„94 ათასი დოლარის ოდენობის სესხი მეღორეობის ფერმის მშენებლობისთვის გამოვიყენე. შემოვიყვანეთ ღორი და ვიყიდეთ საკვები პროდუქტი. 5 წლით გადავიწიეთ წინ - ეს ფული ნაჩუქარის ტოლფასია. სახელმწიფო, ინდმეწარმე და სოფლის მეურნეობის სფეროს ნებისმიერი წარმომადგენელი დღეს, ფაქტობრივად, მეგობრები გახდნენ“,- აცხადებს კახელი ინდმეწარმე დავით ბერიაშვილი.
იგი ერთ-ერთია იმ მეწარმეებს შორის, ვინც ვინც წარმოების განვითარებისთვის გასულ წელს შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო. დღეს ფერმაში ე.წ. საბეკონე ჯიშის 40 ღორი ჰყავს და ამ ეტაპზე პრიორიტეტი მათი გამრავლებაა. წლის ბოლოს კი ასობით ნამატის რეალიზაციას გეგმავს. დავით ბერიაშვილს წარმოების განვითარების კუთხით სხვა გეგმებიც აქვს. ამბობს, რომ 10 ჰექტარის ფართობზე გაშენებული თხილის პლანტაცია აქვს და ორ წელიწადში თხილის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას აპირებს.
მეცხოველეობა, რძის პროდუქტების წარმოება, მეღვინეობა და სხვა დარგები კახეთში შეღავათიანი აგროსესხების და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში ვითარდება.
სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი და გაფართოებული საწარმოების დათვალიერების შესაძლებლობა ქართველ ჟურნალისტებს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლების მიერ მოწყობილი სპეციალური მედიატურის ფარგლებში მიეცათ. მედიატური კახეთში 7-8 ივნისს გაიმართა.
რძის გადამამაუშავებელი საწარმოს მფლობელმა ინდმეწარმე გოჩა ღაღაშვილმა გასულ წელს 30 ათასი დოლარის ოდენობით აგროკრედიტი აიღო. ყველის საწარმოს შენობა-ნაგებობების მოცულობასთან ერთად ქარხნის წარმადობა მნიშვნელოვნად გაზარდა. დღეს მის კომპანიაში 14 ადამიანია დასაქმებული, მომავალ წელს, დამატებით, 70 ათასამდე დოლარის კრედიტის აღებას, წარმოების კვლავ გაზრდას და დამატებით 10 ადამიანის დასაქმებას გეგმავს.
„დღეს უკვე 1500-დან 2000 ლიტრამდე რძეს ვამუშავებთ, რომელსაც ვყიდულობთ მოსახლეობისგან - მხოლოდ ნატურალურ რძეზე ვმუშაობთ. სტაბილურად რომ ვუხდით თანხას, რძის ჩაბარებით გლეხებიც დაინტერესდნენ - ვისაც ორი ძროხა ჰყავდა, დღეს უკვე 4 ჰყავს“,- ამბობს ინდმეწარმე და აღნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ამერიკიდან სტუმრებს ელის, რომლებიც მათი წარმოებული სულგუნით უკვე დაინტერესდნენ და ამჯერად საწარმოს ნახვას და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავენ.
შეღავათიანი სესხების პროექტი ზოგიერთი კახელი მეწარმისთის ღვინის წარმოების ზრდის ერთ-ერთი პირობაც გახდა. კორპორაცია „ქინძმარაულის“ პრეზიდენტი თამაზ კონჭოშვილი ყვება, რომ 600 ათასი აშშ დოლარის შეღავათიანი კრედიტი საკუთარი საწარმოს გადაიარაღებისთვის აიღო, 1 მილიონი ლარის უპროცენტო სესხი კი ყურძნის შესყიდვისთვის აიღო.
„სახელმწიფო ხელს რომ არ გვიშლის, ეს უკვე არის ყველაზე დიდი დახმარება. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ დღეს ეს გვაქვს. ამის გარდა, იქით რომ გეხმარება, ეს უკვე გმირობაა. ბიზნესს მსგავსი დახმარება აქამდე არსდროს ჰქონია“,- აცხადებს თამაზ კონჭოშვილი.
კორპორაცია „ქინძმარაულის“ პრეზიდენტი ყვარლის შემოსასვლელში ახალი საწარმოს გახსნასაც გეგმავს. საწარმო თვენახევარში ამოქმედდება და სამშენებლო ნახევარფაბრიკატების დამზადებაზე იმუშავებს.
შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში აღებული 1 მილიონი ლარით ყურძნის გადამმაუშავებელი ქარხნის წარმადობა 4-ათასიდან 7-ათასამდე გაზარდა კომპანია „თბილღვინომ“.
„წარმოების 95%-ის ექსპორტს ვახორციელებთ - 30 ქვეყანაში. მაქსიმალურად დივერსიფიცირებული გვაქვს საექსპორტო გეოგრაფია. რუსეთის ბაზარს უკავია მნიშვნელოვანი წილი, თუმცა, ვითვალისწინებთ რა იმ რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია ამ ბაზართან, ვცდილობთ რუსეთის ბაზარზე ექსპორტი არ აღემატებოდეს მთლიანი ექსპორტის 25%-ს“,- განმარტავს ჟურნალისტებთან საუბრისას კომპანიის წარმომადგენელი.
ჟურნალისტებმა მედიატურის ფარგლებში ასევე დაათვალიერეს სასტუმროთა ქსელ „ძველი თელავის“ ახალი და მშენებარე ობიექტები; კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქარხანა; წინანდლის „ძველი მარანი“; სასტუმრო „შატო ყვარელი“, საწარმო „ყვარლის ბაგა“ და „შალოშვილის მარანი“ - ყველა ეს ობიექტი მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათიანი კრედიტის ფარგლებში შეიქმნა ან გაფართოვდა.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ 2013 წლის 27 მარტიდან ამოქმედდა და დღემდე ხორციელდება. პროექტი რამდენიმე კომპონენტს მოიცავას, მათ შორისაა: უპროცენტო სასაქონლო კრედიტი მცირე ფერმერებისთვის, რომელიც 6-თვიან პერიოდს მოიცავს და თანხის 5 ათასი ლარის ფარგლებში გაცემას ითვალისწინებს; შეღავათიანი აგროკრედიტი კი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვისაა, მის ფარგლებში 5 ათასიდან 100 ათასამდე ლარის სესხი გაიცემა. ხოლო, სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის სესხის მინიმალური ოდენობა 30 ათასით, მაქსიმალური კი 600 ათასით არის განსაზღვრული. ასევე მოქმედებს შეღავათიანი აგროლიზინგის, ყურძნისა და ციტრუსის გადამამუშავებელი კომპანიებისთვის დაწესებული პროგრამები, რომლებიც სესხის სახით 10 მილიონამდე ლარის გაცემას გულისხმობს. ახლახან კი ამოქმედდა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშესაწყობად 600 ათასიდან 2 მილიონამდე აშშ დოლარის სესხი 18-დან 24 თვემდე საშეღავათო პერიოდით გაიცემა.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით გაცემულია დაახლოებით 400 მილიონი ლარი, ჯამში 17 ათსზე მეტი სესხია გაცემული. სეხების უმრავლესობა კახეთის ფერმერულ მეურნეობებზე გაიცა. შექმნილია ახალი საწარმოები, სესხები გაცემულია არსებული საწარმოების გადაიარაღების, გაფართოებისა და მოდერნიზებისთვისაც. ეს ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, ასევე დამატებით შემოსავალს უჩენს ფერმერულ მეურნეობებს და გადამამუშავებელ მრეწველობას“,- აცხადებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროპროექტის მენეჯერი ირაკლი მოისწრაფიშვილი.
კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი კი განმარტავს, რომ კახეთში შარშან მხოლოდ იაფი კრედიტის ფარგლებში 62 მილიონ ლარზე მეტი გაიცა, წელს კი ორჯერ მეტს ელიან. შიოლაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოების ხელშეწყობა კვლავ გრძელდება და კახეთში მოწეული ატმის მოსავლის ექსპორტზე გასატანად უკვე დაწყებულია კონკრეტული სამუშაოები.
„რუსეთის ბაზრის გახსნის შემდეგ უკვე ვმუშაობთ კახეთში წარმოებული ატმისა და სხვა ხილის ექსპორტზე გასატანად. რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ კახელი გლეხი წელში გამართული იქნება“,- აღნიშნავს გუბერნატორი.
კახეთში გამართული მედიატურის ფარგლებში, სპეციალურად ჟურნალისტებისთვის, ყავის საწარმოს - Cherie-ის პრეზენტაცია გაიმართა. მედიის წარმომადგენლები საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნენ და ახალი ქართული ყავა დააგემოვნეს.
კომპანია „ჩერი“ 2012 წლის 21 მარტს დაარსდა. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ნედლი, მწვანე ყავის იმპორტი, მისი შემდგომი გადამუშავება და რეალიზაცია. მწვანე მარცვლის იმპორტი ევროპიდან ხორციელდება, თუმცა მისი თავდაპირველი მომწოდებელი ქვეყნებია ბრაზილია, კოლუმბია და სხვა.
ამჟამად „ჩერი“ ორი დასახელების ნალექიან ყავას აწარმოებს: „ჩერი კლასიკსა“ და „ჩერი ორიგინალს“. „ჩერი კლასიკის“ 100 გრამიანი შეფუთვის საშუალო ფასი 3.50, „ჩერი ორიგინალის“ კი - 2.50 ლარია. კომპანია სამომავლოდ 12 დასახელების ყავის გამოშვებას და პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.
„რეცეპტი, რომლის მიხედვითაც ყავას ვამუშავებთ, სპეციალურად ქართველი მომხმარებლისთვის შეიქმნა. ამ პროექტზე 2 წელი ვმუშაობდით და 4,5 მილიონი ლარი დავხარჯეთ. ვიმედოვნებთ, ქართველი მომხმარებელი დაგვიფასებს ამას, დააგემოვნებს, შეაფასებს ჩვენს ყავას და ამჯობინებს ბაზარზე არსებულ მსგავს პროდუქტს. ჩვენ ვქმნით ქართული ყავის ბრენდს. საქართველო არ ასოცირდება ყავასთან და ეს სარისკო ნაბიჯი იყო. ხალხს უნდა დავაჯეროთ, რომ საქართველოშიც შეიძლება გაკეთდეს უმაღლესი ხარისხის ყავა და ამის მიღწევა საწარმოო ხაზის დაცვით და კვალიფიციური თანამშრომლებით არის შესაძლებელი“,- განმარტავენ კომპანიაში.
კახეთის რეგიონში ჩასულ ჟურნალისტებს მთავრობის წარმომადგენლებმა ახლახან გახსნილი თელავის ნაგავსაყრელიც დაათვალიერებინეს.თელავის განახლებული ნაგავსაყრელი 2014 წლის 4 მარტს გაიხსნა. იგი თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტებს ემსახურება.
მიმდინარე წელს დაგეგმილია წნორის, ლაგოდეხისა და საგარეჯოს ნაგავსაყრელების სამშენებლო -სამონტაჟო სამუშაოები. გარდა ამისა, დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული ნაგავსაყრელის აშენება, სადაც განთავსდება ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო და ყველა არსებული და მოქმედი ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისად დაიხურება.