საბიუჯეტო ასკინკილა

საბიუჯეტო ასკინკილა

ბიუჯეტის პრობლემები და დაბალი ეკონომიკური აქტივობა თანდათან ისევ აქტუალური ხდება. სპეციალისტების ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტს 2014 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 46 მილიონ ლარამდე დააკლდა. მისი კომპენსირება შემდეგ თვეებში უნდა მოხდეს, მაგრამ ამ დროს ეკონომიკური ზრდის ტემპი იკლებს. 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორი ნინო ევგენიძე ხელისუფლებას ურჩევს ყურადღება მიაქციოს სწორედ გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების შესრულებას, ვინაიდან გადასახადები შემოსულობების სწორედ ის სახეა, რომელიც ყველაზე მეტად ასახავს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს.

კერძოდ, მისი თქმით, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების წლიური გეგმიური მაჩვენებელი 8.5%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამის ფაქტიურ მაჩვენებელს, მაშინ, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2014 წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების განსაზღვრული გეგმა მხოლოდ 4.2%-ით აჭარბებს შარშანდელ მაჩვენებელს, ფაქტობრივად, მობილიზებული სახსრები კი - მხოლოდ 5.5%-ით.

“აღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღების შემდეგ ცხადია, ნათელი იქნება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს 2014 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 46 მილიონ ლარამდე დააკლდა და ამ სახსრების მობილიზება მთავრობას შემდგომ კვარტლებში მოუწევს”, - აცხადებს ცენტრის დირექტორი და დასძენს, რომ ეს საკითხი დროულ აღმოფხვრას მოითხოვს.

მისივე ინფორმაციით, 2014 წლის პირველი კვარტლის გეგმა დანაკლისით შესრულდა გრანტების მუხლითაც - განსაზღვრული 51.8 მილიონი ლარიდან ჩაირიცხა მხოლოდ 3.2 მილიონი ლარი.

საბიუჯეტო პრობლემების ერთ-ერთი მიზეზია ისიც, რომ მთავრობას არა აქვს გრძელვადიანი ეკონომიკური სტრატეგია და ბუნდოვანია საინვესტიციო გარემო.

“2013 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო, შეექმნა და საზოგადოებისა და ბიზნესწრეებისათვის წარედგინა გრძლევადიანი ეკონომიკური განვითარების გეგმა”, - აცხადებს ევგენიძე და დასძენს - აუცილებელია, განისაზღვროს თუ როგორი პოლიტიკა ექნებოდა საქართველოს ახალ ხელისუფლებას საგადასახადო განაკვეთების, სანქციებისა და ჯარიმების, ასევე, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვადასხვა რეგულაციებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელი დებულებების მიმართ.

შეუსრულებელი ბიუჯეტის შესრულებულად გამოცხადებას ცდილობს საქართველოს ხელისუფლება. ისინი საბიუჯეტო პრობლემებს არ აღიარებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე არათუ მიმდინარე ბიუჯეტის პრობლემებს ვერ ხედავს, არამედ შარშანდელი 650-მილიონით გარღვეულ ბიუჯეტსაც კი შესრულებულად მიიჩნევს.

“ბიუჯეტის არცერთი მუხლი არ დარჩენილა, რომელიც არ დაფინანსებულა. პირიქით, ნაშთები 2014 წელსაც კი გადმოვიდა.  საქმე ისაა, რომ ხარჯვით ნაწილში მოხდა ნაკლები თანხის გახარჯვა, რადგანაც ჩვენ შევაჩერეთ გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები სადაც გამოიკვეთა, რომ იყო საშინლად ბინძურად გაკეთებული კორუფციული გარიგებები. არაკეთილსინდისიერად ჩატარებული ტენდერები და კონტრაქტები, რომლებშიც თითქმის ნახევარი თანხა იკარგებოდა და ილექებოდა სხვადასხვა სტრუქტურების თუ პირების ჯიბეებში. ამიტომ ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელი იყო. ვისაც ამის გაგება უნდა და ვინც ბიუჯეტი იცის, ის ამას გაიგებს და ვისაც მარტო პოპულიზმი უნდა, იმისთვის გაუგებარი იქნება”, - აღნიშნა საგანელიძემ “კომერსანტთან” საუბრისას.

ჯერჯერობით დუმს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. პრინციპში მან ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებითან შეასრულა და ახლა მინიტრის მხოლოდ დამუხრუჭებულ ეკონომიკაზე უსვამენ კითხვებს. რამდენადაც მშპ-ს ზრდა, ეკონომიკის აქტივობა და ბიუჯეტი ერთმანეთზე მიბმული საკითხებია, პროცესები ერთიან ჭრილში უნდა იყოს განხილული. 

ხადური დაბალ ეკონომიკურ მაჩვენებელს კაზინოებში და სათამაშო ბიზნესში შემცირებულ ბრუნვებს უკავშირებს.  მინისტრმა სწორედ ამით ახსნა აპრილში 2,7%-იანი ეკონომიკური ზრდა. 

“დარგობრივი ანალიზის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ მე მაინც გეტყვით: ის, რომ არ არის მაღალი ზრდა, გამოწვეულია კაზინოებში და სათამაშო ბიზნესში შემცირებული ბრუნვებით. მე შემიძლია ეს ოფიციალურადაც გამოვაქვეყნოთ, მაგრამ ამაზე დაწვრილებით რამდენიმე დღეში ვისაუბრებთ”, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.