დარიალის გზის გახსნის საკითხი ისევ გაურკვეველია. ახალი თარიღი 15 ივნისია, თუმცა დაზუსტებით არაფრის თქმა არ შეიძლება. ექსპორტიორებს და იმპორტიორებს ტრანსპორტირების ხარჯი უკვე გაეზარდათ. თუკი აღდგენითი სამუშაოების დასრულების ვადა კიდევ გადაიწევს, საქართველოდან საექსპორტო პროდუქცია გაძვირდება. ამ ინფორმაციას ფინანსთა მინისტრიც კი ადასტურებს.
ქართველი მეწარმეები და გადამზიდავები რუსეთ-საქართველოს საავტომობილო გზის გახსნას აღარ ელოდებიან და პროდუქციის შემოტანა-გატანას უკრაინის ან აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ახორციელებენ.
გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და დროებითი გზა უახლოეს დღეებში გაიხსნება, თუმცა კონკრეტული ვადები კვლავ არ სახელდება. სავარაუდოდ, ეს უნდა მოხდეს 15 ივნისისთვის, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით მაინც უცნობია.
ამასობაში კი ექსპორტიორები და იმპორტირები პროდუქციის ტრანსპორტირების ალტერნატიულ გზებს მიმართავენ, რამაც ხარჯები უკვე გაუზარდათ. მართალია, ეს ცვლილება პროდუქციის ღირებულებაზე ჯერ არ ასახულა, თუმცა აცხადებენ, რომ თუ გზა ახლო მომავალშიც არ გაიხსნება, ეს პროდუქციის სარეალიზაციო ღირებულებას გაზრდის.
იგივეს ადასტურებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც. მისი ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან 17 მაისამდე, ლარსის გავლით ექსპორტმა 150 მილიონი ლარი შეადგინა.
„თუ ლარსი დროულად არ გაიხსნება, საქართველოდან საექსპორტო პროდუქცია გაძვირდება, რადგან ექსპორტიორებს ალტერნატიული გზებით გადაზიდვა მოუწევთ. ლარსიდან იმპორტის შემოსვლაც შეჩერებულია, თუმცა ამისთვისაც შესაძლებელია ალტერნატიული გზების გამონახვა. მაგრამ იმედი მაქვს, ნაწილობრივ მაინც, ამ პრობლემას დროულად მოვაგვარებთ“, - განაცხადა ხადურმა.
ეს კი იმისთვის არის საჭირო, რომ გამოცოცხლებული ბიზნესი ისევ არ შეფერხდეს. რამდენად გამოცოცხლებულია დღესდღეობით ბიზნესი, ეს კიდევ საკამათო საკითხია, მაგრამ ფინანსთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს ასეა და ქვეყანაში ბიზნესმა ახალი მუხტი მიიღო.
„არ მინდა გადაჭარბებული ოპტიმიზმი, კარგად ვხედავ, რა ხდება, მაგრამ ჩვენმა ოპონენტებმა გადაწყვიტეს მხოლოდ ცუდზე ილაპარაკონ, ხალხი შეაშინონ. არადა, ბიუჯეტი სრულდება, გავზარდეთ პენსიები, სოციალური დახმარებები, ხელფასები, ჯარისკაცების, პოლიციელების, პედაგოგების ანაზღაურება გავზარდეთ“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ამასობაში, ქართველმა ექსპორტიორებმა რუსეთში პროდუქციის გასატანად ალტერნატიული გზების გაკვალვა დაიწყეს. ღვინის მწარმოებელი კომპანია „მარნისკარის“ გენერალური დირექტორი ლაშა რევაზიშვილი აცხადებს, რომ რუსეთში, უკრაინის გავლით ღვინის გარკვეული რაოდენობა უკვე გაიგზავნა, რამაც ტრანსპორტირების ხარჯი გაზარდა, თუმცა ეს პროდუქციის საბოლოო ფასზე არ ასახულა.
ალტერნატიული გზით შემოაქვს საქართველოში პროდუქცია იმპორტიორ კომპანია „ალიანს ჰოლდინგს“. მისი ხელმძღვანელი მამუკა ცაგარელი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ტვირთის შემოტანა აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან ხდება. ამ შემთხვევაშიც ტრანსპორტირების ხარჯი გაზრდილია, თუმცა, ჯერჯერობით, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქცია არ გაძვირებულა. მაგრამ, თუკი, ხელისუფლება სწრაფად არ მიიღებს ზომებს და ალტერნატიულ გზას არ გახსნის, შესაძლოა, მომავალში ეს გაზრდილი ხარჯი პროდუქტების ფასზეც აისახოს.