ქართულ პროდუქციას მაღალ საბაჟო გადასახადს დაუწესებენ?!

ქართულ პროდუქციას მაღალ საბაჟო გადასახადს დაუწესებენ?!

ევრაზიული ეკონომიკური კავშირი მთელი ძალით 2015 წლიდან ამოქმედდება და საქართველოსთვისაც ბევრი რამ შეიცვლება. პირველ რიგში კი, ეს შეიძლება შეეხოს საბაჟო ტარიფებს, ანუ რუსეთში, ბელორუსსა და ყაზახეთში შესატანი ქართული პროდუქცია უფრო მაღალი საბაჟო განაკვეთებით დაიბეგროს.

დასახელებულმა სამმა ქვეყანამ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნას ხელი გუშინ მოაწერა. შეთანხმება სამი ქვეყნის ლიდერებმა - ვლადიმერ პუტინმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ და ნურსულთან ნაზარბაევმა ასტანაში გააფორმეს. ახალი შეთანხმების თანახმად, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მონაწილე ქვეყნები საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და სამუშაო ძალის თავისუფლად გადაადგილების გარანტიებს იღებენ.

ამასთან, კავშირის მონაწილე ქვეყნები ურთიერთშეთანხმებულ პოლიტიკას გაატრებენ ენერგეტიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სფეროებში. გადაწყვეტილება 2015 წლის 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში.

რა პირდაპირი თუ ირიბი გავლენის მოხდენა შეუძლია ამ შეთანხმებას საქართველოზე, მათ შორის, რუსულ ბაზარზე მიბმულ ქართული პროდუქციაზე? როგორც ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი განმარტავს, შესაძლოა, გადაიხედოს ის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, რომლებიც საქართველოს იმავე რუსეთთან თუ სომხეთთან აქვს. მაგალითად, ქართული პროდუქცია უფრო მაღალი საბაჟო განაკვეთებით დაიბეგროს. აქ საუბარი არ არის აკრძალვაზე.

აბაშიშვილის მოსაზრებით, ევრაზიული ეკონომიკური კავშირი აბსოლუტურად უპერსპექტივოა, რაზეც სხვადასხვა ტიპის კვლევებიც მოწმობს. მათ შორისაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კვლევაც, რომელიც ადასტურებს, რომ ამ კავშირის შეთანხმების გაფორმებისას დასახული გეგმის განხორციელება მის წევრ ქვეყნებში მშპ-ის კლებას უფრო გამოიწვევს, ვიდრე მატებას.

„რომელი ქვეყანაც საბაჟო კავშირში გაწევრიანდება, დამოუკიდებელი სავაჭრო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას კარგავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას მუდმივად პრობლემები ექნება. არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შეეხება: ქვეყნებს, რომლებიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში არიან გაწევრიანებულნი და ამავე დროს საბაჟო კავშირის წევრები არიან, ძალიან სერიოზული კომპენსაციის გადახდა მოუწევთ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის იმ წევრი ქვეყნებისთვის, რომლებსაც საბაჟო კავშირის ტარიფები დააზარალებს.

ეს ნეგატიური შედეგები ძალიან მალე გამოჩნდება. თუმცა არ მგონია, რომ ამან საქართველოზე რაიმე განსაკუთრებული გავლენა მოახდინოს და მასთან ვაჭრობა აიკრძალოს. უბრალოდ, სავარაუდოა, რომ ტარიფები გადაიხედება. თუმცა ამ თვალსაზრისით, რაიმე განსაკუთრებული არ ხდება“, - განუცხადა სააგენტო „მედიანიუსს“ გიორგი აბაშიშვილმა.

სხვათა შორის, ქართველი მეწარმეები უკვე გრძნობენ რუსეთში მიმდინარე ცვლილებებს და ძალიან ფრთხილად ეკიდებიან ამ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობას. მაგალითად, მეღვინეების ნაწილი რუსეთში ექსპორტის შემცირებაზე ფიქრობს. ასეთი სტრატეგიის მიზეზად ღვინის კომპანიები რუსეთში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლო რისკებს ასახელებენ და აცხადებენ, რომ არ სურთ დიდწილად ერთ ბაზარზე იყვნენ დამოკიდებულნი.

როგორც „თბილღვინოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზურაბ მარგველაშვილმა განაცხადა, კომპანია რუსეთში პროდუქციის 25%-ს ყიდის და მაღალი პოლიტიკური რისკებიდან გამომდინარე, ამ მოცულობის გაზრდას არ გეგმავს.

მომავალი წლიდან რუსულ ბაზარზე პროდუქციის ექსპორტს შეამცირებს გერმანულ-ქართული ღვინის კომპანია „შუხმან ვაინიც“.