ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების სურვილი რეზოლუციით გაამყარა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების სურვილი რეზოლუციით გაამყარა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ვილნიუსში მიიღო რეზოლუცია ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელშიც ჩაიწერა, რომ სექტემბერში, უელსის სამიტზე საქართველოს MAP უნდა მიენიჭოს. უმრავლესობის წევრის თედო ჯაფარიძის კითხვაზე პასუხისას, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ფრთხილად, მაგრამ აშკარად მიანიშნა, რომ ის პირადად მხარს უჭერს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას. ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან ირაკლი სესიაშვილი, თედო ჯაფარიძე, ლევან ბერძენიშვილი და გიორგი ბარამიძე.

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი იმედოვნებს, რომ ალიანსის გაძლიერების საკითხი უელსის სამიტზე იქნება მიღებული. ამის შესახებ მან ვილნიუსში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ნატო აუცილებლად უნდა იყოს მზად რუსეთის თანამედროვე ძალების ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში მზად იქნება მოქმედებისთვის. 

„ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალში, ჩვენთვის აუცილებელი იქნება ნატოს უფრო მეტად ყოფნა ალიანსის მთელ ტერიტორიაზე. ვიმედოვნებ, რომ სამიტზე შევძლებთ მზადყოფნის გეგმის მიღებას, ჩვენი მზადყოფნისა და რეაგირების გაზრდას“, - აღნიშნა რასმუსენმა.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მიიჩნევს, რომ საქართველოს უელსის სამიტზე მაპი უნდა მიენიჭოს. 
„დღეს ნატოს საპარალამენტო ასამბლეაზე კენჭი ეყარა ნატოს გაფართოების დეკლარაციას, რომელიც ასამბლეის უმრავლესობის მხარდაჭერით დამტკიცდა. დეკლარაცია ალიანსის გაფართოებას და ასპირანტი ქვეყნების პერსპექტივებს შეეხება. დეკლარაციის მე-8 პუნქტში აღინიშნა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად -  საქართველო გახდეს ნატოს წევრი, საქართველოს ნატოსთან დაახლოებისთვის უელსის სამიტზე მიენიჭოს მაპი“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. მიხეილ დარჩიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში პროგრესის აღიარება კიდევ ერთხელ მოხდა.

„ამით კიდევ ერთხელ მოხდა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის აღიარება. პარლამენტარების მიერ მიღებული რეზოლუაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ნატოელი პარლამენტარების მხრიდან ეს ნათელი აღიარებაა იმისა, რომ საქართველო განუხრელად ადგას ნატო-ში გაწევრიანების კურსს“, - განაცხადა მიხეილ დარჩიაშვილმა.

გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თუმცა აქვე აცხადებს, რომ არ შეიძლება ერთგვარად გადაწყვეტილ საქმედ შეფასდეს, რომ ნატო უელსის სამიტზე გადაწყვეტს საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მინიჭებას.

„ნატოს სამიტის წინ ამ მაღალი დონის ფორუმზე ადეკვატურად იქნა ასახული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ყველა მიმართულებით, რომელსაც ჩვენგან ითხოვს ნატო, ეს არის ის დემოკრატიული რეფორმები, რომლის გატარებაც იყო ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი. გარდა ამისა საქართველო არის გლობალური უსაფრთხოების სისტემაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს საპარლამენტო ანსაბლეამ ეს თავის რეზოლუციაში შესაბამისად ასახა.

მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ნატოს სამიტის გადაწყვეტილებაზე. ბუნებრივია, დღევანდელი გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილი ვართ, მაგრამ ეს არ შეიძლება შეფასდეს ერთგვარად გადაწყვეტილ საქმედ, რომ ნატო გადაწყვეტს საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მინიჭებას, მაგრამ დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა იქნას შეფასებული.

ამჯერად საქმე უკვე დამოკიდებულია ნატოს წევრ ქვეყნებზე, რომლებიც, იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ადეკვატურად ასახავენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ორი მიმართულებით - დემოკრატიული რეფორმები და საქართველოს წვლილი ევროპული უსაფრთხოების სისტემაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზალკანიანი.

ექსპერტი კახა გოგოლაშვილი ამაბობს, რომ ნატოს საპარლამენტო რეზოლუციაში ასეთი ტექსტის ჩაწერა მნიშვნელოვანია, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ წევრმა სახელმწიფოებმა.

„ნუ დაგვავიწყდება, რომ ვეტოს უფლება აქვს ნებისმიერ წევრ ქვეყანას. ამიტომ, ნატოს ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა არ უნდა იყოს მარტივი მისაღწევი. საჭიროა, ბევრი მუშაობა და დამატებითი გარანტიები უელსის სამიტამდე. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის, ეს არის პრაქტიკულად გარანტირებული წევრობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

ქვეყანა რომელსაც გააჩნია წევრობის სამოქმედო გეგმა, სხვანაირი იქნება მის მიმართ დამოკიდებულება, რადგან ჩვენ ვხდებით ქვეყანა, რომელიც ნელ-ნელა შედის ნატოს ქოლგის ქვეშ. ეს აშკარად ახალი ეტაპი იქნება ჩვენს განვითარებაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას კახა გოგოლაშვილმა.