მეორე შეტევა ბათუმურ ბარაკებზე

მეორე შეტევა ბათუმურ ბარაკებზე

თბილისში „ხრუშჩოვკების“ გრანდიზოული პროექტის შემდეგ, ბათუმში „ბარაკების“ პროექტი იწყება. მართალია, ამ შემთხვევაში საქმეში ჩართულია ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება და საბანკო სისტემა, მაგრამ გარკვეული ეჭვი მაინც არის. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ბათუმში ანტიბარაკული პროექტი იწყება. რამდენიმე წლის წინათ მსგავსი პროექტი ხელისუფლებაში მყოფმა ნაცმოძრაობამაც წამოიწყო, მაგრამ მხოლოდ 4 ბინის გაცემა მოახერხა.

ასე რომ, ბარაკების წინააღმდეგ ბრძოლა აჭარის მთავარ ქალაქში ხელახლა იწყება. „ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის“ პრეზენტაცია უკვე გამართა, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე ესწრებოდნენ.

პროექტის მიხედვით ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამორტიზებული, უსახური, ბარაკული ტიპის, არადამაკმაყოფილებელი სანიტარული პირობის მქონე სახლების ნაცვლად, ახალი სახლები უნდა აშენდეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გამოდის საფინანსო ორგანიზაციის წინაშე დაინტერესებული პირის თავდებად, რომელიც ბათუმის ტერიტორიაზე ბარაკის ტიპის უსახური შენობების ნაცვლად, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს განათავსებს.

პროგრამის ფარგლებში თავდებობის თანხა 20 მილიონი დოლარით განისაზღვრა. დაინტერესებულ მხარესა და საფინანსო ორგანიზაციას შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, საკითხს კომისია განიხილავს.

ნასყიდობის ხელშეკრულება იურიდულ პირსა და საფინანსო ორგანიზაციას შორის ფორმდება, შესაბამისად სამთავრობო თავდებობის გამოყენების შემთხვევაში, მთავრობა დასრულებულ უძრავ ქონებას უშუალოდ ბანკისგან შეიძენს.

პროექტის ფარგლებში თავდებობის თანხის ოდენობა 20 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა. პროექტის ვადა არაუმეტეს 3 წელია (სამშენებლო კომპანიას, ბანკსა და აჭარის მთავრობას შორის ხელშეკრულების დადების დღიდან), ხოლო ღირებულება - არაუმეტეს 3 მლნ აშშ დოლარი.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც განხილული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე. ეს ითვალისწინებს, რომ უახლოესი 3 წლის განმავლობაში მოხდება 20 მილიონი დოლარის ინვესტირება. საქართველოს ტურისტული ცენტრი უნდა გათავისუფლდეს უსახური შენობებისგან, რაც ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ასევე ქალაქის განვითარებას“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

როგორც არჩილ ხაბაძემ განმარტა, აჭარის მთავრობამ პროგრამა ბათუმის მერიასთან ერთად, ჯანსაღი და უსაფრთხო საზოგადოებრივი და საცხოვრებელი გარემოს შექმნისათვის შეიმუშავა. მისივე განმარტებით, აჭარის მთავრობა გამოდის საფინანსო ორგანიზაციის წინაშე დაინტერესებული პირის თავდებად, რომელიც ბათუმის ტერიტორიაზე ბარაკის ტიპის უსახური შენობების ნაცვლად, განათავსებს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს. ხაბაძის თქმით, პროექტის მიმართ ინტერესს იჩენს „საქართველოს ბანკი“, რომელიც უკვე ფლობს მსგავსი პროექტის განხორციელების გამოცდილებას.

„საქართველოს ბანკთან“ ფორმდება მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მაქსიმუმ სამი მილიონი დოლარის აღება შეუძლია დაინტერესებულ ინვესტორს. ბანკი სესხის გაცემის დროს მთავრობისგან გარანტიით უზრუნველყოფილი იქნება. პროექტს გავაცნობთ დეველოპერებს“, - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, გაუმჯობესდება მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ტურისტულ ქალაქში უსახური შენობების ნაცვლად, აშენდება თანამედროვე დიზაინის საცხოვრებელი სახლები და კიდევ უფრო გალამაზდება ქალაქის იერსახე.

მსგავსი პროექტი - „ბათუმი ბარაკების გარეშე“ - ჰქონდა წინა მთავრობასაც. 2010 წლისთვის, ბათუმში არცერთი ბარაკი არ უნდა ყოფილიყო. აღნიშნულ საკითხზე, 2011 წელს სპეციალური საგამოძიებო ფილმიც მომზადდა, საიდანაც ირკვევა, რომ დაპირება, რომელიც არჩვენების წინ გაიცა, არ შესრულდა და ბათუმის საბინაო ფონდიდან მერიამ მხოლოდ 4 ბინა გასცა.