რა მოხდება იმ შემთხვევაში თუკი ევროკაშირთან ასოცირების შემდეგ თავისებური შეზღუდვა დაწესდება ავტომობილის სტანდარტზე, დაახლოებით, ისეთი როგორც აზერბაიჯანშია. ჩვენს მეზობლებისთვის ამგვარი რამ არავის დაუვალდებულებია, მაგრამ მათ თავად დააწესეს ახალი მოთხოვნები.
პირველი ევროკავშირული მოთხოვნა ავტომფლობელებისთვის გაისად დაინერგება. საქმე ეხება მანქანების ტექდათვალიერებას. სხვათა შორის, აქ ევროპა არაფერ შუაშია. კონტროლის ეს მექანიზმი საქართველოში ყოველთვის არსებობდა და მისი გაუქმება სააკაშვილის მმართველობას უკავშირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მარტოოდენ საქართველოა დარჩენილი, სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს ავტომობილების ტექდათვალიერება.
ახლოვდება 27 ივნისი - დღე, როდესაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უნდა მოაწეროს ხელი. ამ დღის მოახლოებასთან ერთად ჩნდება ეჭვი - ევროკავშირთან დაახლოება ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენთანაც ავტომატურად შემოვა „ევრო 4“-ის სტანდარტი, როგორც ავტომობილებზე, ისე საწვავზე? ჩვენთანაც ხომ არ გახდება სავალდებულო ავტოპარკის განახლება? ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის აზრით, ამ სფეროში ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება.
„როდესაც ევროკავშირის წევრები გავხდებით, ავტომობილებისა და საწავავის ხარისხიც დღის წესრიგში დადგება. ჩემი აზრით, სასურველია ეტაპობრივად მოხერხდეს ჩვენი ნორმების დაახლოება ევროსტანდარტებთან. სხვათა შორის, ეს მთავრობის დადგენილებებშიც არის ჩადებული, ოღონდ ეს თანდათან უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე ჩვენ არავინ გვავალდებულებს სასწრაფოდ გადავიდეთ იმ სტანდარტებზე, რომლებიც ევროპაში მოქმედებს. მომავალში კი, ქვეყანა ვალდებული იქნება თანდათან, ეტაპობრივად დაუახლოვდეს ევროსტანდარტებს. თუ ევროკავშირის წევრობა გვინდა, ეს უკვე გულისხმობს, რომ იქ არსებული ნორმები უნდა მივიღოთ.
თუ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, მთავრობაც იძულებული გახდება გარკვეული შეზღუდვები დააწესოს ავტოტრანსპორტის იმპორტსა და რეალიზაციაზე. რაც უფრო ახალია ავტოპარკი, მით უფრო ნაკლებად აბინძურებს გარემოს, მაგრამ როგორც გითხარით, ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, მოსახლეობის მატერიალურ შესაძლებლობებზე... შეიძლება მხოლოდ წავახალისოთ ახალი სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი - ეს იქნება საუკეთესო გზა, რომ ახალი ტრანსპორტიც შემოვიდეს და ხალხიც არ დაზარალდეს“, - ამბობს მთვრალაშვილი სააგენტო „ბიპიენთან“ საუბრისას.
ამ მოსაზრებას იზიარებს, ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძეც. მომავალში, შესაძლოა, სახელმწიფომ შემოიღოს ისეთი ეკონომიკური სანქციები, რომ ადამიანს ძველი ავტომანქანის შენახვა უფრო ძვირი დაუჯდეს. მაგალითად, იაპონიაში ასეთი წესი აქვთ: რაც უფრო მეტი ასაკისაა მანქანა, მით უფრო მეტია მასზე დაზღვევის გადასახადი.
აზერბაიჯანისთვის არც ევროკავშირს დაუვალდებულებია და არც სხვა გაერთიანებას, მაგრამ 2014 წლის 1-ლი აპრილიდან ამ ქვეყანაში ავტოიმპორტზე გარკვეული შეზღუდვა მოქმედებს. იქ ე.წ. „ევრო-4“-ის სტანდარტია შემოღებული, რაც გულისხმობს, რომ ქვეყნის საბაჟოს 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილი ვერ გადაკვეთს.
საინტერესოა, რომ საწვავის კომპონენტში ასეთი შეზღუდვა არ დაწესებულა. ქვეყანაში ახლაც „ევრო-2“-ის სტანდარტის ბენზინი იყიდება. ეს იმიტომ, რომ აზერბაიჯანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ვერ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის საწვავის წარმოებას. არადა, ავტომობილების და საწვავის სტანდარტის კონტროლი ერთმანეთზეა მიბმული, თუმცა ჩვენს მეზობლად ამ საკითხთან თავისებური დამოკიდებულება აქვთ.
აღსანიშნავია, რომ მანქანების ასაკთან დაკავშირებული შეზღუდვა აზერბაიჯანის გარდა, არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ მოქმედებს (არ იგულისხმება ბალტიისპირეთი). მართალია რუსეთში, ბელორუსში, ყაზახეთსა და აწ უკვე სომხეთში თავისებური შეზღუდვებია, მაგრამ იგი საბაჟო კავშირში დაწესებულ მაღალ ტარიფებს უკავშირდება. ამის გამო, ამ სახელმწიფოებში მესამე ქეყნებიდან შესულ ავტომობილებზე წარმოუდგენლად დიდი გადასახადი მოქმედებს. შესაბამისად, იქ მოხმარებაში 90%-ით რუსული წარმოების ავტომობილებია.