მინისტრები „საქსტატის“ წინააღმდეგ დაირაზმნენ

მინისტრები „საქსტატის“ წინააღმდეგ დაირაზმნენ

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების თაობაზე, მთავრობაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. აშკარაა, რომ მინისტრთა გამონათქვამები და სტატისტიკოსთან მონაცემები დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. იმის ნაცვლად, რომ რეალური მიზეზების ძებნა დაეწყო, მინისტრებმა სტატისტიკის სამსახურს ავი თვალით დაუწყეს ყურება. როგორ დასრულდება სამთავრობო დაპირისპირება, სულ მალე გამოჩნდება - ან სიტყვებში, ან ციფრებში.

ეკონომიკის მინისტრს არ დაუმალავს, რომ „საქსტატთან“ მწვავე კითხვები აქვს. გიორგი კვირიკაშვილს, ოფიციალური ინფორმაცია კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის 23 ათასით შემცირების თაობაზე, მეტად ემწარა და სტატისტიკის სამსახურის მიმართ პრეტენზიებიც გაუჩნდა. მას აინტერესებს, რამდენად „დაფარა „საქსტატმა“ ის ეკონომიკური აქტიურობა, რომელიც არსებობს“.

„ჩემთვის გასაკვირია ამ ტიპის ინფორმაციის გამოქვეყნება, რადგან რიგი მიმართულებით ძალიან სერიოზული აქტივობაა. ვერ გეტყვით, შემცირებულია თუ არა სამუშაოს რაოდენობა. სტატისტიკის დეპარტამენტს, ალბათ, უნდა დავუჯეროთ, მაგრამ რა მეთოდოლოგიით დაითვალეს მათ მონაცემები და მოხდა თუ არა დაფარვა მთელი იმ ეკონომიკური აქტიურობის, რომელიც არსებობს, ეს ჩემთვის კითხვის ნიშნებს ჰბადებს.

ბევრი მიმართულებით არის ძალიან სერიოზული გამოცოცხლება. არც ერთი დიდი პროექტი გაჩერებული არ არის, გარდა თბილისის შემოვლითი პროექტისა, სადაც დამატებითი ანალიზი კეთდება. უამრავი ახალი პროექტია დაწყებული.

მარტო თბილისში მიმდინარეობს შვიდი დიდი სასტუმროს მშენებლობა, პატარებზე საუბარი აღარ მაქვს. ბათუმში ასევე ოთხი ბრენდი სასტუმროს მშენებლობა ხდება, გუდაურში არის გაზრდილი აქტივობა. ყაზბეგში მიმდინარეობს ახალი პროექტი, რომელიც მას აქცევს ზამთრის კურორტად და შესაბამისად, იქ ზამთრის კურორტის ინფრასტრუქტურის განვითარება ხდება. ბაკურიანში არის ფრანგების მიერ დამტკიცებული ახალი პროექტი და მიმდებარე სოფლებისა და ახალი ტრასების განვითარებაზეა საუბარი. ძალიან ბევრი მიმართულებითაა მომატებული აქტივობა და დამერწმუნეთ, რომ ტენდენცია იქნება მხოლოდ და მხოლოდ დადებითი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2013 წლის IV კვარტლიდან 2014 წლის პირველ კვარტლამდე დასაქმებულთა რაოდენობა 519 ათასიდან 495.7 ათასამდე შემცირდა. ეს ტენდენცია ყველა სპეციალისტმა შეჩერებულ ინფარსტრუქტურულ პროექტებს დაუკავშირა.

ამაზე კი რეგიონალური ინფრასტრუტურის ახალი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი განაწყენდა და მსწრაფლ სამინისტროში ჟურნალისტები საპრესკონფერენციოდ იხმო. მინისტრს აინტერესებდა, გააჩნია თუ არა „საქსტატს“ არგუმენტი იმისა, რომ სამუშაო ადგილების შემცირება ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებასთან არის დაკავშირებული.

„ჩვენ გაგვყავს გზები იმაზე მეტი, ვიდრე ადრე გადიოდა ერთდროულად, ჩვენ ვახორციელებთ იმაზე მეტ მუნიციპალურ პროგრამებს, ვიდრე ოდესმე ხორციელდებოდა, გვაქვს წყლის პროექტები და 24-საათიან წყალმომარაგებას ვგეგმავთ საქართველოს შედარებით მცირე ქალაქებშიც კი, გვაქვს მყარი ნარჩენები სრულიად ახალი სტრატეგია.

კლიმატურმა პირობებმა არ შეგვიწყო ხელი, რომ სრულად აგვეთვისებინა თანხები, მაგრამ მაინც იმაზე მეტი ავითვისეთ, ვიდრე წინა წლებში ითვისებდა ვინმე“, - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

სხვა მინისტრებისა არ იყოს, ხოკრიშვილის ფიციც გასაკვირია. როცა მთელი საქართველო ავტომაგისრალზე მიმდინარე მუშაობის ტემპს უყურებს და მთელი იმერეთი კი წყალტუბოში მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს, რომელ 24-საათიან მუხლჩაუხრელ შრომაზე შეიძლება იყოს საუბარი? როცა არც სტიტისტიკურად, არც ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში და არც უშუალოდ თვალით არ ჩანს გაკეთებული საქმე, „იმაზე მეტში“ რა იგულისხმება, ვინმემ თუ იცის?