ფინანსთა მინისტრმა დაპირებისამებ საბიუჯეტო პროცესზე ისაუბრა და ყველა ელოდა, რომ ყურადღება პრობლემებზე და მისი დაძლევის გზებზე გამახვილდებოდა, მაგრამ სულ საპირისპირო რამ ვიხილეთ. ნოდარ ხადურმა ყველაფერი ისე წარმოაჩინა, თითქოს, არავითარი პრობლემა არ არსებობს. სხვათა შორის, მასვე ეთანხმებიან უმრავლესობის წარმომადგენლებიც.
ფინანსთა მინისტრის შეფასებით, ამჟამინდელი მდგომარეობით, 2014 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიღწევა რეალურია. გუშინ ხადურმა ღია მმართველობის ფარგლებში ჟურნალისტებთან შეხვედრისას 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა.
2014 წლის პირველ კვარტალში მთლიანმა შიდა პროდუქტმა შეადგინა 6 879 000 ლარი, რაც 605 მილიონი ლარით მეტია 2013 წელთან შედარებით, ხოლო 1 მლრდ 97 მილიონი ლარით მეტია 2012 წელთან შედერებით. გარდა ამისა, 2014 წლის იანვარ-აპრილში მშპ-ს მოცულობამ შეადგინა 9 312 000 ლარი, რაც 739 მილიონი ლარით მეტია 2013 წელთან შედარებით.
თუმცა, მინისტრის ინფორმაციით, 2014 წლის იანვარ-მაისში საგადასახადო შემოსავლების სახით, ნაერთ ბიუჯეტში მობილიზებულია 2 მილიარდ 786 მილიონი ლარი, რაც დაახლოებით 130 მილიონი ლარით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2014 წლის იანვარ-მაისის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი ნოდარ ხადურის ინფორმაციით, 101%-ით შესრულდა და ნომინალურ გამოხატულებაში ფაქტობრივმა მაჩვენებელმა საპროგნოზოდ 27,9 მილიონი ლარით გადააჭარბა.
საქმე ისაა, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში პრობლემები მართლაც არ არის, მაგრამ სხვა მუხლებში კატასტროფული გარღვევაა. განსაკუთრებით დიდი ჩავარდნაა გრანტებისა და კრედიტების მიმართულებით.
წლის პირველ 4 თვეში შემოსულმა გრანტებმა 6-თვიანი გეგმის მხოლოდ 4% შეადგინა, ანუ 96%-იანი გარღვევაა. 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის გეგმით, ქვეყანამ 100,121 მილიონი ლარის გრანტი უნდა მიიღოს, თუმცა 4 თვის შესრულების მიხედვით, მხოლოდ 4,408 მილიონი ლარია შემოსული. დარჩენილ 2 თვეში ქვეყანამ 95 მილიონ ლარზე მეტი გრანტის მოზიდვა უნდა მოახერხოს, რაც წარმოუდგენელია.
გარდა ამისა, ბიუჯეტის მიხედვით, 6 თვეში 276 მილიონ ლარზე მეტი საგარეო სესხი უნდა აგვეთვისებინა, 4 თვეში კი მხოლოდ 78 მილიონი ლარი გვაქვს მიღებული (მთლიანი გეგმის მხოლოდ 28%).
მიუხედავად ამისა, მთავრობაც და პარლამენტიც საბიუჯეტო პრობლემებს არ აღიარებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ არსაიდან საფრთხე მოსალოდნელი არ არის.
„მხოლოდ და მხოლოდ პირველი კვარტალია შეჯერებული და პირიქით, ბიუჯეტი გადაჭარბებულია. წლის ბოლოსაც კი არ იქნება გარღვევა, საპროგნოზო მაჩვენებლები რაც იყო განსაზღვრული და დაგეგმილი, შესრულებულია. წლის ბოლოს გარღვევა კი არა, გადაჭარბება იქნება. დანარჩენი წლის ბოლოს დავთვალოთ.
ბუნებრივია ფინანსთან მინისტრმა უკეთესად იცის რომელი მიმართულებით ზრდაა და რომელი მიმართულებით შემცირება. როცა წარმოდგენილი იქნება ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, ამას უკეთესად გავიგებთ“, - აცხადებს დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე.
ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სპეციალისტებს, ექსპერტებს და ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც უნდათ, რომ ქვეყანაში საბიუჯეტო პრობლემები არ არსებობდეს, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტს საგადასახადო შემოსავლების მობილიზების კუთხით პრობლემა არ გააჩნია, წლის პირველ ნახევარს სახელმწიფო ბიუჯეტი გარღვევით დაასრულებს.
რადაგნაც ჯერჯერობით ოფიციალურად 4 თვის შესრულებაა გამოქვეყნებული, მხოლოდ ამ ციფრებს განვიხილავთ. 4 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება 2,611 მილიარდი ლარია, 2 კვარტლის ბიუჯეტი რომ შესრულდეს, მაისსა და ივნისში 1,469 მილიარდი ლარის მობილიზებაა საჭირო, ანუ თვეში 735 მილიონი ლარი უნდა შემოვიდეს (1 თვეში დაახლოებით 600 მლნ დოლარის მობილიზება ხერხდება). სპეციალისტების აზრით კი, ამ რაოდენობის თანხის მოგროვება ძალიან რთული იქნება.