როგორ ხოცავდნენ ადამიანებს

როგორ ხოცავდნენ ადამიანებს "დემოკრატიის მშენებელი" სააკაშვილის ხელქვეითები ჩეკისტური მეთოდებით

"იყო დრო, როდესაც საკუთარი მოქალაქეებისთვის "ტერაქტების მოწყობა" _ გატაცება-წამება-ლიკვიდაცია ჩვეულებრივი ამბავი და ძლიერთა ამა ქვეყნისა მიზნის მიღწევის ერთგვარი საშუალება გახლდათ. გასულ წელს შს მინისტრმა მოსახლეობას ამცნო, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საქმეების ძიება დაიწყო და მათში ყოფილი რეჟიმის მაღალჩინოსნების დანაშაული იკვეთებოდა. რამდენიმე დღის წინ სამართალდამცველებმა 2008 წლის აგვისტოში გაუჩინარებული თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, პაატა ქარდავას საქმე გახსნეს, რომელშიც იკვეთება შემზარავი სისტემური დანაშაულებრივი სქემა", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა"სტატიაში სათაურით "ზღვაში ჩაკლულთა საქმე N..." 

"შსს-ს ინფორმაციით, პაატა ქარდავა კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა და ხურჩის ტერაქტში ბრალდებულმა რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღის ერთი გასროლით მოკლა და ცხედარი ზღვაში გადააგდო. რომან შამათავა პაატა ქარდავას აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რომელიც, თავის მხრივ, ამას კატეგორიულად უარყოფდა. არ გამორიცხავენ, რომ სამართალდამცველები ამ საქმეში სხვა მაღალჩინოსნების კვალსაც დაადგნენ. ქარდავას საქმის ანალოგია ჭუბერელი რეინჯერის, დავით ცინდელიანის გაუჩინარებაც. ამ ორ დანაშაულს ერთნაირი ხელწერა აქვს და როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ცინდელიანის გაუჩინარების საქმეშიც კუდ-ის თანამშრომლები ფიგურირებენ. დავით ცინდელიანი სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამმართველოს რეინჯერი იყო. 2008 წლის 16 აგვისტოს ის ქუთაისში მოტყუებით გამოიძახეს, ვითომდა თათბირზე, რის შემდეგაც სპეცრაზმელებმა მამისა და მეგობრების თვალწინ გაიტაცეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ყველაფერი იმით დაიწყო, რომ აგვისტოს ომის დროს, კუდ-მა ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის გაშიფვრის დროს დავით ცინდელიანის სიტყვები ამოიღო, სადაც ცინდელიანი რუს გოგონასთან საუბრისას კოდორის ხეობაში ქართულ ტანკებზე ლაპარაკობს. კუდ-მა ამ სატელეფონო საუბარს შპიონაჟის კვალიფიკაცია მისცა და ცინდელიანს სამხედრო საიდუმლოების გამჟღავნება დააბრალა. თბილისიდან ქუთაისში ცინდელიანის დასაკავებლად ჩასულმა კუდ-ის სპეცრაზმელებმა ის მანქანიდან გადმოათრიეს და თბილისისკენ წაიყვანეს. პირველი დაკითხვა გზაზე მოუწყვეს, რა დროსაც ცინდელიანმა აღიარა, რომ რუსი გოგონა რამდენიმე წლის წინ გაიცნო და რომ ეს ინფორმაცია საუბრისას წამოსცდა, მაგრამ არა შპიონაჟის მიზნით. კუდ-ის სპეცრაზმმა გზაში ბრძანება მიიღო, დავით ცინდელიანი ბათუმში ჩაეყვანათ. ბათუმში ჩასვლის შემდეგ დაკავებული ბათუმის კუდ-ის სპეცრაზმს გადასცეს და მას შემდეგ მისი კვალი იკარგება", - დასძენს გამოცემა.

"პაატა ქარდავასა და დათოს მკვლელობაში ერთი და იგივე ხელწერაა. შვიდი თვეა, რაც გამოძიება მიმდინარეობს. გამომძიებელმა მითხრა, დეტალებიღაა დარჩენილი და ეს საქმეც გაიხსნებაო. რა ვერსიაც იყო თავდაპირველად, ის ვერსია დასტურდება, ანუ დათოც ზღვაში შეიყვანეს, ტყვია დაახალეს და წყალში გადააგდეს. როგორც ვიცი, ამ საქმეშიც შამათავა ფიგურირებს. არიან მოწმეები _ კუდ-ის სამი თანამშრომელი, რომლებიც შამათავამ ნაპირზე დატოვა და რომლებიც ხელს მას ადებენ. უცხოეთში მყოფ ემიგრანტ გიორგი ალანიას ვიღაც დაუკავშირდა ინტერნეტით და დეტალურად მოუყვა, რა და როგორ მოხდა. დავრწმუნდით, რომ ის ერთ-ერთი მათგანი (კუდ-ელი) იყო, რომელიც შამათავამ ნაპირზე დატოვა. ასე დეტალურად სხვა ვერავინ მიაწვდიდა ალანიას ამ ინფორმაციას. მის გარემოცვაში შამათავას სიმთვრალეში ბევრჯერ დაუტრაბახია, ცინდელიანს მე ავუგე წესიო. შამათავამ დათა ახალაიას დავალება შეასრულა. როდესაც სპეცრაზმელებს დათო თბილისში მოჰყავდათ, მათ დათა ახალაიამ დაურეკა. ამის შემდეგ ის უკან მიაბრუნეს, ბათუმში ჩაიყვანეს და შამათავას გადააბარეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდეტთან საუბრისას დავით ცინდელიანის ბიძა ოთარ ვიბლიანი. 

"ამით უნდოდათ შეექმნათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ თითქოს დათო აფხაზეთში გადავიდა. აფხაზეთის კუდ-ის სამივე თანამშრომელი, ვინც მათ ბათუმში დახვდა, შამათავას ადებდა ხელს, ამბობდნენ, რომ შამათავამ დათო მანქანიდან გადმოსვა, ჯერ ეკლესიის ნანგრევებისკენ წაიყვანა, მერე ზღვაში გაიყვანა და საათ-ნახევარში უკან მარტო მობრუნდაო. ჩვენი ვერსიით კი, შამათავამ "მაიმუნა", იგივე გიორგი ჩიქოვანი (აჭარის კუდ-ის თანამშრომელი) დაიხმარა, მარტო ვერ მოერეოდა დათოს. ჯერ შუბლში დაახალეს ტყვია, მერე ფეხზე ბეტონის ნაჭერი მოაბეს და ზღვაში გადააგდეს...", - დასძენს ოთარ ვიბლიანი.

"ბურუსით არის მოცული თავდაცვის სამინისტროს მზვერავის, უფროსი სერჟანტის როინ შავაძის გაუჩინარება-მკვლელობაც, რომელიც 2008 წლის 16 აგვისტოს სოდ-ის სპეცრაზმმა ბათუმის ცენტრში დააკავა. მოგვიანებით შავაძე აჭარა-გურიის საზღვარზე, სოფელ ქაქუთთან დახვრეტილი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, შავაძე ნარკოტიკების გამო დააკავეს, ეტაპირებისას კი გაქცევა სცადა და ჩაცხრილეს. არაოფიციალურად ცნობილია, რომ შავაძეც ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. საქმე დღემდე გაუხსნელია", - წერს სტატიის ავტორი.

"ჩემი მეუღლის გატაცება-მკვლელობაში წინა ხელისუფლების კვალი რომ იკვეთება, უდავოა. დარწმუნებული ვარ, როინმა რაღაც იცოდა, მათ საიდუმლოს გამჟღავნების შეეშინდათ და ამიტომაც მოიშორეს. როინი მთავარი მზვერავი იყო და ბევრი რამ იცოდა. 15 აგვისტოს ჩამოვიდა ომიდან და სამსახურში გამოცხადდა. მეორე დღესვე აიყვანეს ბათუმში და მის ასავალ-დასავალს დიდი ძებნის შემდეგ პროზექტურაში მივაკვლიეთ. 24 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი - ფეხები, ხელები, თითები, კისერი დამტვრეული ჰქონდა, წელშიც გადატეხილი იყო და ამათ რომ ჰკითხოთ, ასეთი დასახიჩრებული კაცი თურმე გარბოდა. კაცს 15 ორდენი ჰქონდა მიღებული, სიგელებსა და ორდენებს სამშობლოს მოღალატეს აძლევდნენ?! ისიც კი დააბრალეს, ნარკოტიკი ჰქონდა ჯიბეშიო. მერე გვითვლიდნენ, აგერ არის მკვლელი "მაიმუნა" (რომელიც გაქცეულია, ამბობენ, ლონდონშიაო) და მოკალითო. ისიც გვითხრეს, 50.000 აიღეთ და გაჩუმდითო. დაფარული ნომრებიდან გვირეკავდნენ და გვემუქრებოდნენ, დაგხოცავთ, სოფელში წყალს მოგიწამლავთო. თვე-ნახევრის წინ დამიკავშირდა პროკურორი და შეხვედრა მოითხოვა. ჩემს ადვოკატს უთხრეს, რომ გამოძიება მიდის და ყველაფერი გაირკვევა. მას შემდეგ სიახლე არაფერია. ნეტავ ის დღე დადგებოდეს, ჩემი ქმრის მკვლელები დასჯილი ვნახო", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას როინ შავაძის მეუღლე ციცინო შავაძე.

"დღემდე გაუხსნელია ანაკლიის მკვიდრის, 43 წლის გოგიტა აბულაძის საქმე, რომელიც 2012 წლის 18 იანვარს გაუჩინარდა. იგი სახლიდან სამსახურში, სასტუმრო "ანაკლიაში" წავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. წინა ხელისუფლება ოჯახს არწმუნებდა, რომ აბულაძე რუსეთის აგენტი იყო, შემჩნეული ჰყავდათ ტერაქტების მოწყობის მცდელობაში და ამიტომ აფხაზეთში გაქცევით უშველა თავს", - განაგრძობს სტატიიის ავტორი. 

"თავდაპირველად გვაჯერებდნენ, რომ გოგიტა აფხაზეთში გადავიდა. მოწმეც ამბობს, რომ ნახა, როგორ გადააცილა ის მალხაზ პაჭკორიამ (სამეგრელო-ზემო სვანეთის კონტრდაზვერვის უფროსის იმჟამინდელმა მოადგილემ) თავისი მანქანით აფხაზეთში. აფხაზეთშიც გავიკითხეთ, მაგრამ არავინ არაფერს ამბობს. ჩემმა ძმამ გაუჩინარებამდე 13 იანვრით დათარიღებული წერილი დატოვა, სადაც წერდა, "აფხაზეთში გადავდივარ და ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამო". ანაკლიაში, ჭაობში ნახეს 5 კაცის ჩონჩხი, მაგრამ ვერ ამბობენ, ვისია. გვინდა, ვიცოდეთ, ურევია თუ არა მათში გოგიტას ძვლები. ამას წინათ შევხვდით ალექსანდრე ჭიკაიძეს, რომელმაც გამოგვიცხადა, ხუთ ნაპოვნ გვამში გოგიტა არ ურევიაო. ვკითხეთ, ექსპერტიზა თუ ჩაატარეთ ან დნმ-ის ანალიზი გააკეთეთ-მეთქი და ამაზე პასუხი არ აქვთ. იყო ასეთი ვერსიაც, თითქოს გოგიტა ანაკლიის სასტუმროს კედელში ჩააბეტონეს. რაც კი სამეგრელოში აფეთქებები ხდებოდა, უნდოდათ გოგიტასთვის დაებრალებინათ და ჯაშუშად გამოეცხადებინათ (იმხანად სხვადასხვა შენობაში ყუმბარებს პოულობდნენ). კარგა ხანს მოღალატის ოჯახსაც გვეძახდნენ. გვეგონა, ჩემი ძმა იმ ხელისუფლებას გაექცა და არჩევნების მერე მაინც გამოჩნდებოდა ან ნიშანს მოგვცემდა, მაგრამ არც ცოცხალი ჩანს, არც მკვდარი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგიტა აბულაძის და ნანა აბულაძე.