სურვილი და რეალობა - მთავრობა 6%-იან ზრდაზე „გაიქაჩა“

სურვილი და რეალობა - მთავრობა 6%-იან ზრდაზე „გაიქაჩა“

პრემიერის სურვილია, რომ წლეულს ეკონომიკა 6%-ით და უფრო მეტითაც გაიზარდოს. მასვე ეთანხმებიან მთავრობის წევრებიც, არადა დაგეგმილი პარამეტრი 5%-ია. გარდა ამისა, მარტო სურვილი და შემართება საკმარისი არ არის. აპრილში ეკონომიკის ზრდის ტემპი მკვეთრად დამუხრუჭდა, ინვესტიციებიც და საგარეო ფაქტორებიც სასურველი პროცესის საწინააღმდეგოა.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის პროგნოზს ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ეკონომიკის 6,3%-იანი ზრდის ტემპი აბსოლუტურად შესრულებადია. რამდენადაც მთავრობას 5%-იანი წლიური გათვლა ჰქონდა, ახალი და თანაც გაზრდილი მაჩვენებელი ცოტა არ იყოს უცნაურია, მაგრამ მინისტრები ირაკლი ღარიბაშვილს მაინც ეთანხმებიან.

კვირიკაშვილის აზრით, წინასწარ დასახელებული ციფრები მხოლოდ რეგიონული კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში შეიძლება გადაიხედოს, რასაც არ ელოდებიან. „ჩვენი ბიუჯეტი გათვლილია 5%-იან ზრდაზე. ეს არის ის, რაც ჩვენ სავალდებულოდ შესასრულებელი გვაქვს, თუმცა 6,3%-იანი ზრდის შესაძლებლობა პრემიერმა მსოფლიო ბანკის შესაბამისი პროგნოზიდან გამომდინარე არ გამორიცხა.

არის სხვადასხვანაირი პროგნოზები. მოვლენები, ჯერჯერობით, დადებითად ვითარდება და ვნახოთ, თუ არ იქნა სერიოზული უარყოფითი ეფექტი, თუ არ გაღრმავდა კრიზისი, მათ შორის უკრაინაში, მაშინ ეს არის შესრულებადი. დავუშვათ და ძალიან გაღმავდა რეგიონული კრიზისი, რასაც არ ველოდებით, მაშინ შეიძლება გადაიხედოს ციფრები.

საერთოდ, ეკონომიკური ზრდა არ არის კონსტანტა (ანუ მუდმივა), ესაა დაგეგმილი მაჩვენებელი და ნებისმიერი დაგეგმილი მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს, თუმცა 5%-იანი პროგნოზი შესრულდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მინისტრმა ინვესტიციების ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით წინსვლა არაერთ სექტორში შეინიშნება.

„განსაკუთრებითაა გამოცოცხლებული სამშენებლო სექტორი, შენდება უამრავი ახალი სასტუმრო, ტურისტული ობიექტები, არის ბევრი ახალი ინვესტიცია საფინანსო სექტორში, კონკრეტულად შემიძლია გითხრათ, რომ ამ თვეში „თიბისი ბანკი“ გადის ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 300 მილიონამდე ინვესტიცია იქნება მოზიდული. ვაჭრობა არის გამოცოცხლებული ძალიან მნიშვნელოვნად, ასევე გვაქვს ექსპორტის ზრდაც“, - აღნიშნა მინისტრმა.

მთავრობის წევრთა ასეთ პათოსს ბოლო სტატისტიკური მონაცემები მაინცდამაინც ვერ ამყარებს. „საქსტატის“ ინფორმაციით, აპრილში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელმა 2,7% შეადგინა. იანვარში ეკონომიკური ზრდა 8% იყო, თებერვალში - 5.4%, მარტში - 8.3% და აპრილში კი მკვეთრი დამუხრუჭება სახეზეა.

სწორედ ამიტომ ექსპერტებმა განგაშის ზარებს უკვე შემოჰკრეს. მართალია, ჯერჯერობით კრიტიკული ვითარება არ არის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ მიმდინარე მაკროეკონომიკური პროგნოზებიდან გამომდინარე, წელს დაგეგმილი 5%-იანი ეკონომიკის ზრდის მიღწევა გაძნელდება.

ექსპერტ ლევან კალანდაძის შეფასებით, 2014 წელსაც ქვეყნის ეკონომიკაში იგივე პროცესები ვითარდება, რაც 2013 წელს. „მიმდინარე პერიოდს როცა ვაკვირდები, ძალიან ჰგავს 2013 წლის ანალოგიურ პერიოდს. მაშინაც 6%-იანი პროგნოზი იყო, ხელისუფლება ჯიუტად ამტკიცებდა, რომ იგი შესრულდებოდა, მაგრამ საბოლოოდ გაირღვა ბიუჯეტი, მოხდა ლარის დევალვაცია, შესაბამისად, მაკროეკონომიკური პარამეტრები მშპ-ს ზრდის თვალსაზრისით, ვერ შესრულდა. წელსაც მსგავსი ტენდენციაა“, - აცხადებს კალანდაძე და მიიჩნევს, რომ არათუ 6,3%-იანი, არამედ 5%-იანი წლიური შედეგის მიღწევაც გაჭირდება.