საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლიციელის დღეს დაესწრო (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლიციელის დღეს დაესწრო (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე პოლიციელის პროფესიულ დღეს დაესწრნენ. მათთან ერთად ბათუმში საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვიც იმყოფებოდა.  ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და აზერბაიჯანულმა დელეგაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოფენო სივრცე დაათვალიერეს, სადაც შსს-ს დანაყოფებმა თავიანთი ავტოპარკი, ტექნიკა, იარაღები და აღჭურვილობა წარმოადგინეს.

დღესვე, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც იმყოფებოდნენ. ორმხრივი შეხვედრის დროს, მხარეებმა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და რეგიონში არსებული სიტუაცია განიხილეს. მხარეებმა სურვილი გამოთქვეს მჭიდროდ ითანამშრომლონ სამხედრო სფეროშიც. აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინიტროს დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი  დაასრულა.