გია ნოდია: ,,ხალხს მიხეილ სააკაშვილი მოენატრება!’‘

გია ნოდია: ,,ხალხს მიხეილ სააკაშვილი მოენატრება!’‘

ამტკიცებს, მიხეილ სააკაშვილი ხალხს მოენატრებაო და იქვე დასძენს, რომ ნაციონალურ მოძრაობას რეორგანიზაცია სჭირდება და ლიდერის პრობლემა აქვს. ვის მიიჩნევს მართულ ოპოზიციად, შეძლებს თუ არა ყოფილი მმართველი გუნდი თვითგადარჩენას და როდის ჩამოვა ექსპრეზიდენტი საქართველოში? _ ,,ვერსიას’‘ პოლიტოლოგი გია ნოდია ესაუბრა.    
_ ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილიც ამბობდა, ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური რადარიდან აუცილებლად გაქრებაო. ამას მარტივი ახსნა აქვს _ ხელისუფლება ღიად აფიქსირებს, რომ ძირითადი ოპოზიციური ძალის ამოძირკვასა და ბოლომდე განადგურებას ცდილობს. შესაბამისად, ,,ქართული ოცნება’‘ საზოგადოებას ეუბნება, რომ მკვეთრად დაპირისპირებული ძალა კი არა, მართული ოპოზიცია სურს
.                           

- დღეს მართული ოპოზიცია ვინაა?                  
- კონკრეტულად ვერავის დავასახელებ, მაგრამ არაერთხელ მოგვისმენია, უმჯობესი იქნება, თუ ნაციონალურ მოძრაობას ოპოზიციურ ფლანგზე ნინო ბურჯანაძე ჩაანაცვლებსო. ფაქტია, ,,ქართული ოცნება’‘ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რეიტინგს თანდათან კარგავს, თუმცა იმის აღიარებაც არ მიჭირს, რომ ეს პროცესი კატასტროფული სისწრაფით არ მიმდინარეობს. ხელისუფლება მაინც შფოთავს - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებს, თუმცა ნაციონალურ მოძრაობას ვერ გაანადგურებს.  
                       

- რას გულისხმობთ, ყოფილი სახელისუფლო პარტია გარკვეულ რაიონებში გამარჯვებას შეძლებს?                     
- ნაციონალურ მოძრაობაში პრობლემებია და ამის დამალვას არც შევეცდები. ის, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებისთვის ანგარიშგასაწევ ძალად რჩება, უკვე მიღწევაა, მაგრამ ლიდერობის კრიზისი აქვს - მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან წავიდა, პარტიის ძლიერი მენეჯერი ვანო მერაბიშვილი კი ციხეშია.    
                   

- არ ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე დიდ პრობლემას უქმნის?                  
- სააკაშვილი თავის დროს ელოდება. მან საკმაოდ უხერხული განცხადება გააკეთა, როცა ბრძანა, მაიდნით მოვალო, თუმცა სინამდვილეში, გულისხმობდა, რომ ,,ქართული ოცნება’‘ მმართველობას ცუდად დაამთავრებს. იგი ელოდება დროს, როცა საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გაღრმავდება და ხალხს მოენატრება. აი, ეს არის სააკაშვილის ჩანაფიქრი. ახლა ხვდება, რომ მასზე ნადირობა დაიწყება და პროკურატურაში სიარული მოუწევს, საქართველოში ამიტომაც არ ჩამოდის. 
                          

- ექსპრეზიდენტი საზოგადოებას მოენატრება?                    
- სააკაშვილი 47 თუ 48 წლისაა, ამიტომ ხელისუფლებაში 5 ან თუნდაც 20 წელიწადში რომ დაბრუნდეს, საკმაოდ ახალგაზრდა იქნება, კვლავ ქვეყნის მმართველი რომ გახდეს. ისე, საზოგადოებას არაერთი ლიდერი მონატრებია, რომელიც გარკვეულ ეტაპზე არაპოპულარული იყო. თუ ხალხმა ნახა, რომ ,,ქართული ოცნების’‘ პირობებში ცხოვრება არ გაუმჯობესდა, ნაციონალური მოძრაობის მმართველობიდან კარგი გაახსენდება, ცუდს დაივიწყებს და სააკაშვილის ძებნას დაიწყებს. სააკაშვილი კი არა, ქართველებს კომუნისტები მოენატრათ, ხელისუფლებასაც სწორედ ამის ეშინია და შფოთავს. 
                      

- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის მთავარი დასაყრდენი დასავლეთის მხარდაჭერა იყო. ამ კუთხით პარტიის ბერკეტი ხომ არ მოირყა?                 
- დასავლეთში, უკრაინის მოვლენების შემდეგ, საქართველოს მიმართ განწყობა შეიცვალა და გამოიკვეთა, რომ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, როგორც ევროპული არჩევანის მსურველ ქვეყნებს, დასავლეთისგან მეტი აღიარება სჭირდებათ... ვერ ვიტყვი, რომ ,,ქართულმა ოცნებამ’‘ ევროპული ორიენტაციის გასაღრმავებლად ბევრი გააკეთა, უბრალოდ, ეს ნაყოფი ხელში ჩაუვარდა და არ გადააგდო, შესაძლოა, წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, რომ არაევროპულად იქცეოდა, მაგრამ ამ ხელისუფლებასაც მსგავსი პრობლემა აქვს _ ოპოზიციას ვერ იტანს. ბუნებრივია, ოპოზიციაც ამ შანსს ხელიდან არ უშვებს და ეს მისი მოვალეობაა. ამასობაში, რუსეთისგან პროვოკაციული ქმედებები იზრდება. მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს იყენებს. როცა რუსეთმა ყირიმი შეიერთა, მაშინვე გაჩნდა საფრთხე, რომ პუტინი აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიების გადაფორმებასაც შეეცდება. 
                

- ,,ქართულ ოცნებაში’‘ ამტკიცებენ, რომ მსგავსი საფრთხე არ არსებობს. ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვის საშიშროების წინაშე რეალურად ვდგავართ?                   - რუსეთი სწორედ ამიტომ გვევაჭრება _ თუ ევროპასთან ინტეგრაციას ხელს არ მოაწერთ, გადაწყვეტილებას გადავხედავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მნიშვნელოვან ზიანს მოგაყენებთო. ანქვაბი გარკვეულ საკითხებში პუტინს ეწინააღმდეგებოდა, ახალი დე ფაქტო ხელისუფლება კი რუსეთის მხრიდან ღიად მართულია.    
               

- სექტემბერში ნატო- ს სამიტია დაგეგმილი. წინასწარ ვიცით, რომ მაპ-ს არ მიგვცემენ... საქართველოსადმი დასავლეთის მხარდაჭერა რაში გამოიხატება?                 
- ნატო- ს რამდენიმე წევრი ფიქრობს, რომ საქართველოს ტერიტორიული პრობლემები მათი თავისტკივილი გახდება, მაგრამ, როგორც ლიტვის მინისტრმა განაცხადა, ეს პრობლემა ისედაც გადაუწყვეტელია. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას არ შეეცდება. ნატო- ში გაწევრიანების შემდეგ კი, საქართველო დასავლეთის გავლენის ქვეშ კიდევ უფრო მოექცევა და ავანტიურაზე არ წავა _ რუსეთთან ომს არ დაიწყებს. ასე რომ, ევროპასთან მეტი ინტეგრაციის იმედი მართლა გაჩნდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გარანტიები გვაქვს. წარმატების მისაღწევად საქართველოს ხელისუფლებას მეტი თანმიმდევრულობა მოეთხოვება.