სეტყვა მძლავრობს, სტიქიის საწინააღმდეგო აპარატურას აგვიანდება

სეტყვა მძლავრობს, სტიქიის საწინააღმდეგო აპარატურას აგვიანდება

სტიქიური შემოტევები უკვე ძალიან თვალშისაცემი გახდა. განსაკუთრებით სავალალოა სეტყვისგან მიყენებული ზარალი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს უმეტესმა რაიონმა იწვნია კიდეც. ამ დროს ირკვევა, რომ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების დამონტაჟება წელსაც არ იგეგმება. საუკეთესო შემთხვევაში, მისი შემოტანა და მოქმედებაში მოყვანა 2015 წლის გაზაფხულიდან დაიწყება.

გუშინ ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ლაგოდეხის რაიონის სამი სოფელი - კარსუბანი, ვარდისუბანი და ჩადუნიანი დააზარალა. დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სოფელ კართუბანში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც დაიტბორა. ლაგოდეხის გარდა, ძლიერმა წვიმამ ყვარლის რაიონის სოფელი ახალსოფელიც დააზარალა.

სოფელ გურჯაანში, ჭანდარსა და ვეჯინში კი განადგურებულია ატმის მოსავალი და ვენახები. ადგილობრივების თქმით, სტიქია 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც ვენახები 50 პროცენტით დააზიანა.

მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მოსავლის გადარჩენას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ხელისუფლება მათ შხამქიმიკატებით დაეხმარება.

სოფელ გურჯაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ნოდარ რაქვიაშვილის განცხადებით, ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობას უკვე შეუდგა.

ამის შემდეგ სტიქიამ ქვემო ქართლში გადმოინაცვლა და წალკას დაატყდა თავს. სხვათა შორის, წალკის მუნიციპალიტეტის სოფლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამედ დაისეტყვა. ამ რეგიონში მოსავლიანობა ისედაც მცირეა და ხალხს რისი იმედიც ჰქონდა ისიც გაუნადგურდა.

დასეტყვილია რამდენიმე სოფელი და რაიონული ცენტრიც. როგორც გამგეობაში აცხადებენ, სტიქიამ გადაუარა უშუალოდ წალკას, სოფელ გუმბათს და ბეშთაშენის თემს. რამდენიმე სოფლის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ნათესები, ხეხილი და ბოსტნეული განადგურებულია.

სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს გამგეობასთან არსებული კომისია დილიდან სწავლობს. ადგილობრივი მოსახლეობა სტიქიისგან მიყენებული ზარალის სახელმწიფოსგან ანაზღაურებას ითხოვს.

წლევანდელზე ზაფხულზე სტიქია ძალიან გააქტიურდა. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ზარალის მასშტაბები საკმაოდ დიდია. 2-3 დღეში ერთხელ სეტყვა რომელიმე რაიონს მაინც აზარალებს. ამ დროს მთავრობამ ვერაფრით მოაბა თავი სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების დამონტაჟებას. თითქოს აპარატურა წელს უნდა შემოეტანათ და შესაბამის ადგილებში განეთავსებინათ, მაგრამ პროცესმა 1 წლით გადაიწია.

სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფიას ინფორმაციით, კახეთის რეგიონში სპეციალური სარაკეტო სისტემის დამონტაჟება მომავალი წლის გაზაფხულიდან იგეგმება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პრევენციას მოახდენს. მინისტრის თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ორგანიზაცია „დელტა“ სეტყვის მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

თუმცა შალვა ფიფია მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით აგროდაზღვევის განვითარებაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი ინფორმაციით, მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში სპეციფიკური კვლევა ჩატარდება და ამის შემდეგ სამინისტრო აგროდაზღვევის პროექტს უკვე წარმოადგენეს.

დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი გურიასა და სამეგრელოს რეგიონებში არსებული ზარალს კი, მინისტრის განცხადებით, სპეციალისტები აღრიცხავენ. აღირიცხება ინფრასტრუქტურული ზარალიც და სწორედ ამის შემდეგ მიირებს მთავრობა გადაწყვეტილებას თუ რა ფორმით მოხდება ამ ზარალის ანაზღაურება.