ბანკები, სესხები, მომენტალური კრედიტი, უპროცენტო განვადება, საკრედიტო ბარათი და ა.შ. ყოველდღიურად ათასობით მოქალაქე სარგებლობს ამ მომსახურებით და პრობლემებიც გროვდება. საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც გადახდისუუნარო ადამიანთა უზარმაზარი არმია ჰყავს, რამდენიმე ასეულობით ათასი მოქალაქე კი სულაც საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი, ან ეს საფრთხე ემუქრება.
ეროვნულმა ბანკმა გამოსავალი მოძებნა და ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მომხმარებლები ე.წ. საკრედიტო მახეების შესახებ გააფრთხილა. მისი განმარტებით, აუცილებელია მომხმარებლებმა სესხის აღებისას არა მხოლოდ კარგად წაიკითხონ ხელშეკრულებები, არამედ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ისეთი პროდუქტების მოხმარების დროს, როგორებიცაა განვადება, საკრედიტო ბარათი და სესხის გადაფარვა.
„უკანასკნელი ტენდენციების ანალიზი ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვნად იზრდება საცალო დაკრედიტება სამომხმარებლო სექტორში. თუ ამას დავუმატებთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ლომბარდებს, მომენტალურ განვადებებს და სხვა, ვიღებთ სურათს, როცა ვალის მომსახურების ტვირთი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში არის საკმაოდ მაღალი და კიდევ უფრო გაზრდის შემთხვევაში შესაძლოა, დიდ საფრთხეებს შეიცავდეს“.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოლომონ პავლიაშვილი თვლის, რომ კარგია ასეთი მოწოდება და შეიძლება, გარკვეულ პრევენციადაც ჩავთვალოთ.
„ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, ეს ვალდებულება საკუთარ თავზე აეღო საზოგადოებრივ მაუწყებელს - ხალხის ფულით ფინანსდდება, ხომ შეიძლება, იყოს გადაცემა, სადაც სპეციალისტები ისაუბრებდნენ, რა დადებითი და რა ნეგატიური მხარეები აქვს ამას. გაჭირვებული კაცი ყოველთვის იმედოვნებს, რომ მოიგებს, სესხით აშენდება. ხომ შეიძლება, სადმე ხელმისაწვდომი იყოს დეტალური ინფორმაცია, რა შეიძლება მოჰყვეს სესხის აღებას“.
ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პოზიცია მისასალმებელია, რადგან ეს არის მომხმარებლის უფლებების დაცვაზე ზრუნვა.
„მეტი რა შეუძლია ეროვნულ ბანკს, აფრთხილებს, თუ რასთან შეიძლება ჰქონდეს საქმე, ასეთი ურთიერთობის დროს და ამას თავისი არგუმენტი და ლოგიკა აქვს, რადგან სტატისტიკა აჩვენებს, რომ ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება. ეროვნული ბანკის პოზიცია სწორია, მაგრამ მთავარი როლი მაინც მომხმარებელზეა, მომხმარებელმა არ უნდა მოაწეროს ხელი ისეთ დოკუმენტს, რომელშიც მისთვის კაბალური პირობებია დაფიქსირებული“, - აცხადებს ლექვინაძე.
ექსპერტი დემურ გიორხელიძე თვლის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება არა მხოლოდ სწორი არ არის, არამედ შეუსაბამოა, არსებული ვითარებასთან.
მისივე შეფასებით, საქმე ის არის, რომ ასიათობით, საქმიან თუ ჩვეულებრივ ადამიანს სჭირდება ფულის სესხება. ასეა ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში და კლიენტისა და ბანკის ურთიერთობას მკაცრ რეგლამენტირებას უწევს იქაური ქვეყნების ეროვნული ბანკები.
„იმ კაბალურ, დამამცირებელ ხელშეკრულებებს, რომელიც არ არის ეროვნული ბანკის მიერ რეგლამენტირებული, იმ შეურაცხმყოფელ და ყაჩაღურ პროცენტებს, ვერანაირ გამართლებას ვერც ერთი ფინანსისტი ვერასდროს ვერ მოუძებნის.
ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სრული დანაშულებრივი ორგანიზაციებია, რადგან შექმნილია სხვა მიზნით და არა იმისთვის, რომ ფინანსური ინფრასტრუქტურა შეიქმნას. ისინი ფაქტობრივად, აგრძელებენ ძარცვის იმ ფუნქციას, რომელიც მათ თავის დროზე წინა ხელისუფლებამ დააკისრა. ვგულისხმობ არა მხოლოდ მაღალ პროცენტებს, არამედ დამოკიდებულებას კლიენტებისადმი. ამას კომერციული ბანკებიც უდიერად აკეთებენ.
ევროპული ორიენტაცია, მარტო გრანტებისთვის გვინდა?- ამიტომ, განცხადების ნაცვლად ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ურჩევნია, როგორც ცივილიზებულ სამყაროშია, შემოიტანონ ის სამართლიანი რეგულაციები, რომელიც სამართლიანს ხდის ურთიერთობას“, - აცხადებს გიორხელიძე.
გიორგი ქადაგიძის განმარტებით დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ადამიანების ნაწილს ფინანსური პრობლემა შეექმნას. ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ ის მიაკითხავს შესაბამის ინსტიტუტს სესხის რესტრუქტურიზაციის მიზნით.
როგორც ქადაგიძე აცხადებს, პრობლემა და არაეთიკური პოლიტიკა იმაში გამოიხატება, რომ ესა თუ ის საკრედიტო ინსტიტუტი ასეთ ადამიანს სთავაზობს ახალ სესხს ძველი სესხის გადასაფარად. ქადაგიძის განმარტებით, როგორც წესი, ეს არის საკითხის არა ფუნდამენტურად, არამედ დროებითი მოგვარება.
„თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ჩვენ გვექნება ადეკვატური რეაგირება, თუმცა არის მეორე ფაქტორიც - მინდა უშუალოდ მომხმარებლებს ვთხოვო, გავაფრთხილო, მოვუწოდო, რომ არა მარტო ხელშეკრულებები წაიკითხონ კარგად, არამედ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ისეთი პროდუქტების მოხმარების დროს, როგორიცაა განვადება, საკრედიტო ბარათები, სესხის გადაფარვა.
ესენია ყველაზე ძვირი პროდუქტები საქართველოში, როგორც მთელ მსოფლიოში. ამიტომ, როცა ასეთი ძვირადღირებულ პროდუქტის მოხმარებას ვირჩევთ, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და კარგად დავგეგმოთ საკუთარი ფინანსები. ფუფუნების საგნების კრედიტით შეძენა რისკების შემცველია“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
სოლომონ პავლიაშვილი თვლის, რომ ეროვნულმა ბანკმა არა მხოლოდ მოქალაქეები, ბანკებიც უნდა გააფრთხილოს. რაღაც გარკვეული რეგულაციები მათთვისაც უნდა არსებობდეს, რომ მომხმარებელს ზუსტად აუხსნან, ამ ყველაფერს რა შეიძლება მოჰყვეს.
„ბანკებისგან ხშირად, მაცდუნებელი შეთავაზებებია. ამის მაგალითია ის 300 ათასამდე იპოთეკარი, რომელიც დაზარალდა, საცხოვრებელი დაკარგა და შემდეგ, სახელმწიფოსკენ გაიშვირა ხელი, რაც, თავისთავად, არასწორია“, - აცხადებს პავლიაშვილი.
დემურ გიორხელიძე თვლის, რომ ჯერ მთავარია, იყოს თამაშის წესები.
„შემდეგ, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი ყველა კონფლიქტური სიტუაციის შექმნის დროს, ვიდრე საქმე სასამართლომდე მივა, უნდა ერეოდეს სწორედ იმის გამო, რომ არც ერთი მხარის მიერ არ მოხდეს თამაშის იმ წესების დარღვევა, რომელსაც ითვალისწინებს მოქმედი კანონი და რეგულაციები. ჯერჯერობით, საქართველოში თამაშის წესები არის უწესო და ამას სამწუხაროდ, თავის დროზე, სწორედ ეროვნულმა ბანკმა შეუწყო ხელი“, - აცხადებს გიორხელიძე.
ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული ასეთი განცხადების შემდეგ თავისთავად, ჩნდება კითხვა, ხომ არ გართულდება სესხის აღება საფინანსო ორგანიზაციებში. ირაკლი ლექვინაძე თვლის, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან გაკონტროლების სურვილი ამაში არ იკითხება, ეს არის მხოლოდ გაფრთხილება, არ გაიცეს ისეთი სესხები, რომელიც შემდეგ შექმნის პრობლემას მომხმარებლისთვის - საბოლოო ჯამში, შემდეგ ეს ბანკის პრობლემაც ხდება.
„აქ საუბარია ხელშეკრულებების სიცხადეზე და ისეთ ცხად ჩანაწერებზე კონტრაქტში, რომელიც არ იწვევს ბუნდოვანებას. მომხმარებელს ჰგონია, რომ მოიგებს, ამ დროს, შეიძლება წააგოს. ანუ ბანკის მხრიდან თავს რომ არ მოეხვეს ახალი პირობები, რომელიც ერთი შეხედვით კარგია, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება იყოს პრობლემური. ამიტომ ეროვნული ბანკი ამ კუთხით აფრთხილებს მომხმარებლებსაც და ბანკებსაც. ის არანაირ ახალ რეგულაციებს არ აწესებს. როგორც ჩანს, ეს უკარნახა იმ გარემომ, რომელიც არსებობს. ადმინისტრაციული მეთოდით ამ პრობლემაში ჩარევა არ მიმაჩნია სწორად“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
2014 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, მილიარდ 800 მილიონი ლარის სამომხმარებლო სესხია გაცემული. 2013 წლის განმავლობაში კი ქართულმა ბანკებმა 8 მილიარდი ლარის იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი გასცეს, ამასთან 113 000 ადამიანის ქონება უკვე იყო გადაცემული აღსრულების ბიუროსთვის (ამ მონაცემში არ შედის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო მევახშეების მსხვერპლთა რაოდენობა).
ბევრი, სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებების გამო, ვერ უმკლავდება ამ ცდუნებას და არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში და ცდილობს, ის მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილების რესურსი ამ მომენტში არ გააჩნია, დაიკმაყოფილოს მომავალი შემოსავლების ხარჯზე. ამ დროს ავიწყდებათ ის ელემენტარული რამ, რომ, როდესაც ადამიანი გარკვეული ვადით იღებს სესხს, ის საკუთარი ფულით უნდა გაისტუმროს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებას და საქონლის შეფარდებით სიუხვეს თან ახლავს დავალიანება და სამომხმარებლო კრედიტების სხვადასხვა ფორმით გამოვლენა.
ექსპერტების შეფასებით, საბანკო ვალის დიდი ნაწილი ჩამოყალიბდა იმის გამოც, რომ ბოლო დრომდე არ არსებობდა სხვა შემაკავებელი და სოციალური დაცვის ინსტიტუციები, როგორიცაა სადაზღვევო სისტემა, ჯანდაცვა და ა.შ. არის არასტაბილური სამუშო ადგილების პრობლემაც. სწორედ ეს განასხვავებს ქართველ მომხმარებლებს განვითარებული, დასავლური სახელმწიფოების მოქალაქეებისაგან, რომლებსაც საბანკო პროდუქტებით სარგებლობის ბევრად უკეთესი პირობები გააჩნიათ.
„ადამიანმა უნდა იცოდეს, რამდენად შეძლებს იმ ვალდებულების შესრულებას, რომელსაც იღებს, რადგან ბანკი არავის არაფერს აპატიებს. ხშირად ადამიანები სეზონურად არიან დასაქმებული და სამუშაოს დაკარგვისას ვალებში იძირებიან.
როდესაც უცხოეთში კრედიტებით ცხოვრობენ, მათ მაღალი ხელფასები და გარანტირებული სამუშაო ადგილები აქვთ, იქ სხვა ცხოვრების წესია - ჩვენ არ ვართ ამ რეჟიმში აქ შრომის ბაზარი არ იწოვს დაუსაქმებელ ხალხს“, - აცხადებს, პავლიაშვილი.
აღნიშნულ კონტექსტში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბანკების მხრიდან საკრედიტო პოლიტიკის კლიენტის მოთხოვნილებებზე მაქსიმალურად მისადაგება უნდა მოხდეს.
„მხოლოდ ის, რომ პრობლემური სესხი გადავფაროთ ახალი სესხით, ან როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, ავიღოთ ერთი ბარათი, მეორე მეორე ბარათი, მერე განვადება გავაკეთოთ, პრობლემას არ ხსნის. ასეთ დროს, რაღაც მომენტში აღმოვაჩენთ, რომ ვალის მომსახურების ტვირთი პროდუქტების ფართო სპექტრზე არის საკმაოდ მაღალი, გვექმნება პრობლემა, მერე მივდივართ, ვიღებთ დიდ სესხს, რომ ეს ყველაფერი გადავფაროთ. ამ დიდი სესხის ქვეშ კი უზრუნველყოფაში ვდებთ უკვე უძრავ ქონებას. ამ პროცესს, რომელიც მე აგიღწერეთ, ჰქვია „კლასიკური საკრედიტო მახე“.
შესაბამისად, ჩვენ ორი მიმართულებით ვმუშაობთ პირველი - მოხდეს ბანკების მხრიდან საკრედიტო პოლიტიკის მაქსიმალურად მისადაგება კლიენტის მოთხოვნილებებზე და მეორე - მოხდეს მაქსიმალური გამჭვირვალობა იმ პროდუქტების, რომლებზეც ვსაუბრობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ესმოდეს ყველა საფრთხე, რომელიც გამომდინარეობს ასეთი პროდუქტების მოხმარებისგან“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ეს არის ძალზე სერიოზული პრობლემა, რომელიც მისახედი და მოსაგვარებელია.
„ის, რომ ნასესხები ფული უნდა დაბრუნდეს, ცალსახაა, მაგრამ ბანკი რომ არ უნდა სარგებლობდეს შექმნილი მდგომარეობით, როგორც ერთადერთი ფულის მფლობელი სტრუქტურა ქვეყანაში, არ უნდა ძარცვავდეს საკუთარ მოქალაქეს და არ უნდა უდებდეს კაბალურ, უუფლებო ხელშეკრულებას, ეს უნდა იყოს ეროვნული ბანკის საზრუნავი“.
მიუხედავად, საბანკო სექტორის წარმატებულობისა, სოლომონ პავლიაშვილი თვლის, რომ არის თემები, რაც ყურადღებას იმსახურებს.
როგორც სოლომონ პავლიაშვილი ამბობს, ბანკებისთვის პრიორიტეტია რა ქონებრივ გარანტიას ჩადებ და არა ის, რა პროექტს სთავაზობ - ამიტომაც გახდნენ ბანკები დიდი ქონების მეპატრონეები.
„რეგულაციები ეროვნული ბანკის საქმეა, იმითაც უნდა იყოს დაინტერესებული, ხომ არ არიან კერძო ბანკები დაკავებული არაპროფილური ბიზნესით - კერძო სფეროში რომ შევიდეს კერძო ბანკი, დაანგრევს ყველაფერს. სადაზღვევო სფეროში შევიდა და მონოპოლისტი გახდა, უძრავი ქონების სფეროში შევიდა და ბაზრის მონოპოლიზება მოახდინა, ახლა სამშენებლო სფეროში შევიდა და წარმომიდგენია, რა მოხდება“, - აცხადებს პავლიაშვილი.
მისივე შეფასებით, ასევე შესასწავლია საპროცენტო განაკვეთების თემა.
„ზოგიერთი სესხი წლიურ 12-14%-ს აღწევს მაშინ, როდესაც დეპოზიტების განთავსება მაქსიმუმ 5-6%-ია. თანაც, გასულ წლებში ინფლაცია თითქმის მინუს 2%-მდე ფიქსირდებოდა, სასესხო განაკვეთები კი მაინც მაღალი იყო“, - აცხადებს პავლიაშვილი.
როგორ მოახერხებს, ეროვნული ბანკი, ბანკებს „ხაფანგის დაგება“ აუკრძალოს, ძნელი სათქმელია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ არც ერთი საფინანსო ინსტიტუტი VIP მომხმარებლების გარდა კლიენტს ინდივიდუალურ ხელშეკრულებას არ დაუდებს და თუ კლიენტი მის პირობას არ ეთანხმება - არც დათმობაზე წავა. ქართველი მომხმარებელი კი, როგორმე სესხი აიღოს, ყველაფერზე თანახმაა.