შსს-მ ნარკორეალიზატორი და მომხმარებელი დააკავა

შსს-მ ნარკორეალიზატორი და მომხმარებელი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სახაზო საპატრულო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ირაკლი რ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ხოლო 1973 წელს დაბადებული ლევან ბ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ირაკლი რ-ს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 14 აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,112 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ლევან ბ-ს საცხოვრებელი ბინის სარდაფის ჩხრეკისას კი ნარკოტიკული საშუალების 7 აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,056 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.

დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ირაკლი რ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით), ხოლო ლევან ბ-ს მიმართ – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით).