ასეულობით სული საქონელი ერთბაშად დაიხოცა

ასეულობით სული საქონელი ერთბაშად დაიხოცა

ბოლო დღეებში საგარეჯოში ჯილეხის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო თეთრიწყაროს რაიონში კი ასეულობით სული საქონელი დაეცა. ვითარება დამაფიქრებელია, რადგან დახოცილია როგორც ცხვარი, ასევე მსხვილფეხა პირუტყვი.

დადასტურებული ინფორმაციით, თეთრიწყარო-წალკის ტერიტორიაზე, ბედენის მთის მიდამოებში, საქონლის გადასარეკ ტრასაზე, წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაცემის მასობრივი ფაქტი დაფიქსირდა. ტრასის პირას ამ დრომდე რადენიმე ასეული მკვდარი ცხვარი და რამდენიმე ათეული ძროხაა. როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა ჩოქური აცხადებს, აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს ვეტერინარიის სამსახური და დაცემული საქონლიდან სინჯები აიღეს.

„ლაბორატორიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ცხვრისა და ძროხების სიკვდილის მიზეზი არც ერთი ინფექციური დაავადება არ არის, უბრალოდ ბოლო რამდენიმე დღეა ბედენის მთის ტერიტორიაზე ტემპერატურა ძალიან დაეცა, გამოზამთრებულმა საქონელმა კი სიცივეს ვერ გაუძლო და გადარეკვის პროცესში იხოცებოდა. მეცხვარეები კი მათ პირდაპირ ტრასაზე ტოვებდნენ. მოვახდინეთ სახანძრო და სამაშველო სამსახურების მობილიზება, ვაკეთებთ ორმოებს და დახოცილ საქონელს ვმარხავთ, რომ მათი გახრწნის პროცესში რაიმე სახის დაავადების გავრცელება ავირიდოთ თავიდან“, - განაცხადა მამუკა ჩოქურმა.

თეთრიწყაროს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დალაქიშვილი კი ცოტა სხვაგვარად ფიქორბს. მისი აზრით, შესაძლებელია ამის მიზეზი ჯილეხის დაავადება გახდა.

„შეიძლება იყოს ჯილეხის სიმპტომი ან თურქული. საქონლის დაცემა ხდება გზადაგზა. ყოველწლიურად ტარდება საქონლის აცრები პროფილაქტიკის მიზნით, მაგრამ, როგორც ჩანს, არ მოხდა ამ საქონლის აცრა.

დახოცილია ცხვარი და მსხვილფეხა საქონელი. ძირითადად საქონელი მოდის კახეთის მხრიდან და გადადის ბედენის ტერიტორიაზე, სადაც საქონლის გამოზაფხულება ხდება. წელს სოფელ წინწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ცხვარი დაეცა, მაგრამ ამ რაოდენობით არა“, - განაცხადა დალაქიშვილმა.

სხვათა შორის, ციმბირის წყლულის შემთხვევა სწორედ კახეთში, კერძოდ კი საგარეჯოს რაიონში რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა. პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების მიზნით კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულ სამმართველოსაც მიმართა. ჯილეხისგან საქონლის დაცემის ფაქტი საგარეჯოს რაიონში რამდენჯერმე აღინიშნა.

ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ადამიანისა და ცხოველის საერთო, გადამდები დაავადებების - ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით, ჯილეხის საწინააღმდეგო აცრა, 674 783 სულ ცხოველს ჩაუტარდება, 1,528,432 სული პირუტქყვი კი თურქულზე აიცრება.

რაც შეეხება თეთრიწყარო-წალკის ტერიტორიაზე პირუტყვის მასობრივი დაცემის ფაქტს, სურსათის სააგენტოში რაიმე ინფექციურ დაავადებას არ უკავშირებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ განუცხადა, სააგენტოს წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე და დაცემულ ცხოველებს ლაბორატორიული სინჯები აუღეს.

„ავიღეთ შვიდი სინჯი სხვადასხვა ადგილებიდან, რათა გამოგვერიცხა ყოველგვარი ინფექციური დაავადება. ლაბორატორიიდან უკვე მივიღეთ პასუხი, რომ შვიდივე სინჯი არის უარყოფითი. ასე რომ, ჩვენ უკვე გამოვრიცხეთ ინფექციური დაავადება. ცხოველები სუსტი და გზაზე გადაღლილები იყვნენ. დაემთხვა ქარიშხალი და სეტყვა. უმეტესად მოზარდი ცხვარი და გამხდარი სუსტი ცხოველები დაიღუპნენ. როგორც გვითხრეს, სავარაუდოდ, იქ ერთი ადამიანიც არის დაღუპული“, - აღნიშნა დემნა ხელაიამ.