მაგრამ ეს ყველაფერი ჯერჯერობით ისევ პრეზენტაციის ფარგლებში ხდება და ვინ რას ეთანხმება, ისევ უცნობია. თუმცა, გადაწყდა, რომ 23 მარტს უკვე კონკრეტული საკითხები განხილვა გაიმართება. პირველი საკითხი კი ამომრჩეველთა სიები იქნება.
პრინციპში, ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად და ყველაზე ხანგრძლივად სწორედ საარჩევნო სიების საკითხი განიხილება. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ივლისიდან “ოპოზიციური რვიანი” ამომრჩეველთა სიების შედგენას ბიომეტრიული მონაცემებით ითხოვს.
თუმცა, ამის შემდეგ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბოლივიის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ჩამოიყვანეს, ვინაიდან ბოლივიაში ეს სისტემა უკვე გამოიყენეს და თანაც ამის გაკეთება საკმაოდ მოკლე ვადაში და საქართველოზე გაცილებით მძიმე პირობებში მოახერხეს.
ამის შემდეგ ხელისუფლებამ ოპოზიციას საკუთარი გაანგარიშება წარუდგინა, რომლის თანახმად საარჩევნო სიების ბიომეტრიული მონაცემებით შედგენა საქართველოს მასშტაბით 189 მილიონ ლარამდე დაჯდება. ოპოზიციამ კი ამ გათვლებში ელემენტარული არითმეტიკული შეცდომები აღმოაჩინა და მათი დათვლით, ეს პროცესი მაქსიმუმ 66 მილიონი ლარი შეიძლება დაჯდეს.
ასეა თუ ისე, ხელისუფლებამ კატეგორიული პოზიცია შეიცვალა და ოპოზიციას სთავაზობს, რომ სიების ბიომეტრიული მონაცემებით შედგენა პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მასშტაბით განხოციელდეს და ამასთან, საჭირო თანხა დონორ ორგანიზაციებთან იქნას მოძიებული.
ხელისუფლება აცხადებს, რომ საარჩევნო სიები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დადებითად არის შეფასებული და რაიმე პრეტენზია არც თავად გააჩნიათ. თუმცა, იმის გამო, რომ ოპოზიცია ამ საკითხს აქტიურად აყენებს, ხელისუფლება სთავაზობს, საარჩევნო სიების ბიომეტრიული მონაცემებით შედგენის საპილოტე პროგრამა თბილისში განხორციელდეს და ამისთვის საჭირო დაფინანსება ერთობლივად იქნას მოძიებული.
ამასთან, იმ ამომრჩევლის, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხვდება ბიომეტრიულ სიაში, მიეცეს ხმის მიცემის უფლება გადამოწმების დამატებითი მექანიზმების გამოყენებით.
ხელისუფლება ოპოზიციას საარჩევნო სიების გადამოწმების დამატებით საშუალებებსაც სთავაზობს. ამისთვის კი ორი ვარიანტიაქვს წარმოდგენილი. პირველი ვარიანტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტიული წარმომადგენლების დანიშვნა 6 თვით ადრე უნდა მოხდეს, ნაცვლად 2 თვისა.
მეორე ვარიანტით კი, არჩევნებამდე გარკვეული პერიოდით ადრე უნდა შეიქმნას პარტიათაშორისი ჯგუფი საარჩევნო სიების გადასამოწმებლად. ამასთან, გადამოწმების მექანიზმი უნდა შეთანხმდეს პარტიებს შორის და ამისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტიდან უნდა იქნას გამოყოფილი.
აღსანიშნავია, რომ გუშინდელ შეხვედრაზე საკითხები არ განუხილავთ. უბრალოდ ხელისუფლების პრეზენტაცია მოისმინეს ისე, როგორც გასული წლის ნოემბერ-დეკემებერში ოპოზიციის პრეზენტაციებს ისმენდნენ. არსებითი განხილვა კი, შეთანხმებისამებრ, 23 მარტიდან დაიწყება.
თუმცა, თავად იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ საკუთარი პრეზენტაციის წარმოდგენა მოახერხა, ოპოზიცია უკვე დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს “პროცესის დაწყებას” ნიშნავს.
“დღეს ხელისუფლებამ წარმოადგინა არა პასუხები ჩვენს მიერ დასმულ საკითხებზე, არამედ თავისი ხედვა, თუ რა არის შესაცვლელი საარჩევნო კოდექსში. ამ ხედვაში რამოდენიმე საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. თუნდაც ის, რომ ხელისუფლება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბიომეტრია არის აუცილებელი ამომრჩეველთა სიების დასაზუსტებლად.
“ამბობენ, რომ ამის გაკეთება მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მთელ საქართველოშია გასაკეთებელი. ჩემი აზრით, ამ პროცესში სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია ერთმანეთის მიმართულებით. მთავარია, რომ ხელისუფლება ამბობს, რომ ამომრჩეველთა აღრიცხვისთვის სწორი მეთოდია ბიომეტრია და მგონია, დავარწმუნებთ, რომ ეს მთელ საქართველოში გასაკეთებელია,” - აცხადებს “ოპოზიციური რვიანის” წარმომადგენელი, “რესპუბლიკელების” ლიდერი დავით უსუფაშვილი.
თუმცა, ოპოზიციას ეს არასაკმარისად მიაჩნია.
“პირდაპირ შემიძლია, ერთი რამ გითხრათ, რომ ხელისუფლება დღევანდელი დღისთვის ვერ მოემზადა, მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრის მოლოდინი საზოგადოების მხრიდან იყო ძალიან დიდი. ხელისუფლებას საკუთარი ხედვები 9 საკითხზე უნდა მოეტანა, მაგრამ 6-ზე საერთოდ არ მოიტანა. დარჩენილი სამიდან ერთზე მოიტანა რაღაც ძალიან ზერელე და დანარჩენ ორზე - მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული ხედვები. სხვა საკითხია, მე ეს მაკმაყოფილებს თუ არა.
აქედან გამომდინარე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ იმ 6 საკითხზე საკუთარი აზრი კიდევ უნდა ჩამოაყალიბონ. ის, რომ მოქმედ კოდექსს ეთანხმებიან, ეს პასუხი არ არის. ეს არის უპასუხობა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სახელისუფლებო პარტიაში საქმე მარტივად არ არის და ეს აღიარეს კიდეც, როდესაც თქვეს, რომ მთელ რიგ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის გამო ვერ ვჯერდებითო. ეს გასაგებია, მაგრამ მისაღები არ არის. თუმცა, საყურადღებოა,” - აცხადებს “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე.
შეგახსენებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციამ საკუთარი პრეზენტაცია ჯერ კიდევ დეკემბერში წარმოადგინა და ეს მანდატების ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით გადანაწილებას ითვალისწინებს. ამასთან, ამ ვარიანტით, უნდა შეიცვალოს მაჟორიტარული არჩევნების სიტემაც.
ხელისუფლებამ კი ამ საკიხთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული ხედვა წარადგინა.
როგორც აკაკი მინაშვილმა აღნიშნა, არსებობს “ეუთოს” და ”ოდირის” რეკომენდაციები, რომლის თანახმადაც დაცული უნდა იყოს ხმების თანასწორობის პრინციპი. დასაშვები სხვაობა კი შეიძლება 10-15%-ს შეადგენდეს. გამონაკლისი დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული და გეოგრაფიული მახასიათებლების გათვალისწინებით. მაგალითად, კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობის დაცვა, არამჭიდროდ დასახლებული ადმინისტრაციული ერთეული. ამისთვის კი ხელისუფლება ოპოზიციას სთავაზობს, რომ თითო მანდატი დაემატოს იმ ოლქებს, სადაც 100 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ასეთ ოლქებად კი დასახელებულია თბილისში გლდანის, სამგორის, ნაძალადევის, საბურთალოსა და ისნის მაჟორიტარული ოლქები, ასევე - ქუთაისის, ზუგდიდის, გორის, რუსთავის და ბათუმის მაჟორიტარული ოლქები.
მანდატების გადანაწილებისთვის ხელისუფლებას სამი ვარიანტი გააჩნია. პირველი ვარიანტის თანახმად, 150-მანდატიანი პარლამენტი უცვლელად დარჩება, ხოლო მაჟორიტარების რაოდენობა გაიზრდება 83-მდე, პროპორციული მანდატების რაოდენობა კი შემცირდება 67-მდე.
შეგახსენებთ, რომ დღეს 150 მანდატი 75-75-ზეა გადანაწილებული.
მეორე ვარიანტის თანახმად, 150 დეპუტატს დაემატება 10 მანდატი. თუმცა, წარმოდგენილ პროექტში 150 მანდატს გამოკლებული აქვს 2 მანდატი - ახალგორის და კოდორის - და ეს 158 მანდატი გადანაწილდება პრინციპით - 83 მაჟორიტარული და 75 პროპორციული.
მესამე ვარიანტით კი მანდატების რაოდენობა 166-მდეგაიზრდება და თანაბრად, 83-83-ზე გადანაწილდება მაჟორიტარულ და პროპორციულ მანდატებზე.
მართალია, გუშინ საკითხების განხილვა არ გამართულა, მაგრამ ოპოზიციას საშუალება ჰქონდა, რომ ხელისუფლებისთვის კითხვები დაესვა და საკითხი დაეზუსტებინა. ამ კითხვების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ხელისუფლების ვარიანტით ვერ ხდება იმ მოთხოვნის უზრუნველყოფა, რის გამოც რეფორმა უნდა გატარდეს.
“ეს არის ორი საკითხიდან ერთი, სადაც ხელისუფლებას მეტ-ნაკლებად გააზრებული პოზიცია გააჩნია, მაგრამ მათ აქაც ვერ უზრუნველყვეს ის მოთხოვნა, რასაც ჰქვია მანდატის წონის თანაბრობა და ეს აღიარეს კიდეც. რაც ყველაზე საინტერესოა, 10-15%-ის ფარგლებშიც კი ვერ უზრუნველყვეს ეს თანაბრობა. ამიტომ ამ მიმართულებით მათი პოზიციები არის უსუსტესი და, ბუნებრივია, ჩვენი პოზიცია არის არდათანხმებადი,” - აცხადებს მამუკა კაციტაძე.
გარდა ამისა, ხელისუფლებას წარმოდგენილი ჰქონდა ისეთი საკითხები, რაც ოპოზიციას კი საერთოდ არ დაუყენებია.
პირველი მათგანი ითვალისწინებს იმას, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს მიეცეს უფლება, კენჭი იყაროს საქართველოს პარლამენტში ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში.
2004 წლამდე ეს ნორმა მოქმედებდა, მაგრამ შემდეგ შეიცვალა და მათ ამის უფლება აღარ ჰქონდათ. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები ამ ნორმის აღდგენასთან დაკავშირებით.
მეორე ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ მსჯავრდებულ პირს, რომელიც სასჯელს იხდის არაგანზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის და სასჯელის ვადა არ აღემატება 3 წელს, მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
ხელისუფლების თქმით, ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაცია.
მესამე ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიული წესით დანიშნული პირის გამოწვევა უნდა შეიზღუდოს. დისციპლინარული გადაცდომის საფუძველზე კი გაწვევა დასაშვები იქნება კანონით განსაზღვრული წესით და დასაბუთების არსებობის პირობებში.
ხელისუფლების განმარტებით, ეს არის “ეუთოს” და “ოდირის” რეკომენდაციების საფუძველზე მიღებული შეთავაზება.
შემდეგი ინიციატივა კი ითვალისწინებს იმას, რომ კანდიდატს საარჩევნო უბანზე წარმომადგენლად ყოფნის უფლება აეკრძალება. ანუ, თუ იგი უბანზე არ იმყოფება ხმის მისაცემად, შეიძლება ჩაითვალოს უბანზე აგიტაციად, რაც კანონით აკრძალულია. გარდა ამისა, ხელისუფლების ინიციატივაა, რომ განისაზღვროს ზედა ზღვარი იმ პირთა რაოდენობაზე, რომელთაც მიეცემათ გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლება.
მაგრამ, იმის გამო, რომ არ დაირღვეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თუ პირთა რაოდენობა, რომლებმაც მოითხოვეს ხმის მიცემა გადასატანი ყუთის მეშვეობით გადააჭარბებს აღნიშნულ ზღვარს, საკითხი განხილული უნდა იქნას განსაკუთრებული წესით.
ხელისუფლებას ინიციატივა აქვს დავების განხილვებთან დაკავშირებითაც და ოპოზიციას სთავაზობენ, რომ ყველა ინსტაციაში დავების განხილვის ვადა გაგრძელდეს 3 დღემდე.
ამასთან, დაზუსტდეს და უფრო მკაფიო გახდეს დავების განხილვასთან დაკავშირებული პროცედურები, რათა გამოირიცხოს ნორმების ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა.
ხოლო საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის ხელისუფლება ოპოზიციას ფულადი ჯარიმების გაზრდას სთავაზობს. თუმცა, არ არის დაკონკრეტებული, რამდენით შეიძლება გაიზარდოს და მხოლოდ ის არის მითითებული, რომ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად უნდა განისაზღვროს.