შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს ასპინძის რაიონის ტოლოშის თემის და სოფელ აწყვიტას ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი ვალიკო ივანიძე.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვალიკო ივანიძემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას მოქალაქეებს დაუმზადა და გადასცა ყალბი ცნობა, რომელშიც მითითებული იყო არარეალური მონაცემები ხე-ტყის მასალის მოპოვებასთან დაკავშირებით, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 600 ლარი.

სამართალდამცველებმა თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).