული ბანკების საშუალებით ფინანსდება. თუმცა, ამის მიუხედავად, EBRD-ი „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში მთავრობასთან თანამშრომლობას აპირებს.
„10-ზე მეტი პრიორიტეტული დარგია, მათ შორის, საფეიქრო, მსუბუქი მრეწველობა და ისინი პერსპექტიულია. ჩვენ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
ეკონომიკის სამინისტრო ქართველ მეწარმეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, რომ მათ თავიანთი წარმოება მეთოდურად განავითარონ. პირველი ორი წლის განმავლობაში მათი საქმიანობის გარანტორი სახელმწიფო გახდება.
პროექტის ფარგლებში, სესხის მოცულობიდან გამომდინარე, საპროცენტო განაკვეთი 11-13 პროცენტია და აქედან 10 პროცენტს სახელმწიფო პირველი ორი წლის განმავლობაში აფინანსებს. პროგრამაში ჩართული პირისათვის საპროცენტო განაკვეთის მოცულობა 1-დან 3 პროცენტამდე მერყეობს.
პროექტის - „აწარმოე საქართველოში“ - ბიუჯეტი 46 მილიონი ლარია და მასზე მთელი მთავრობა უდიდეს იმედს ამყარებს. სპეციალისტთა ნაწილი კი ცოტა არ იყოს სკეპტიკურად უყურებს დასახული მიზნის სრულფასოვნად შესრულების პერსპექტივას. ოღონდ ამის მიზეზი არა პროექტის ნაკლოვანებაა, არამედ ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო კოდექსი, რომელიც მეწარმეობას (განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს) ზღუდავს.
ზოგადად „აწარმოე საქართველოში“ ითვალისწინებს მსოფლიოში ძირითად დამსაქმებელ დარგებად აღიარებული მცირე მეწარმეობისა და სამრეწველო ბიზნესის, უპირატესად კი, სოფლის პროდუქტების გადასამუშავებელი ადგილობრივი მრეწველობის ფორსირებულ აღორძინებას სახელმწიფოს უშუალო დახმარებითა და გვერდში დგომით.
თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე მიიჩნევს, რომ ჩანაფიქრი ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ უდავოდ მისასალმებელი, თუმცა დღევანდელი საგადასახადო პირობებში განუხორციელებელია. მისი აზრით, ჯერ კიდევ 1997 წელს მიერ მიღებული (შემდგომში მრავალგზის შესწორებულ-გადაკეთებული) „ანტიმცირემეწარმეობრივი საგადასახადო კოდექსი“ დღემდე უმოწყალოდ ანადგურებს სწორედ მცირე მეწარმეობასა და სოფლის პროდუქტების გადასამუშავებელ, როგორც საშუალო და მსხვილ, ისე განსაკუთრებული სისასტიკით მცირე საწარმოებს.
„დღევანდელი საგადასახადო კოდექსის პირობებში ეს პროგრამა ჩავარდება. ახალი საგადასახადო კოდექსის გარეშე „აწარმოე საქართველოში“ დამთავრდება კრახით“, - აცხადებს საკანდელიძე. ამის მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში საკმაოდ დიდი გადასახადები (ჩვენი ეკონომიკური განვითარების დონესთან შეფარდებით) და რთული გამოანგარიშების სისტემაა.
„თავი დავანებოთ ტრაბახს, თითქოს საქართველოში გადასახადების რიცხვი მინიმალურია და გვაქვს კარგი საგადასახადო კოდექსი. ეს არ არის სწორი. სამიოდე წლის წინ 145 ქვეყანას შორის გადასახადების რაოდენობის მიხედვით ვიყავით 92-ე ადგილზე, ხოლო გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის სირთულეების მიხედვით, ერთ-ერთ ბოლო 142-ე ადგილზე აღმოვჩნდით“, - ამბობს ანზორ საკანდელიძე.
მისი აზრით, გამოსავალი ერთადერთია - სასწრაფოდ არის მისაღები ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი საგადასახადო კოდექსი, სადაც გათვალისწინებული იქნება ევროპული რეკომენდაციები საგადასახადო ტვირთის 2-ჯერ შემცირების შესახებ.