ალბანეთის თავდაცვის მინისტრი ქართულ-ამერიკულ სწავლებას დაესწრო (ვიდეო)

ალბანეთის თავდაცვის მინისტრი ქართულ-ამერიკულ სწავლებას დაესწრო (ვიდეო)

ალბანეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა. მიმი კოდელი ქართულ-ამერიკულ სწავლებას „Agile Spirit 2014” დაესწრო. ალბანეთის თავდაცვის მინისტრს მისმა ქართველმა კოლეგამ ირაკლი ალასანიამ უმასპინძლა. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები წვრთნების შტაბის შენობას ეწვივნენ, სადაც საერთაშორისო სწავლების მიმდინარეობას გაეცნენ და სამხედრო წვრთნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. ვაზიანში იმყოფებოდა საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც.

„დღეს ჩვენ ვნახეთ თუ როგორ მიმდინარეობს ქართულ-ამერიკული სწავლება „Agile Spirit”. სიახლეა იმ კუთხით, რომ ამ შემთხვევაში უკვე ბრიგადის დონეზე მიმდინარეობს ერთობლივი  შტაბების წვრთნები, ერთობლივი ამოცანების დასახვა და აღსრულება. ამერიკის შეერთებული შტატებიდან 350-მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩამოსული. ამას მომავალში რეგულარული ხასიათი ექნება. ნატოს სამხედრო წარმომაგდენლებთან და განსაკუთრებით ამერიკელებთან ერთად წვრთნები მომავალშიც მუდმივად გვექნება“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. 

ქართულ ამერიკული სამხედრო სწავლება 9 ივნისს დაიწყო და მასში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის შავი ზღვის როტაციული ძალების 350-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. სწავლება საშტაბო და საველე წვრთნებს მოიცავს. საშტაბო ნაწილში ამერიკელ სამხედრობთან ერთად, IV მექანიზირებული ბრიგადის შტაბია ჩართული. მეორე ნაწილი კი მთლიანად საველე წვრთნებს ეთმობა, სადაც მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონია ჩართული. სამხედრო სწავლება “Agile Spirit 2014”-ის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები სამშვიდობო მისიით გათვალისწინებულ ამოცანებს შეასრულებენ.