რატომ გაწირეს ნაციონალებმა და ვის ,,ჩაუშვებს’‘ მიშა
ზუსტად იმ დროს, როცა ზუგდიდსა და ქუთაისში ყოფილი მმართველი პარტიის ისეთ აქტივისტებს, როგორებიც გია ბარამიძე, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა არიან, ხალხი ქვებით უსწორდება, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან ,,გვმოძღვრავს’‘, ესაო, ისაო, მზად ვარ, საქართველოს ახალ მთავრობასა და პრემიერს სასიკეთო რჩევები მივცეო... ისე, ყურადღება თუ მიაქციეთ, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას, მიშას ყასიდადაც არ გასჩენია სურვილი, თავისი ,,გასილაქებული’‘ თანამებრძოლები დაეცვა, რამაც კიდევ ერთხელ გაამყარა მოარული ხმა, რომ ნაციონალები მიშასგან გამიჯვნას ცდილობენ.
რატომ გახდა მიხეილ სააკაშვილი ნაცმოძრაობისთვის ზედმეტი ტვირთი? _ ამ კითხვაზე პასუხი, ერთი შეხედვით, მარტივია _ ნაციონალები თავის გადარჩენას ცდილობენ. ამ შემთხვევაში კი, ყველა იმ უბედურების სხვისთვის ანუ მიშასთვის გადაბრალება ყველაზე კარგი გამოსავალია. მოკლედ, სააკაშვილი თავისივე თანაგუნდელებისთვის განტევების ვაცია, მაგრამ ეს იმას როდის ნიშნავს, რომ მიშა ყველაფერს საკუთარ თავზე აიღებს და, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, თავის პოლიტიკურ და-ძმებს არ ,,ჩაუშვებს’‘. ჩვენთვის რომ ვთქვათ, სააკაშვილმა, რომელსაც ოჯახის გამოსაკვებად, თურმე, სასწრაფოდ სამსახური სჭირდება, ნაციონალები უკვე ,,ჩაუშვა’‘ და აი, რატომ: ,,ვერსიის’‘ ექსკლუზიური ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა თბილისის მერყოფილის, გიგი უგულავას ქვისლი, ღონიაშვილი ,,ქეში’‘ 160 ათასი დოლარით დააკავეს, ნაციონალური მოძრაობა სერიოზული ფინანსური კრიზისის წინაშე დადგა. წყაროს ვერსიით, ნაციონალები უგულავას ქვისლს ბოლომდე არ ენდობოდნენ, შესაბამისად, ფულის შოვნის ანუ პარტიის დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე ,,ჩალიჩობდნენ’‘ და უკრაინის მოვლენებმაც ბედზე მოუსწრო. ,,ვერსიის’‘ შეკითხვაზე, თუ რა შუაშია უკრაინის მოვლენები ნაციონალური მოძრაობის ფინანსებთან, წყარო მრავალმნიშვნელოვნად იღიმის და ორაზროვნად კითხულობს: ,,თქვენ, რა, მართლა გგონიათ, რომ კიევში ექსპერტებად გამგზავრებულ ნაცებს გული უკრაინაზე შესტკივათ? ისე, მიშამ თავის ბოლო ინტერვიუში, პრაქტკულად, აღიარებითი ჩვენება მისცა, როცა განაცხადა, ჩემი თანამებრძოლების დიდი ნაწილი უკრაინაშია ჩამოსული და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში კონსულტანტად მუშაობსო. ვიდრე მიშა ამ განცხადებას გააკეთებდა, ცნობილი მხოლოდ ის იყო, რომ კიევში გიორგი ვაშაძე, დავით სიხარულიძე და კიდევ რამდენიმე მკვეთრად პროდასავლური მსოფლმხედველობის ნაციონალი იმყოფებოდა.
- უკაცრავად, პროდასავლურობას ხაზს რატომ უსვამთ?
- რა, არ გაგიგიათ, რომ ნაციონალური მოძრაობაში რამდენიმე დაჯგუფებაა? აქედან, ის ,,სასტავი’‘, რომლის ატამანებიც გიგა ბოკერია და გიგი უგულავა არიან, მთლიანად აშშზეა ორიენტირებული. ამავე ჯგუფში შედიან გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, ირმა ნადირაშვილი... დავით ბაქრაძეც ამერიკელების გავლენის ქვეშაა, რასაც გივი თარგამაძეზე ვერ ვიტყვი’‘. წყაროს ვერსიის მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის რებრენდინგი სწორედ აშშ-ის ე.წ. ლიბერალურ პოლიტიკურ წრეებში გადაწყდა. ცნობილია, რომ ,,ვარდების რევოლუციასა’‘ და მის წინამორბედ მოვლენებში ფულს სოროსი დებდა. ამერიკელებს, როგორც ამბობენ, ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა არ სჩვევიათ. შესაბამისად, ისევ ოპოზიციაში გადასულ ნაცებს ღიად არ დააფინანსებდნენ. ამიტომ, როგორც ,,ვერსიის’‘ წყარო ეჭვობს, პროდასავლური ორიენტაციის ნაციონალები კიევში, მრჩევლებისა თუ ექსპერტების სტატუსით, სწორედ ამერიკელებმა გადაისროლეს. ახლა, რაც შეეხება უკრაინული ფულით ყოფილი მმართველი გუნდის დაფინანსებას, წყაროს ვერსიით, სქემა ასეთია: საკონსულტაციო მომსახურეობა, როგორც წესი, ძალიან ძვირი სიამოვნებაა.
შესაბამისად, კიევში ,,გადატყორცნილი’‘ ნაციონალები პოროშენკოსა და მის პოლიტიკურ გუნდს, ცხადია, ლამაზი თვალების გამო უფასოდ არ მოემსახურებიან. შესაბამისად, ლაპარაკი შესაძლოა, რამდენიმენულიან ანაზღაურებაზე იყოს. ერთი სიტყვით, გაექსპერტებული ნაცი, როგორც ექსპერტი, უკრაინის მთავრობისგან თვეში, ვთქვათ, 10 ან 15 ათას დოლარს აიღებს და საქართველოში ჯიბეგასქელებული დაბრუნდება. ჩვენი კანონმდებლობით, უცხოეთში საკუთარი შრომით ნაშოვნი ფულის საქართველოში შემოტანა არ იკრძალება. ასევე, აკრძალული არ არის, რომ პიროვნებამ თავისი ოფლით ნაშოვნი ,,მწვანეები’‘ რომელიმე პარტიას შესწიროს. მართალია, კანონით, ერთ პიროვნებას, წელიწადში, პარტიის დაფინანსება მხოლოდ 60 ათასით შეუძლია, მაგრამ ვინ ან როგორ დაადგენს, რომ გაექსპერტებულმა ნაცებმა ,,მშობლიურ პარტიაში’‘ ფული ,,ქეშად’‘ არ მიიტანეს? ასე და ამგვარად, ,,ოცნებამ’‘ ნაციონალთა ღონიაშვილები სულ ბითუმად რომ დაიჭიროს, ყოფილ მმართველ პარტიას, ზემოხსენებული სქემიდან გამომდინარე, ფინანსურ არხებს მაინც ვერ გადაუკეტავს. ნაციონალური მოძრაობის უკრაინული ფულით დაფინანსების საიდუმლო სქემის ვერსიას კიდევ ერთი გარემოება ამყარებს _ როგორც ცნობილი გახდა, კახა ბენდუქიძე შესაძლოა, კიევში ,,გადაცხოვრდეს’‘, სადაც ეკონომიკური საბჭოს წევრის ამპლუაში იმოღვაწევებს. ბენდუქიძის კარიერაში რუსული ბეგრაუნდი არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც ევროპული ლიბერალიზმის მიმდევრად ითვლება. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბენდუქიძეს პრივატიზაციისა და ეკონომიკის აღორძინების საკუთარი თეორია აქვს, რომელი თეორიითაც, ზოგიერთი ეკონომისტის რწმენით, ქართული ეკონომიკა დაღუპა. სხვათა შორის, ბენდუქიძე საქართველოში სწორედ პოსტრევოლუციურ ეპოქაში გამოჩნდა. უკრაინაშიც, პრაქტიკულად, პოსტრევოლუციური ეპოქა დგას... ისე, სულაც არაა გამორიცხული, უკრაინის ახალ ხელისუფლებას ნაციონალების ექსპერტებად აყვანა ამერიკელებმა კი არა, სწორედ ბენდუქიძემ ურჩია...
მართალია, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა რადარიდან ქრება, მაგრამ არსებობს ერთი ,,მაგრამ’‘, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ ანუ ამერიკელების ფაქტორი - ოკეანისგაღმელი პოლიტიკური ელიტა, უფრო სწორედ, ელიტის ერთი ფრთა ყველაფერს გააკეთებს, რათა ნაცმოძრაობა, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, რადარზე არათუ დარჩეს, არამედ მძლავრი ოპოზიციური პარტიის იმიჯიც შეინარჩუნოს. სწორედ ამით აიხსნება ნაცმოძში დაწყებული რებრენდინგი და ყველა ოდიოზური ფიგურისგან გაწმენდის მცდელობა. ,,გაწმენდის’‘ ყველაზე თვალშისაცემი მაგალითი კი ის გახლავთ, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, ნაცმოძრაობის ე.წ. ჰედ ოფისის უკანა კედლიდან თავის დროზე დიდი ,,ცამპა- რუმპათი’‘ გაკრული ვანო მერაბიშვილის უშველებელი პლაკატი ჩამოხსნეს. მართალია, ბოკერია- უგულავას ფრთა პერიოდულად მერაბიშვილსაც ახსენებს და ძმებ ახალაიებსაც, მაგრამ ეს, როგორც ,,ვერსიის’‘ წყაროები ამბობენ, ჩვეულებრივი პოლიტიკური ტრიუკია და მეტი არაფერი ანუ არჩევნების წინ რებრენდირებულ ნაციონალურ მოძრაობას თუნდაც მსოფლიოს დასანახად სჭირდება ,,წამებულის მანტიის’‘ მოსხმა, თორემ უგულავასა და ბოკერიას მერაბიშვილ- ახალაიები სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, თურმე...