საქართველოში ყველასათვის მოულოდნელად უღელტეხილების პრობლემა გაჩნდა. ქვეყნის 2 ყველაზე მნიშვნელოვან გადასასვლელზე პერმანენტული პრობლემებია. რიკოთი ბოლო 1 კვირაში 2-ჯერ ჩაიკეტა, დარიალის ხეობაში ჯერჯერობით სათადარიგო გზა მოქმედებს და არავინ იცის ძირითადი სავალი ნაწილი როდის გაიხსნება.
არადა, ახლა ზაფხულის ტურისტული პერიოდი იწყება და მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება გააქტიურდება. ცენტრალურ მაგისტრალებზე არსებული პრობლემები კი მგზავრებს და გადამზიდავებს სერიოზულ თავსატეხს გაუჩენს.
ერთ-ერთი ყველაზე გამართული რიკოთის უღელტეხილი ბოლო რამდენიმე დღეში უკვე მეორედ ჩაიკეტა. იქ მოძრაობა კვლავ აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტში ჯერ არ იციან როდის განახლდება უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა. საქმე ისაა, რომ სიტუაციას ადგილზე გეოლოგები სწავლობენ.
„გაწმენდითი სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. როდის გაიხსნება გზა, ჯერ უცნობია. ველოდებით გეოლოგების დასკვნას, რომლებიც ვითარებას ადგილზე სწავლობენ“, - განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
რიკოთის უღელტეხილის 146-ე კილომეტრზე მეწყერი განმეორებით ჩამოწვა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხევთან 3 ათასი კუბური მეტრი მოცულობის მიწისა და კლდის მასის ჩამოშლამ მთლიანად გადაკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზით ხორციელდება, რომელიც, თავის მხრივ, გამართული არ არის. ამ გზის რამდენიმე კილომეტრზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რამდენადაც ახლა ავტომობილების დიდი ნაკადი საჩხერე-ჭიათურის მიმართულებით დაიძრა, სარემონტო სამუშაოები შეწყდა. შესაბამისად, ავტომფლობელებს რთულ პირობებში უწევთ გადაადგილება.
„ჯერჯერობით გზა კვლავ გადაკეტილია, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხდება საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით. კიდევ ჩამოდის ნაშალი, ამიტომ საშიშროება ისევ არის. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მუშები, თუმცა მთის ჩამონაშალი, ქვები და ფიჩხები ჩამოდის. საკმაოდ დიდი მასაა, ამიტომ ჯერჯერობით არ ვიცით როდის გაიხსნება გზა“, - აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
პირველად კი გზა 1 კვირის წინ ჩამოიშალა ამინდის მკვეთრად გაუარესების გამო. რიკოთი 2 დღით დაიკეტა, შემდეგ დაახლოებით ამდენივე დღე გაიხსნა, მაგრამ მიწის ჩამოშლის გამო ისევ დაიკეტა. ბოლო შემთხვევაში მიზეზი უამინდობა არ ყოფილა, ამიტომაც ვითარებას უფრო სერიოზული ანალიზი სჭირდება.
გაცილებით დიდი პრობლემა იყო დარიალის ხეობაში, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდა და ახლაც არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი. მართალია, ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, მაგრამ მხოლოდ სათდარიგო გზით და ისიც მუდმივად არა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დარიალის ხეობაში რუსეთთან დამაკავშირებელ ახლადგახსნილ სათადარიგო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეწყდება. ეს უკავშირდება ყინულის დნობას, რაც გზას ატალახებს და საჭიროა გაწმენდითი სამუშაოები. როგორც დეპარტამენტში აღნიშნეს, დასუფთავების სამუშაოები დღის განმავლობაში, შესაძლოა, 1 საათი ან ცოტა უფრო მეტხანს გაგრძელდეს.
რაც შეეხება მეწყრის შედეგად 17 მაისს მოწყვეტილ ძირითად გზას, მისი აღდგენის კონკრეტული თარიღის დასახდელება ვერ ხერხდება. გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ გზა პროექტირება სჭირდება.
რაც შეეხება სათადარიგო გზის გამტარუნარიანობას, იგი ასე თუ ისე მოგვარებულია. მასზე გადაადგილდებიან სატვირთო ავტომობილები, შესაბამისად, საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო გადაზიდვები აღდგენილია. ის კი არადა, დარიალის დროებითი გზით უკვე ისარგებლეს სომეხმა გადამზიდავებმაც.