როგორია მერობის კანდიდატების რეიტინგი

როგორია მერობის კანდიდატების რეიტინგი

"თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ჯერ კიდევ უცნობია არჩევნებში მონაწილე სუბიექტების რეალური რეიტინგები. სოციოლოგებისა და პოლიტოლოგების მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით არა მარტო არაერთგვაროვანი, არამედ ხშირად დიამეტრულად განსხვავებულია. საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო პროექტის" დამფუძნებლის, ზურაბ ბიგვავას თქმით, რომელიც "ქართული ოცნების" დაკვეთით კოალიციის შიდა მოხმარებისთვის გამოკითხვებს ატარებს-ხოლმე, ბოლო კვლევით "ოცნების" კანდიდატის რეიტინგი 4-ჯერ აღემატება სხვა კანდიდატების მაჩვენებელს. ამბობს, რომ "ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, "ნაციონალურ მოძრაობას" 6% აქვს, თუმცა ეს კვლევა ჩვენ არ გვეკუთვნის". პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით კი, არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" კანდიდატს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს აქვს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით როგორია მერობის კანდიდატების რეიტინგი.

"აღსანიშნავია, რომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (ენდიაი) უკანასკნელი კვლევის თანახმად, რომელიც აპრილში ჩატარდა, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დავით ნარმანია მართლაც შესამჩნევი სხვაობით ლიდერობდა და თითქმის 4-ჯერ მეტი ხმა ჰქონდა, ვიდრე მეორე ადგილზე გასულ ნიკა მელიას. ნარმანიას მერად გამოკითხულთა 39% ისურვებდა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, ნიკა მელიას - 10%, ხოლო ბურჯანაძის ბლოკის კანდიდატს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს - 9%. ამავე დროს, რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია არჩევნებს ვერც ერთ თვითმმართველ ერთეულში ვერ მოიგებსო. განსაკუთრებით კრიტიკულად ის "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ არის განწყობილი, რომლის რეიტინგი, მის მტკიცებით, დღითი დღე მცირდება და არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. მაგრამ მას არაფერი უთქვამს თავად "ოცნების" კანდიდატის რეიტინგზე. სოციოლოგებისა და პოლიტოლოგების მოსაზრებები კი ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია", - აღნიშნავს გამოცემა

"ზურაბ ბიგვავას თქმით, შიდა გამოკითხვებით "ოცნების" კანდიდატის რეიტინგი 4-ჯერ აღემატება სხვა კანდიდატების მონაცემებს, მაგრამ ეს არის შიდა კვლევა და მას არ აქვს უფლება, რომ ეს რეიტინგი გააჟღეროს - უბრალოდ, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას 4 ჯერ მეტი რეიტინგი აქვს ყველა სხვა დანარჩენ კანდიდატებთან შედარებით. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მათ შესახებ ბიგვავა არაფერს ამბობს და ფიქრობს, მეორე ტური არ გაიმართება. პოლიტოლოგი გია ნოდიაც ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატს გამარჯვების რეალური შანსი აქვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ არჩევნების მეორე ტურის გამართვა გახდეს საჭირო. პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით კი, არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი ნინო ბურჯანაძის კანდიდატს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს აქვს. ამბობს, რომ მეცნიერების აბსოლუტური უმრავლესობა ხმას სწორედ დიმიტრი ლორთქიფანიძეს აძლევს", - დასძენს გამოცემა.

"არ ვიცი, რა მონაცემებს ეყრდნობა ღარიბაშვილი, მაგრამ ადამიანი, რომელსაც უფრო მეტი კონტაქტი აქვს მოსახლეობასთან, ვიდრე პრემიერს, დაეჭვდება ასეთ პროგნოზში. "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგზე არ ვკამათობ, მას შეიძლება 5% ან 10% ჰქონდეს, მაგრამ ვფიქრობ, გამარჯვების რეალური შანსი ლორთქიფანიძეს აქვს. მეცნიერების აბსოლუტური უმრავლესობა ხმას მას აძლევს. ჩემთვის მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, სადაურია ესა თუ ის კანდიდატი, მაგრამ თბილისში ძალზე ბევრია ისეთი ხალხი, ვისთვისაც ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბევრი თვლის, რომ დედაქალაქის მერი უნდა იყოს თბილისელი. ყოველ შემთხევაში, თბილისში თუ არ არის დაბადებული, 15-20 წელი მაინც უნდა ცხოვრობდეს, მის ყველა უბანს უნდა იცნობდეს და ყველა უბნის პრობლემა-გასაჭირი იცოდეს. გარდა ამისა, ბევრისთვის მიუღებელია ერთპარტიული მმართველობა. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ არჩევნებიდან ათი დღის შემდეგ ხელს ვაწერთ გაევროპელობის პრეტენზიას, ასოცირების ხელშეკრულებას ვგულისხმობ. მმართველი პარტიის ცხოვრების წესი კი ევროპული არ არის, რაც მათ რეიტინგზეც აისახება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე. 

"როდესაც ქვეყანაში ამხელა პრემიებია გაცემული და ნეპოტიზმი დამკვიდრებული, ევროპული ცხოვრების წესზე ლაპარაკი არ შეიძლება. ნარმანიას საარჩევნო პროგრამას რომ ვკითხულობ, ეს არის კეთილი სურვილების კრებული. რა წესსაც ამკვიდრებს მმართველი პარტია, ეს ანტიევროპულია თავისი ფასეული ღირებულებებით. ადგილობრივი არჩევნები ტესტია იმისა, ვიმსახურებთ ჩვენ მართლა ასოცირების ხელშეკრულებას... მგონი, მეორე ტური გაიმართება, მაგრამ მოსახლეობის დიდ უმრავლესობას გული გაუტყდა ჩვენი ხმების მთავარ დამცველზე, ცესკოს თავმჯდომარეზე. ქალბატონ ჟვანიას სულ რაღაც 8 საათი დასჭირდა, რომ კალაძის ინიციატივასათან დაკავშირებით თავის რადიკალური პოზიცია შეეცვალა. აქედან გამომდინარე, აღარ ვარ დარწმუნებული, რომ გამოიჩენს პრინციპულობას ჩემი ხმის დაცვაში. ასე რომ, იქნება მეორე ტური, თუმცა ისიც არ გამიკვირდება, რომ ამ არჩევნებიდანაც ელექტორატი ისეთივე იმედგაცრუებული დარჩეს, როგორც არაერთხელ მომხდარა. ვერ ვიტყვი წინასწარ, გაყალბდება თუ არა, მაგრამ პრემიერის განცხადებების მიხედვით როგორც გავიგე, ისინი მერის პოსტს არავის დაუთმობენ", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.