კრემლში ახალ ეკონომიკურ შეტევებს ამზადებენ

კრემლში ახალ ეკონომიკურ შეტევებს ამზადებენ

რუსეთი მოლდოვადან შეტანილ საქონელზე, სავარაუდოდ, იმპორტის გადასახადს გაზრდის. კრემლი ყველგან სხვადასხვა მეთოდებით იბრძვის - უკრაინაში პირდაპირ სამხედრო ოპერაციას აწარმოებს, მოლდოვას ეკონომიკურ წნეხში აქცევს, საქარველოში სეპარატისტების წაქეზებით არის დაკავებული.

თუკი მოლდოვა ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს, კიშინიოვს პრობლემები არ ასცდება. რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ალექსეი ლიხაჩოვის განცხადებით, თუკი მეზობელი ქვეყნიდან ევროპული საქონლის კონტრაბანდული ნაკადის ზრდა დაფიქსირდება, მოლდოვური პროდუქციის მიმართ კონტროლი გამკაცრდება და შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

მოლდოვა, ისევე როგორც საქართველო, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერას 2014 წლის 27 ივნისს, ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების სამიტზე გეგმავს.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური ნაწილისთვის ჯერ ხელი არ მოუწერია უკრაინას. გასული წლის შემოდგომაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებდა, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა შეუთავსებელია საშეღავათო რეჟიმის გაგრძელებასთან, რომელიც დსთ–თან თავისუფალი ვაჭრობის ზონის ფარგლებში მოქმედებს.

ბოლო ინფორმაციით, უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო ევროკავშირისგან „ცოტაოდენ დროს“ ითხოვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ძირითად ნაწილზე ხელმოსაწერად. ამერიკული გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ აღნიშნულ ინფორმაციას ევროკავშირის წამყვან ლიდერებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებსაც საუბარი ჰქონდათ უკრაინის მომავალ პრეზიდენტთან.

ევროპელმა ჩინოვნიკებს პოროშენკოს გამონათქვამებში საეჭვო არაფერი დაუნახავთ და იმედოვნებენ, რომ ის ამ ხელშეკრულებაზე ხელს უახლოეს ორ თვეში მოაწერს.

პოროშენკოს პრესმდივნის განცხადებით, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ვადებს პრეზიდენტი მომავალ კვირას განიხილავს, პოლონეთში ვიზიტისას, რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს ლიდერთან ერთად.

საქართველო კი ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელს 27 ივნისს აწერს. რუსეთში უკვე კითხულობენ როგორ აისახება ეს ნაბიჯი რუსულ–ქართულ ურთიერთობებზე? რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ფიქრობს, რომ „მოსკოვში მშვიდად უყურებენ ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერას. ჩვენ გვეუბნებიან, რომ არავითარ ზეწოლას არ უნდა ველოდოთ. ჩვენ ამის იმედი გვაქვს“.

თუმცა ყველასათვის ცხადია, რომ ეს არავითარი გარანტიის მომცემი არ არის. კრემლში როდის და რას გადაწყვეტენ, არავინ იცის.

ასეთი დაძაბული ვითარების ფონზე, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება გადადო. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატ პეტრე პოროშენკოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ როგორც იქნა გამოჩნდა უკრაინაში ვითარების დეესკალაციის შესაძლებლობა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერების საბოლოო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მზად არის გადადგას შემდგომი ნაბიჯები, თუ ამას შექმნილი მდგომარეობა მოითხოვს.

„არავის გადაუწყვეტია ახალი სანქციების პირდაპირ ახლა დაწესება, მაგრამ ჩვენ ერთხმად უნდა განვაცხადოთ, რომ ევროპა მზად არის ახალი სანქციების დასაწესებლად, თუ რუსეთი უარს არ იტყვის სეპარატისტების მხარდამჭერ პოლიტიკაზე“, - აცხადებს ამერიკულ გამოცემასთან საუბრისას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.