„არ ვთვლი, რომ ისინი ჩემი კონკურენტები არიან“

„არ ვთვლი, რომ ისინი ჩემი კონკურენტები არიან“

„მე მაქვს ჩემი ადგილი, მაქვს ყველასგან განსხვავებული პროგრამა და ყველასგან გამორჩეული და განსხვავებული წარსული“, - აცხადებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ირმა ინაშვილი. პარტიის 5-პუნქტიანი პროგრამა ძირითადად აგებულია სოციალაურ პრობლემატიკაზე და როგორც თავად ამბობს, პროგრამა ისახავს ამ პრობლემების გადაჭრის მთავარ გზებს.

For.ge ირმა ინაშვილს ესაუბრა

არჩვენები ახლოვდება, კანდიდატებს, ალბათ, თქვენი შიდა კვლევები გაქვთ. როგორ გგონიათ გამარჯვების რა შანსები გაქვთ?

- კანდიდატი რომელიც ფიქრობს, რომ შანსი არ აქვს, ან დაბალი შანსი აქვს, საერთოდ არა უნდა მონაწილეობდეს ამ პროცესში. მე ვარ რეალისტი, არ ვაზვიადებ არც ჩემს შესაძლებლობებს და არც საზოგადოებაში არსებულ განწყობებს. ძალიან შესამჩნევი არის პოზიტიური განწყობების ზრდა ჩემთან მიმართებაში და ეს მხოლოდ მახარებს და მაიმედებს. როგორი იქნება შედეგი, ამას არჩევნებზე ვნახავთ.

როგორც წესი, ყველა არჩევნები დატვირთულია დაპირებებით, თქვენს შემთხვევაში როგორ არის საქმე, რატომ უნდა მოგცეთ თქვენ მოსახლეობამ ხმა? რას პირდებით ამომრჩეველს ისეთს განსხვავებულს, რასაც არ პირდებიან თქვენი კონკურენტები?

- მთავარი არის ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება. ამის მერეა შადრევანიც, შენობაც და შენობის ფასადიც. ჩვენ არ ვამბობ, რომ არ უნდა კეთილმოეწყოს გზები და არ უნდა იყოს შადრევნები, მაგრამ როცა გაეროს მონაცემებით ყოველწლიურად შიმშილისაგან 350 ბავშვი გიკვდება, ჯერ ამ ბავშვების გადარჩენაზე უნდა იზრუნო და მერე შადრევნების აგებაზე. იმ შადრევანთან ვიღაცა უნდა მივიდეს და გაგრილდეს.

ამიტომ, ჩვენი 5 პუნქტიანი პროგრამა ძირითადად აგებულია უმთავრეს სოციალაურ პრობლემატიკაზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზებს ისახავს მიზნად. პირველი ეს არის მინიციპალური ბინათმშენებლობის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს თბილისში 2 ათასი ოჯახის ბინით უზრუნველყოფას. 20 წლიან უპროცენტო განვადებით ყოველგვარი პირველადი შენატანის გარეშე, ადამიანებს  შეუძლიათ ჩაერთონ ამ პროექტში.

ამასთან, ჩვენ ვამბობთ, რომ 200 ყველაზე გაჭირვებულ ადამიანს, რომელიც ქუჩაში ათენებს ღამეს და ასეთები მრავალად არიან თბილისში და სხვა ქალაქებში, ვაჩუქებთ საცხოვრებელ სახლს. ყველა ქალაქში, სადაც ჩვენ ვმონაწილეობთ და ვფიქრობთ, რომ გავიმარჯვებთ, აუცილებლად გავხსით მუნიციპალურ სამედიცინო დაწესებულებებს, რომელიც უფასოდ მოემსახურება სოციალურად დაუცველებს. ძალიან კარგია საყოველთაო დაზღვევა, მაგრამ ამ დაზღვევის იქით უამრავი გადასახადი ჩნდება, რომლის გადახდის საშუალება ადამიანებს არ აქვთ.

ძალიან საინტერესოა განათლების პროგრამა. 14-დან 51 წლის ჩათვლით უფასოდ შევასწავლით ადამიანებს კომპიუტერულ პროგრამირებას და ამ პროგრამების რეალიზაციას, რომ მიიღოს შემოსავალი. ასევე, ჩვენ გვაქვს სოციალაური პაკეტი, ის ითვალისწინებს ადამიანისთვის მინიმალური საზრდოს მიცემას, რასაც უფასო სასადილოს ვუწოდებთ, მაგრამ აქ იქნება ვიტამინიზირებული საკვები, რომ ადამიანი ქუჩაში არ წაიქცეს. ასევე ვამბობთ, რომ თბილისში და სხვა ქალაქებში ყველა მიმართულებით, საათში ერთხელ, იმოძრავებს ერთი მწვანე ავტობუსი, რომელიც უფასოდ მოემსახურება ადამიანებს. მესამე პუნქტი ჩვენი პროექტისა არის სამოსი. ძალიან ბევრი ადამიანი „ობიექტივში“ მოდიოდა და სამოსს ითხოვდა, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მერიის დაქვემდებარებაში ამოქმედდეს რამდენიმე სამკერვალო. ეს ადამიანების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

საარჩევნო პროგრამა ძირითადად აგებულია სოციალაურ პრობლემატიკაზე, მაგრამ თუ გაქვთ გათვლილი რა დაუჯდება ამ პროგრამის განხორციელება თბილისის ბიუჯეტს?

- ჩვენ გადავწყვიტეთ ის დავპირდეთ თბილისელებს და საქართველოს მოსახლეობას, რისი შესრულების პრესპექტივაც რეალურად არის. ჩვენ ვამბობთ, რომ ჯერ გადასარჩენია ადამიანები, რადგან ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან. ყველა ის პროექტი, რომელზეც მე თქვენ გესაუბრეთ, ეტევა ბიუჯეტის 30 პროცენტში, დარჩენილი 70 პროცენტი, უკვე მოხმარდება სხვა დანარჩენ პროექტებს.

რაც შეეხება საარჩვენო გარემოს, რამდენად ჯანსაღია და თავისუფალია დღეს საარჩევნო გარემო თქვენთვის?

- ყველაზე დიდი ზოწოლის ქვეშ ჩვენ ვართ, ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ. მე პირდაპირ ვამბობ, რომ ეს სისტემა ძალიან შორს დგას საარჩევნო დემოკრატიისგან და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საარჩევნო ავტოკრატია. ეს არის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების ჩაგვრა, იმიტომ, რომ მათ არა აქვთ საარჩევნო ეთერის უფლება, რადგან ბოლო წუთში მიანიჭეს საარჩევნო ნომერი. არის საშინელი წნეხი.

თავისუფალი საარჩევნო გარემო თქვენს შემთხვევაში დარღვეულია?

- როგორ შეიძლება იყოს თავისუფალი საარჩევნო გარემო, როდესაც სხვა კონკურენტები უწყვეტად არიან ეთერში და ტრიალებს მათი რეკლამა, ხოლო ამ დროს, შენ გეუბნებიან, რომ არ ხარ კვალიფიციური და არა გაქვს უფასო საეთერო დრო. მე კი ვამბობ, რომ სწორედ ახალ პარტიებს, ახალ სახეებს და პოლიტიკურ ლიდერებს უნდა მისცეს სახელმწიფომ უფასო საეთერო დროც და ფინანსური დახმარება. ასე თუ გაგრძელდა, ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ფენა და კლასი არასოდეს არ ჩამოყალიბდება და ჩვენ მუდმივად გვეყოლებიან პოლიტიკოსები, რომლებიც 30 წელია ტივტივებენ პოლიტიკაში.

ქართულ პოლიტიკაში ახალი სისხლი არ შედის, არ შედის იმიტომ, რომ ეს არის თვითმკვლელობის გზა, რა გზასაც ახლა მე გავდივარ. მაგრამ მე და ჩემს გუნდს ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ამ თვითმკლელობის გზას დავანგრევთ და ვაქცევთ სიცოცხლის გზად. იმიტომ, რომ ასე არ შეიძლება. ქვეყანა, რომელიც ლაპარაკობს ევროპულ ღირებულებებზე, ასოცირების ხელშეკრულებაზე, არ შეიძლება მას ასეთი საარჩევნო სისტემა ჰქონდეს.

რაც შეეხება საარჩევნო სიებს, როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, სიაში აღმოჩენილი იქნა დარღვევები, თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია რა მდომარეობაა ამ მხრივ?

- რაც შეეხება სიებს, ქალბატონი წულუკიანი და ეს ბატონები ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, მახსოვს ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანაში ამომრჩევლის რაოდენობა 2 მილიონ 700 ათასზე მეტი არ არისო. დღეს რატომღაც აღმოჩნდა, რომ კვლავ 3 მილიონ 500 ათასზე მეტი ამომრჩეველია, მაშინ ამ კაციტაძეს რაღას ერჩოდნენ, რატომ არის დღეს დადუმებული „ქართული ოცნების“ არაერთი ლიდერი, რომელიც არჩევნებამდე ამტკიცებდა, რომ 2 მილიონ 700 ათასზე მეტი ამომრჩეველი არ არისო? დღეს, როცა ისინი ხელისუფლებაში არიან, უკვე ამის აღიარება აღარ უნდათ? საერთოდ, სახელმწიფომ ბოლოს და ბოლოს, უნდა აღრიცხოს რამდენი ამომრჩეველი ჰყავს. ამ არჩევნებშიც რჩება არჩევნების მანიპულაციის ხვრელები, რაც დიდ მინუსს უწერს ამ ხელისუფლებას.

საზოგადოებას ახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თქვენ ქართულ პოლიტიკაში მესამე პოლიტიკურ ძალად მოგიაზრათ, მეტიც მან თქვა, რომ მისი სურვილია ქვეყანაში გაჩნდეს მესამე პოლიტიკური ძალა და თქვა, რომ ამ საკითხზე ის თქვენ გესაუბრათ, მოგიწოდათ მეტი გააქტიურებისკენ. თავისთავად ჩნდება კითხვა, არის თუ არასაქართველოს პატრიოტთა ალიანსიამ არჩევნებში წარმოდგენილი როგორცქართული ოცნებისროგორც სატელიტი პარტია?

- არავისი სატელიტი ჩვენ არ ვართ. როცა ხელისუფლება არის გასაკრიტიკებელი, ჩვენ ვაკრიტიკებთ, მაგრამ ამ გუნდში არ არიან ისეთი ადამიანები, რომ ხელისუფლების კეთილ და პოზიტიურ საქმეებზე კრიტიკა დაიწყონ და არ აღნიშნონ, რომ ხელისუფლებამ ასევე კარგი გააკეთა. მაგრამ, ამის მიუხედავად მე ვამბობ, რომ „ქართული ოცნების“ უმთავრესი დაპირებები არ შესრულდა და ეს არის იმის მიზეზი, რომ დღეს მე წარმოვადგენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, ვუპირისპირდები „ქართულ ოცნებასაც“ და სხვა დანარჩენ მის კონკურეტებსაც.

ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ეს გზა არის ყველა ის დაპირება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით 2012 წლის ოქტომბრამდე. ეს არის სამართლიანობის აღდგენა, დემოკრატიული საარჩევნო გარემო, თავისუფალი მედია. რომელი მედიაა დღეს თავისუფალი, ჩვენი პარტიის არც ერთი ლიდერი არ გამოსულა და არ უსაუბრია არც ერთ ტელეეთერში იმის გამო, რომ ჩვენ არ ვართ კვალიფიციური პარტია.

ვის თვლით კონკურენტად ამ არჩევნებში?

- არ ვთვლი, რომ ისინი ჩემი კონკურენტები არიან. მე მაქვს ჩემი ადგილი, მე მაქვს ყველასგან განსხვავებული პროგრამა და ყველასგან გამორჩეული და განსხვავებული წარსული. მე ვთვლი, რომ მე მაქვს ჩემი გზა და არვისთან არაფერი საპოლემიკო არ მაქვს, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, რომელსაც ვერასოდეს ვერ შევეგუები, როგორც პოლიტიკურ კლასს ქვეყანაში. როდესაც ნიკა მელია „ობიექტივში“ სტუმრად იყო, პირადი საუბრისას მას ვურჩიე, რომ დატოვოს ეს „ნაციონალური მოძრაობა“.

გამარჯვების რა შანსები გაქვთ?

- გამარჯვების დიდი იმედი მაქვს და ამას ადასტურებს არაერთი კვლევა, მაგრამ არ მინდა გამოვჩნდე არაადეკვატური ადამიანი, მინდა, უბრალოდ, დაველოდო მოვლენების განვითარებას და გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს არჩევნები აშკარად შორს დგას დემოკრატიული საარჩევნო გარემოს და პირობებისგან. რა თქმა უნდა, ადგილი ექნება ამ პროცენტული მაჩვენებლის ცვლილებასაც, მაგრამ 15 ივნისს უნდა დაველოდოთ, რეალურად რა ხმებს მივიღებთ და ვიზუალურად რა შედეგი დადგება.