სტატისტიკა ძველ კალაპოტში: რის ხარჯზე მცირდება უმუშევრობა

სტატისტიკა ძველ კალაპოტში: რის ხარჯზე მცირდება უმუშევრობა

სტატისტიკის თანახმად, 2013 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, 2012 წელთან შედარებით, 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.6 პროცენტი შეადგინა. ეს იმ დროს ხდება, როცა იგივე უწყების მონაცემებით, შარშან 9000 სამუშაო ადგილი დაიკარგა. ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემები სპეციალისტთა უნდობლობას იწვევს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 66.2 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა 1.2 პროცენტით, ხოლო აქტიურობის დონე 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

უმუშევრობის და აქტიურობის დონის შემცირებასთან ერთად, დაფიქსირდა დასაქმების დონის უმნიშვნელო (0.2 პროცენტული პუნქტით) შემცირება. წინა წელთან შედარებით, აქტიურობისა და დასაქმების დონეების შემცირება განაპირობა ქალაქის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებლების კლებამ. რაც შეეხება სოფლის ტიპის დასახლებებს, მოსახლეობის აქტიურობის დონე უცვლელი დარჩა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ უმუშევრობის დონის ზრდა მხოლოდ აჭარაში დაფიქსირდა (1.7 პროცენტული პუნქტი).

2013 წელს 2012 წელთან შედარებით ქალებში უმუშევრობის დონე შემცირდა 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში პირიქით 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად, 12.3 და 16.5 პროცენტი შეადგინა. ტრადიციულად კაცებში უმუშევრობის დონე მაღალია ქალებთან შედარებით.

„დასაქმებულთა მაჩვენებელში შედის, როგორ დაქირავებით დასაქმებულთა, ასევე თვითდასაქმებულთა რაოდენობა. ეს მეთოდოლოგია „საქსტატის“ მოგონილი არ არის. ჩვენ ვიყენებთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიას. იგი გაეროს ქვეორგანიზაციაა და შესაბამისად, განვითარებული ქვეყნების უდიდესი ნაწილი იყენებს ამ მეთოდოლოგიას“, - აცხადებს „საქსტატის“ სოციალური სტატისტიკის სამმართველოს უფროსი გიორგი კალიკაშვილი.

ექსპერტთა ნაწილი და ოპოზიცია კი სტატისტიკურ მონაცემებს უნდობლობას უცხადებენ. ისინი უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგიას აკრიტიკებენ.

ეკონომიკის ექსპერტ ლევან კალანდაძის შეფასებით, საქართველოში უმუშევრობის დონე, დაახლოებით, 50%-ია. „პრაქტიკულად, ყველა სოფლეში მცხოვრები ადამიანი, რომელიც მცირე ზომის საკარმიდამო ნაკვეთს ფლობს, ითვლება დასაქმებულად. აქედან გამომდინარე, ის ოფიციალური მონაცემები, რომელსაც სტატისტიკის სამსახური გვთავაზობს, აპრიორში წუნდებულად შეიძლება ჩაითვალოს“, - აცხადებს კალანდაძე.

მონაცემებს არ ენდობა საპარლამენტო ოპოზიციაც. ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ უმუშევრობა არ შემცირებულა. მისი თქმით, თუ გადავხედავთ საშემოსავლო გადასახადის სტატისტიკას, აშკარაა, რომ კერძო სექტორიდან ამ ტიპის გადასახადის მაჩვენებელი არ იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა გაჩერებულია და თავისთავად უმუშევრობის მაჩვენებლი ვერაფრით შემცირდება.

„საქსტატი“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებსაც ავრცელებს. იმ ქვეყნებს შორის, სადაც საქართველოზე მაღალი უმუშევრობაა, სომხეთი, პორტუგალია, ხორვატია, ესპანეთი და საბერძნეთი მოხვდნენ.