მოღალატე ქართველი სამხედროების სია

მოღალატე ქართველი სამხედროების სია

საქართველოსა და ჩრდილოკავკასიასთან დაკავშირებით თანდათან აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ რუსი პოლიტიკოსები. როგორც ჩანს, საქართველოს მხრიდან ჩრდილოკავკასიასთან უვიზო რეჟიმის დაწესებამ კრემლს დიდი საფიქრალი გაუჩინა და, ამავე დროს, ხელში “კოზირიც” ჩაუგდო და საქმე იქამდეც მივიდა, რომ “დუმელი” სერგეი მარკოვი ქართულ მხარეს ისლამისტი ტერორისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს და აცხადებს: “ქართული სპეცსამსახურები ისლამისტურ იატაქვეშეთს მხარდაჭერას უწევენ. ეს იმისათვის კეთდება, რომ ჩრდილოეთკავკასიაში სიტუაცია მოირყეს და რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დახმარებაში ხელი შეეშალოს.”

 

უდავოა, მარკოვის განცხადების ავტორები კრემლის “რუხი კარდინალები” არიან, რომელთაც საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობის ამღვრევა უნდათ. სწორედ თეთრი სახლის მისამართით ამბობს მარკოვი: “ფული, რომელსაც ამერიკელი გადამხდელები იხდიან, ამერიკულ ბიუჯეტში შედის, შემდეგ - ამერიკულ სპეცსამსახურებში, შემდეგ - ქართულ სპეცსამსახურებში და შემდეგ - ისლამურ იატაქვეშეთში”. კრემლი, მარკოვის მეშვეობით, ცდილობს, თეთრი სახლი დაარწმუნოს, რომ საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განმეორებითი შეჭრისთვის ისლამისტ ტერორისტებს გამოიყენებს. ასე რომ, საქართველოს მხრიდან ცალმხრივი უვიზო რეჟიმი ჩრდილოკავკასიასთან კრემლს პოლიტიკური ინსინუაციების მიზეზს აძლევს, პრორუსულად განწყობილ ქართულ ოპოზიციას კი - “მჭერმეტყველების” საშუალებას.

 

“ქართულ სიტყვას” ესაუბრება ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

 

რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს მარკოვის განცხადებას, რომ საქართველო ისლამურ იატაკქვეშეთს თითქოს ამერიკელი გადამხდელების ხარჯზე აფინასებს?

- მარკოვის განცხადებასთან დაკავშირებით ასე გიპასუხებთ: რუსეთის გადამხდელთა ფული შედის რუსეთის ბიუჯეტში, შემდეგ - რუსეთის სპეცსამსახურებში და დიდი ხნის განმავლობაში ეს ფული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ძალოვნების ჯიბეში შედიოდა, რათა ისინი ანტიქართულ ქმედებაზე ყოფილიყვნენ ორიენტირებულნი. აი, ეს სქემა იცის კარგად მარკოვმა.  რაც შეეხება საქართველოს მხრიდან ჩრდილოკავკასიასთან უვიზო რეჟიმს. ვთვლი, რომ ეს აუცილებელია, მაგრამ ბევრი კითხვის ნიშანია, რაზეც პასუხი არ გვაქვს. საქართველოს ხელისუფლება დღეს აქტიურ ჩრდილოკავკასიურ პოლიტიკას აწარმოებს, რაც მისასლმებელია, მაგრამ ხშირად ჩვენი ჩინოვნიკების ქმედებები იმპულსური, გაუაზრებელი და არაპროფესიონალურია...

 

საქართველოში ის არ უნდა განმეორდეს, რაც მე-20 საუკუნის 90-იან წლებსა და 2008 წელს მოხდა, როდესაც კავკასიელებისაგან რუსულ ჯარი შექმნეს და საქართველოს შემოუსიეს. 2008 წელს ვინ იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგ? ეთნიკური ჩეჩნების ბატალიონები “ზაპად” და “ვოსტოკ”, მაიკოპის ბრიგადა, რომელიც ყაბარდოელებით (სამი მეოთხედი) და ადიღეელებით იყო დაკომპლექტებული. ახალგორის ოკუპაციაში კი, ერთი პერიოდი, მონაწილეობას მთლიანად დაღესტნური ნაწილი და ქართველები იღებდნენ.

 

ბევრნი იყვნენ ქართველები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ?

- შემიძლია, ჩამოგითვალოთ ის ქართველი მეთაურები, რომლებიც რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ: გოჩა დიასამიძე, სატანკო ასეულის მეთაური - ეს ასეული სოფელ ერებში იდგა. ხაშურის კომენდანტი ფუტკარაძე, ოფიცრები - ძმები დუმბაძეები, რომლებიც ხან კასპში გამოჩნდნენ და ხან - ქარელში. გოჩა დიასამიძის ბატალიონში ოთხი ტანკი იყო, ტანკისტები იყვნენ რუსები, ჯავშანზე კი ქართველები ისხდნენ. ეს ქართველები როსტოვის ოლქისა და სტავროპოლის მხარის მაცხოვრებლები არიან.

 

ობიექტურობისათვის უნდა ითქვას, რომ ეს ქართველები, ოფიცერი თუ ჯარისკაცი, სხვა დანიშნულებით იყვნენ გამოყენებულნი რუსების მხრიდან, ანუ მათ ბრძოლოს ფუნქცია არ ჰქონდათ. გოჩა დიასამიძის ბატალიონი იმაზე იყო ორიენტირებული, რომ, როდესაც სოფელ ერებში შემოვიდნენ, ხალხს დახმარებოდა, დაემშვიდებინა. ხომ არის ასეთი პრინციპი - კარგი პოლიციელი და ცუდი პოლიციელი. გოჩა დიასამიძე ასრულებდა კარგი პოლიციელის ფუნქციას და სოფლებში დარჩენილ მოხუცებს ეხმარებოდა მიცვალებულების გაპატიოსნებასა და დამრხვაში, ერთ ქელეხში ცხვარიც მიიყვანა. როდესაც ხაშურის კომენდანტმა ფუტკარაძემ შეიტყო, რომ ოსი “მორადიორები” ქარელისა და ზნაურის რაიონის მოსაზღვრე სოფლებს აწიოკებდნენ, ისინი თავის ჯარისკაცებს დაახვრეტინა. ასე რომ, აგვისტოს ომში ქართველებს სხვა დატვირთვა ჰქონდათ. მოსკოვის ჩანაფიქრი კი ასეთი იყო: შეექმნა ილუზია, რომ მთელი კავკასია და, მათ შორის, ქართველებიც საქართველოს ებრძვის. ეს რომ არ განმეორდეს, საჭიროა ჩრდილოკავკასიელებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება. მეორე საკითხია, გამოგვივა თუ  არა, მაგრა უნდა ვცადოთ.

 

შესაძლოა, რომ ცალმხრივი უვიზო რეჟიმი ისლამი ტერორისტების შეფარების საბაბად გამოიყენოს მოსკოვმა და შეტევაზე გადმოვიდეს?

- რუსებს სჭირდებათ ახალი სვლები და ღირებული არგუმენტები, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადადგან. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემა მათთვის უკვე დახურულია და იმისთვის, რომ კრემლმა საქართველოში ახალი ინტერვენცია მოაწყოს, საბაბი სჭირდება. არც მინდა გავიფიქრო, რომ ისლამურ იატაქვეშეთს ეხმარება საქართველო, მაგრამ დავუშვათ, ეხმარება, მაშინ მჭირდება ამის დამადასტურებელი უტყუარი არგუმენტი და ფაქტები რუსეთის მხრიდან. მარკოვი იქნება ეს, მედვედევი თუ პუტინი, წარმოადგინონ ფაქტები.

 

რუსული პოლიტიკის ხელწერას თუ გავითვალისწინებთ, კრემლის ჩინოსნებს შეუძლიათ, ჯერ ჰაერში ისროლონ სიტყვები და შემდეგ იმოქმედონ...

- ყველა შემთხვევაში, რუსები გარკვეულ არგუმენტებზე დაყრდნობით მოქმედებდნენ, თუნდაც მაშინ, როდესაც პანკისის ხეობას ბომბავდნენ. დღეს რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა დონეის წარმომადგენლები განცხადებებს აკეთებენ და საქართველოსკენ იშვერენ ხელს, მაგრამ არც ერთ მათგანს ფაქტები არ წარმოუდგენია, ფატებისა და არგუნტების გარეშე ვერ იმოქმედებენ.

 

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემლი ქართულ შენაერთს ქმნის ქართველებთან საომრად. ამის შესახებ გაქვთ ინფორმაცია?

- შექმნილია ჩეჩნური და ყაბარდოული ჯარები. ახლა დაღესტნური შინაგანი ჯარის ბრიგდა იქმნება, რომელშიც მთლიანად დაღესტნელები არიან. ქმნიან ქართულსაც და ვიცი, სადაც წყდება ეგ ამბავი - ქალაქ ბელორეჩენსკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეს არის კრასნოდარის მხარე.

 

იქ ქართულ სამხედრო შენაერთს ქმნიან რუსები?
- ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ მე ინფორმაცია მაქვს. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ  საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ჩრდილოკავკასიის მიმართ ჩემთვის ფორმით მისაღებია, მაგრამ შინაარსთან ბევრი კითხვის ნიშანია და ამ მიმართულებით ბევრი პრეტენზიები მაქვს. პირველივე წუთიდან მომხრე ვიყავი, რომ რუსეთთან ურთიერთობის ფორმატი შეიქმნას, თუნდაც კულუარული. რუსეთი ჩრდილოკავკასიას და, საერთოდ, კავკასიას ვერ მოუვლის სამხრეთკავკასიის დახმარების გარეშე. რუსეთს ან აზერბაიჯანი უნდა დაეხმაროს, ან - სომხეთი, ან - საქართველო. თუ ამ სამიდან ერთ-ერთი არ დაეხმარა, რუსეთი ჩრდილოკავკასიის პრობლემას ვერ გადაწყვიტავს.

 

ნელ-ნელა რუსეთმა ამ საქმეში აზერბაიჯანის ჩართვა დაიწყო. დღეს აზერბაიჯანის სახელმწიფო სამშენებლო ბრიგადები ჩრდილოკავკასიის რეგიონებში მუშაობენ - ფრინველის გადამამუშავებელ ფაბრიკებს აშენებენ, ყარაჩააი-ჩერქეზეთში კი - მეცვხოველეობის ფერმას, აზერბაიჯანელები რუსების დაკვეთაში დიდ ფულს იღებენ. აზერბაიჯანისა და სამხრეთკავკასიის მუფტი - შუქურზადე ოფიციალური ვიზიტით ჩადის კადიროვთან, რათა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მოილაპარაკონ. დაღესტანთან გაცხოველებული ეკონომიკური ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანს. რუსეთმა აზერბაიჯანს სთხოვა ამ მიმართულებით ემოქმედა... მე-19 საუკუნეში, ვიდრე სამხრეთკავკასიელებმა არ დაუჭირეს მხარი, რუსეთმა ვერაფერი მოახერხა ჩრდილოკავკასიაში და ისტორია ახლაც მეორდება. 

 

აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ნამიგ ალიევი ქართველებს გვაფრთხილებს, “სომხეთი ზღვაზე გასვლას აფხაზეთისა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მონოეთნიკური ზონების შექმნით ცდილობს, რასაც ყურადღება უნდა მიექცესო”. “Youtube”-ზე ვიდეო რგოლიც დაიდო, რომელზეც აჭარა და თურქეთის დასავლეთი სომხეთის ტერიტორიადაა გამოცხადებული დადიდი არმენიისჰიმნს მღერიან...

- მაგაზე უარესი ვიდეორგოლებიც მაქვს ნანახი - მთელი თურქეთი და მთელი აზერბაიჯანი სომხების ტერიტორიაა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, რბილად რომ ვთქვა, ძალიან არასერიოზულია. ეკონომიკური თვალსაზრისით, სომხებს ძალიან მყიფე მდგომარეობა აქვთ. აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი სამჯერ მეტია სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტზე. აზერბაიჯანს ჰყავს ასიათასიანი არმია, კარგად გაწვრთნილია და უზარმაზარი შეიარაღებაც აქვს. გარდა ამისა, აზერბაიჯანს 25 მილიარდი დოლარი სარეზერვო ფონდი აქვს, რაც სომხებს არც კი დაესიზმრებათ.

 

ახლახან ჩამოვედი ბაქოდან, იქ უკვე კარგა ხანია, მუსირებს აზრი - ომი სომხებთან. აზერბაიჯანელი გადამხდელები ამბობენ - ჩვენ ვიხდით გადასახადს არმიის წვრთნასა და შეიარაღებაზე და რატომ არის სომხების მიერ ოკუპირებული აზებაიჯანული ტერიტორიები?! არ არის გამორიცხული, რომ აზერბაიჯანმა ომი დაიწყოს სომხეთთან თავისი ტერიტორიების დასაბრუნებლად...

 

სომხებს რუსების დახარების იმედი აქვთ?

- რუსეთი არასოდეს წავა იმაზე, რომ სომხებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ დაეხმაროს და ეს სომხებმაც იციან და აზერბაიჯანელებმაც. რუსეთი შეეცდება, მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს და, მაქსიმუმ, რასაც სომხებისთვის გააკეთებს, ის იქნება, რომ სამხედრო ინსტრუქტორებს დაახმარს, შეეცდება სომხებსა და აზერბაიჯანალებს შორის სამშვდობოები ჩააყენოს.

 

აზერბაიჯანალებს სომხებთან ომი აწყობთ თუ ეს იძულებითი ნაბიჯია?

- აზებაიჯანელები ამბობენ, ჯერ კიდევ არის იმის რესურსი, რომ ომი არ დაიწყოს და სოჭში სარქისიანისა და ალიევის შეხვედრის შედეგებს ელოდებიან. აზერბაიჯანი საკითხს ასე აყენებს - მოსკოვმა რამდენჯერმე მოაწყო სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრა, მაგრამ საქმე მკვდარი წერტილიდან არ დაიძრა. არ შეიძლება, მუდმივად რუსეთის პრეზიდენტის შუამავლობის რეჟიმში ვიყოთ. მოსკოვმა კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მიაღებინოს სომხებს ან, საერთოდ დაგვანებოს თავიო.

 

სომხეთის ეკონომიკა მთლიანდ რუსეთის ხელში და რუსეთს აქვს ბერკეტები, რომ სომხებს რაღაც გადაწყვეტილება მიაღებინოს. აზერბაიჯანის საზოგადოების შეგნებული ნაწილი თვლის, რომ სომხეთმა ერთი პატარა ნაბიჯი მაინც უნდა გადადგას და არ არის აუცილებელი, დღესვე დაიწყოს ლაპარაკი ყარაბახის დაბრუნებაზე. ლაპარაკია იმ შვიდ რაიონზე, რომლებიც ყარაბაღის გარეთაა სომხების მიერ ოკუპირებული. აზერბაიჯანალები ითხოვენ, რომ თავდაპირველად ამ შვიდი რაიონიდან ორი-სამი რაიონი დააბრუნონ სომხებმა. აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს, არაოფიციალურ საუბრებში, არაერთხელ უთქვამთ ჩემთვის, საკმარისია სომხეთმა ერთი თანხვედრი ნაბიჯი გადადგას და აზერბაიჯანი სომხეთან ბლოკადის რეჟიმს გადახედავს და დაიწყებს ფიქრს, რომ სომხეთი სამხრეთკავკასიური ეკონომიკური პროექტების რეჟიმში ჩაჯდეს.

 

დავუშვათ, სომხებმა დათმეს სამი რაიონი, საქართველოსთან მიმართებაში რაიმე პოზიტიური ძვრები იქნება?
- თუ სომხეთი ამ ნაბიჯს გადადგამს, ალბათ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი გაიხსნება და სამხრეთკავკასიის რეგიონში სტაბილურობა შენარჩუნდება. პირადად, მე თანახმა ვარ, რომ ნაბუკომ საქართველოზე კი არა, სომხეთზე გაიაროს, მაშინ სომხეთი რუსეთის ზეგავლენიდან გამოვა. ამ წუთში ომის ალბათობა 50/50-ზეა. თუ აზერბაიჯანმა სომხეთთან ომი დაიწყო, რაღაც ფორმით საქართველოც აღმოჩნდება ამ ომში - ლტოლვილების ნაკადი, დივერსიები გაზსადენებზე. რეგიონი არასტაბილური იქნება და საინვესტიციო ველი გაქრება.