ახალი საწარმოები იხსნება, სამუშაო ადგილები კი მცირდება!

ახალი საწარმოები იხსნება, სამუშაო ადგილები კი მცირდება!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ 1 წელიწადში ათეულობით ახალი საწარმო გაიხსნა, ანუ ახალი სამუშაო ადგილები გაჩნდა და ხალხი დასაქმდა. ამ დროს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გვამცნობს, რომ ბოლო თვეეებში 34 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა. ეს როგორი ლოგიკაა?

„ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ 100 საწარმო 2016 წლის ბოლომდე შეიქმნებოდა“, - განაცახადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას და დასძინა, რომ მთავრობამ უკვე მოახერხა 70-ზე მეტი საწარმოს გახსნა.

„საწარმოები ის თემაა, რომელიც მუსირებს, რომ სად არის დაპირებული 100 საწარმო? 100 საწარმო ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ შეიქმნებოდა 2016 წლის ბოლომდე. ჩვენ წელს უკვე მოვახერხეთ 70-ზე მეტი საწარმოს გახსნა. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ ამ საწარმოებში დაახლოებით 700-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა და 400-ზე მეტი საწარმოს გაფართოება-გადაიარაღება განხორციელდა“, - აღნიშნა პრემიერმა.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ 4 წელიწადში 100 საწარმოს გახსნა ძალიან ცოტაა. ეს იმიტომ, რომ ახალ საწარმოებბში 5-დან 50 კაცამდე (მაქსიმუმ) არის დასაქმებული. ქვეყანაში არსებული ტოტალური უმუშევრობის პირობებში კი არჩევნებიდან არჩევნებამდე, საშუალოდ, 2000-3000 კაცის დასაქმება, ვერაფერი სატრაბახო საქმეა.

გარდა ამისა, ქვეყანაში თუკი 1 წელიწადში 70-მდე საწარმო გაიხსნა, ეს დასაქმების მაჩვენებლსაც მეტ-ნაკლებად უნდა ეტყობოდეს. აქ კი საპირისპირო სურათი გვაქვს. თავი რომ დავანებოთ, მოსახლეობის წუხილს, ოფიციალური სტატისტიკაც კი სავალალო მაჩვენებლებს გვაწვდის.

„საქსტატის“ უახლესი მონაცემებით, 2014 წლის I კვარტალში, საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 495.7 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 40.5 პროცენტი ქალია, ხოლო 59.5 პროცენტი - კაცი.

წინა კვარტალთან შედარებით დასაქმების მაჩვენებლი შემცირებულია, ხოლო გასული წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით გაზრდილი. მაგალითად, შარშან წლის ბოლო კვარტალში ბიზნესში 519 ათასი სამუშაო ადგილი იყო, ხოლო გასული წლის იანვარ-მარტში - 485.7 ათასი. გამოდის, რომ ბოლო თვეებში კერძო სექტორში 34 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა.

ამ წლის იანვარ-მარტში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილიბიზნესი – 62.0 პროცენტი; საშუალო ბიზნესი – 15.2 პროცენტი. მცირე ბიზნესი – 22.8 პროცენტი. აქაც ძველებური სურათია - მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება კვლავ შეფერხებულია, მსხვილები კი ისევ და ისევ უპირატეს მდგომარეობაში არიან.

საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე შეადგინა 1.123 მლრდ ლარი, რომლის განაწილება საწარმოთა ზომის მიხედვით შემდეგია: მსხვილი ბიზნესი – 78.0 პროცენტი; საშუალო ბიზნესი – 10.8 პროცენტი; მცირე ბიზნესი – 11.1 პროცენტი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნეს სექტორში შეადგინა 779.1 ლარი, მათ შორის ქალების - 574.5 ლარი. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 946.3 ლარი, საშუალო ბიზნესი – 550.0 ლარი, მცირე ბიზნესი – 426.7 ლარი.

„საქსტატი“ იმასაც ამტკიცებს, რომ 2013 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, 2012 წელთან შედარებით, 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.6 პროცენტი შეადგინა. ეს იმ დროს ხდება, როცა იგივე უწყების მონაცემებით, შარშან 9000 სამუშაო ადგილი დაიკარგა. საინტერესოა, როგორი იქნება წლევანდელი მონაცემები, როცა პირველ კვარტალში უკვე 34 ათასი დასაქმებული გამოეთხოვა სამუშაოს?

ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემები სპეციალისტთა უნდობლობას იწვევს. ეკონომიკის ექსპერტ ლევან კალანდაძის შეფასებით, საქართველოში უმუშევრობის დონე, დაახლოებით, 50%-ია. „პრაქტიკულად, ყველა სოფლეში მცხოვრები ადამიანი, რომელიც მცირე ზომის საკარმიდამო ნაკვეთს ფლობს, ითვლება დასაქმებულად. აქედან გამომდინარე, ის ოფიციალური მონაცემები, რომელსაც სტატისტიკის სამსახური გვთავაზობს, აპრიორში წუნდებულად შეიძლება ჩაითვალოს“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.