რას არ აპატიებს ამერიკა სააკაშვილს?

რას არ აპატიებს ამერიკა სააკაშვილს?

"უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ კიდევ არ იყო ჩატარებული, ქართული და უცხოური მედიით აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ახალ ხელისუფლებაში სოლიდურ პოსტს დაიკავებდა. ტყუილი გამოდგა გავრცელებული ხმები, თითქოს სააკაშვილს უკრაინის ახალი პრეიდენტი, პეტრო პოროშენკო საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩევლის პოსტს სთავაზობდა. "ალიამ" მოიპოვა კულუარული ინფორმაციები იმის შესახებ, მართლა განიხილებოდა თუ არა სააკაშვილის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის საკითხი უკრაინის ხელისუფლებაში, რამდენად აქტუალური იყო ეს თემა და ვინ და რატომ დაბლოკა მისი კანდიდატურა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რას არ აპატიებს ამერიკა სააკაშვილს?

"ალიას" ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებამდე გადაწყვეტილი იყო, რომ სააკაშვილი მართლა გახდებოდა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მაგრამ ეს იმ დროს, როცა რევოლუციონერთა რიგებიდან, პრეზიდენტობის კანდიდატად იულია ტიმოშენკო და არსენ იაცენუკი განიხილებოდნენ. ორივე მათგანი თანახმა იყო, უკრაინის რევოლუციაში შეტანილი წვლილისთვის და სხვა ფაქტორების გამო, სააკაშვილისთვის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი ებოძებინა. რამდენად გამოადგებოდა უკრაინის ხელისუფლებას მისი სამსახური, ეს სხვა საკითხია, მაგრამ თავად სააკაშვილს რომ ეს სჭირდებოდა, ფაქტია. სჭირდებოდა თუნდაც იმუნიტეტად. ამერიკისა და ევროკავშირის მხარდაჭერილი უკრაინის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ, ცხადია, ქართველი სამართალდამცავებიც მეტ სიფრთხილეს გამოიჩენდნენ, სააკაშვილი საერთაშორისო პოლიტიკაშიც ისევ ანგარიშგასაწევი ფიგურა გახდებოდა და საკუთარი პერსონის რეანიმირებას მოახერხებდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"მიხეილ სააკაშვილი და პეტრო პოროშენკო ერთად სწავლობდნენ კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტში და სტუდენტობიდან იცნობენ ერთმანეთს. საკუთარი სამსახური უკრაინის ახლად გამომცხვარ პრეზიდენტს სააკაშვილმა თავად შესთავაზა. პოროშენკო სააკაშვილს დაჰპირდა, რომ ამ საკითხს განიხილავდა და "ალიას" ინფორმაციით, ის, ფაქტობრივად, თანახმაც იყო, რომ საერთაშორისო საკითხებში მრჩევლის პორტფელი მისთვის ჩაებარებინა. სააკაშვილის მრჩევლობას მხარს უჭერდნენ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო და პრემიერი იაცენიუკიც. თუმცა, საქართველოს ექსპრეზიდენტი დღემდე კლიჩკოს არაფორმალურ მრჩევლად რჩება და უკრაინის ხელისუფლებაში ვერანაირი თანამდებობა ვერ მიიღო", - წერს სტატიის ავტორი.

"ალიას" კარგად ინფორმირებულმა წყაროებმა აცნობეს, რომ სააკაშვილის მრჩევლობის საკითხი ამერიკამ დაბლოკა. როცა პოროშენკომ არჩევნებში გაიმარჯვა, მას შეხვედრა ჰქონდა აშშ-ს სახელმნწიფო მდივნის მოადგილესთან, ვიქტორია ნურლანდთან. სწორედ ამ შეხვედრაზე განუცხადა ნურლანდმა პოროშენკოს, რომ სააკაშვილისთვის არანაირი პოსტი არ მიეცა ახალ ხელისუფლებაში, რადგან ეს არც ამერიკის ინტერესებში შედიოდა და არც უკრაინისა. ნურლანდს ღიად უთქვამს უკრაინის პრეზიდენტისთვის, რომ პოლიტიკაში სააკაშვილის დრო დასრულდა, საქართველოს პრეზიდენტობის დროს მის კარიერაში ბევრი შავი ლაქა გაჩნდა და ბევრი ისეთიც, რომელთა პატიებასაც ამერიკა სააკაშვილისთვის არ აპირებს. სწორედ ამერიკის დაჟინებული მოთხოვნის შედეგია, რომ სააკაშვილი არა თუ საერთაშორისო, არამედ საშინაო, ქართულ პოლიტიკაშიც არ ერევა. მისი გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში დესტაბილიზაციასა და უმართავი პროცესების დასაწყისი იქნება, ამერიკას კი დღეს სტაბილური საქართველო და კავკასია სჭირდება, შესაბამისად, მხარს უჭერს ქვეყნის დღევანდელ ხელისუფლებას. ნურლანდის აზრით, თუ სააკაშვილი პოროშენკოს მრჩევლად იმუშავებს, უკრაინას რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაც გაუჭირდება, რადგან ეს ფაქტი რუსეთს ძალიან გააღიზიანებს და ისედაც უარესად დაიძაბება ურთიერთობა", - დასძენს გამოცემა.